ესთეტიკური გინეკოლოგია

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

♦ თუ გსურთ ესთეტიკური გინეკოლოგიის  შესახებ წიგნების გამოწერა, დააკლიკეთ აქ >>

–  რა არის ესთეტიკური გინეკოლოგია?    

ესთეტიკური გინეკოლოგია მედიცინის ერთ-ერთი პოპულარული სფეროა. მისი საშუალებით შესაძლებელია გადაიჭრას ქალის სხვადასხვა პრობლემები ქირურგიული თუ არაქირურგიული გზით.

– კონკრეტულად რა სახის პრობლემების დაძლევაში გვეხმარება ესთეტიკური გინეკოლოგია?

ესთეტიკური გინეკოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ისეთი პრობლემების მოგვარება როგორიცაა:

  • ვულვის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციების კორექცია.
  • ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ განვითარებული ცვლილებების კორექცია.
  • სქესობრივი თუ ასაკობრივი პრობლემების მოგვარება. მაგალითად შეიძლება მგრძნობელობის შეცვლა სქესობრივი კონტაქტისას საშოს შევიწროვების ხარჯზე, შესაძლებელია ანორგაზმიის ან არასაკმარისად გამოხატული ორგაზმის (მათ შორის კლიტორული და ვაგინალური) პრობლემის მოხსნა და მთლიანობაში სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ოპერაციის გარეშე.

– რა ასაკის ქალებმა უნდა მიმართონ ესთეტიკურ ქირურგს?

ასაკობრივი ზღვარი არ არის; ესთეტიკურ ქირურგს შეიძლება მიმართოს როგორც ახალგაზრდა, ასევე კლიმაქსის პერიოდში მყოფმა ქალმა, ჩივილები კი განსხვავებული იქნება. კლიმაქსის პერიოდში ქალი შეიძლება გრძნობდეს მომატებულ დისკომფორტს საშოს სიმშრალის გამო, ქავილს. ასევე ხშირია ფუნქციური ცვლილებები, მაგალითად შარდვის შეუკავებლობა. ამ პერიოდში პაციენტი სწორედ ამ ჩივილებით მიმართავს ექიმს, იმ დროს როდესაც ახალგაზრდებში უფრო სხვა ჩივილები გვხდება, როგორიცაა სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება თუ სხვა.

– რა იგულისხმება ესთეტიკური გინეკოლოგიის არაქირურგიულ გზაში?

ეს არის მცირეინვაზიური მეთოდები. ისეთები როგორიცაა ლაზერული თერაპია, ინტიმური ფილინგი და ა.შ. განვიხილოთ კონკრეტულად ესთეტიკური გინეკოლოგიის ერთ-ერთი მცირედინვაზიური მეთოდი –  ინტიმური ფილინგი. ეს არის ინექციურად ჰიალურონის მჟავის შემცველი გელის შეყვანა. მისი საშუალებით შესაძლებელია სასირცხო ბაგეების ფორმისა და ზომის შეცვლა. დღესდღეობით შეიძლება შეიცვალოს სასქესო ორგანოების ფორმა, მოხდეს საშოს შესასვლელის დავიწროება,  ასევე შესაძლებელია ინტიმური ზონის არეში კანის გაუფერულება.

– ჰიალურონის მჟავა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც, შეიძლება ითქვას რომ ორივე შემთხვევაში გამოიყენება ერთი და იგივე ნივთიერებები?

დიახ, გინეკოლოგიური პროცედურებისთვისაც გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული საშუალებები, თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის კონკრეტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ გინეკოლოგიაში. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება სრულიად განსხვავებული საშუალებები.

–  რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი და თუ არსებობს რაიმე შეზღუდვები?

 ეფექტი ინექციური კოსმეტოლოგიისგან განსხვავებით ნარჩუნდება უფრო დიდხანს. შეზღუდვებს რაც შეეხება სპეციფიკური შეზღუდვები არ არის.

–  ვინ ნიშნავს ამ პროცედურებს და რა ჩვენებებია მათ ჩასატარებლად?

რა თქმა უნდა ინტიმური კონტურული პლასტიკა, ფილერების შეყვანა თუ სხვა სახის ქირურგიული კორექცია ინიშნება მხოლოდ გინეკოლოგის მიერ. ჩვენებებს რაც შეეხება, რთული სათქმელია, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. პირველ რიგში ჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს ქალის უკმაყოფილება სქესობრივი ცხოვრების ხარისხით. აგრეთვე ამ პროფილით გინეკოლოგთან მიმართვის მიზეზი შეიძლება იყოს ესთეთიკურად შეცვლილი სასქესო ორგანოები, ან რომელიმე სხვა ფუნქციური ცვლილებები (მაგ. შარდის შეუკავებლობა და სხვ.) ზუსტი მითითებები, მაგალითად ფილერის შეყვანისას არ არსებობს. აქ პირველ რიგში მნიშვნელობა აქვს ქალის სურვილს. ყველა ჩვენება და უკუჩვენება განიხილება გინეკოლოგთან ვიზიტისას.

–  დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება კორექციის ქირურგიული მეთოდებიც, რა დროს მივმართავთ ქირურგიულ მეთოდს?

 რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდებს, აქ ზუსტად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს გარკვეული პირობები, მაგალითად საშვილოსნოს კედლების მკვეთრი დაწევა, შარდის შეუკავებლობის სერიოზული ხარისხი, გამოწვეული მშობიარობის შემდგომი ცვლილებებით და ა.შ, სადაც ოპერაცია გარდაუვალია. თუმცა ის სიტუაციები, რომლებიც ადრე მხოლოდ ქირურგიული გზით გვარდებოდა დღეს შეიძლება მცირე ინვაზიური მეთოდით მოგვარდეს.

– და ზოგადად რამდენად ხშირად მიმართავენ პაციენტები ამგვარი ჩივილებით?

პაციენტების უმეტესობა დიდხანს ითმენს ინტიმურ დისკომფორტს. ზოგიერთს არც კი სმენია ესთეტიკური გინეკოლოგიის შესახებ. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი ზოგიერთი პრობლემის მოგვარება.


>>  ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია
..

..