წითელა

წითელა rubeola
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

წითელა rubeola – მწვავე ვირუსული დაავადება, გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, სასუნთქი გზების კატარითა და ლაქოვან – პაპულოზური  გამონაყრით.

ეპიდემიოლოგია

ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაავადების აფეთქება. წითელათი უხშირესად ავადდებიან ბავშვები; მოზრდილებს დაავადება აღინიშნება იშვიათად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევი მიეკუთვნება პარამიქსოვირუსებს, რომელიც სწრაფად ინაქტივირდება გარემოში.
ინკუბაციური პერიოდის დასასრულიდან  გამონაყრის მე-3 დღემდე ვირუსები ცირკულირებს სისხლში (ვირუსემია). ხდება ლიმფოიდური ქსოვილისა და რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის დაზიანება, გიგანტური მრავალბირთვიანი სტრუქტურების წარმოქმნით. ვირუსები აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებსა და იწვევს კანის ზედა ფენების პერივასკულურ ანთებას, რაც ვლინდება გამონაყარით. დამტკიცებულია ალერგიული მექანიზმების როლიც. შესაძლებელია წითელას ვირუსის  პერსისტენცია, ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტის განვითარებით, რომელსაც აქვს პროგრესირებადი მიმდინარეობა და მთავრდება სიკვდილით.

კლინიკა, მიმდინარეობა

9 – 11 დღეა. პროდრომულ ან კატარალურ პერიოდში ტემპერატურა მატულობს 38,5 – 39 გრადუსამდე, ვითარდება სინათლის შიში, კონიუნქტივიტი, სურდო, მშრალი მყეფავი ხველა; ავადმყოვის სახე ჰიპერემიულია. კატარალური პერიოდის მე – 2 – მე – 3 დღეს შეიძლება გამოვლინდეს ფილატოვ – კოპლიკის სიმპტომი: ლოყის ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით კარიესული კბილების პირდაპირ, წვრილი, მოთეთრო, ზედაპირიდან ამოწეული წერტილების გაჩენა; ლორწოვანის აღნიშნული ცვლილება მოგვაგონებს მასზე ქინძისთავის მრავლობით ნაჩხვლეტებს. აღნიშნული სიმპტომი წარმოადგენს დიაგნოზის აბსოლიტურად ზუსტ მტკიცებულებას.
კატარალური პერიოდის მე – 3 დღიდან მაგარ სასაზე ვითარდება ჰიპერემია და გაფაშრება. წითელას მიმდინარეობის მეორე პერიოდი – გამონაყრის პერიოდი – იწყება დაავადების მე – 4 დღეს, მას თან სდევს ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება (39,5 – 40,50 C) და კანზე დამახასიათებელი მსხვილლაქოვანი წითელას გამონაყრის გაჩენა. თავდაპირველად გამონაყარი ვრცელდება სახის კანზე და ყურების უკან, მე – 2 დღეს გამონაყარი ვრცელდება სხეულის ზედაპირზე და ზედა კიდურების უბნებზე;
მე – 3 დღიდან გამონაყარი ვლინდება ქვედა კიდურებზეც. გამონაყარი შედგება 3 – 4 სმ დიამეტრის, მუქი ვარდისფერი, ზედაპირიდან ამოწეული მრგვალი ლაქებისგან, ადგილ – ადგილ გამონაყარი შეიძლება გახდეს შერწყმისადმი მიდრეკილი, თუმცა მაინც ინარჩუნებს თავის ლაქოვან – პაპულოზურ ხასიათს.
განლეულ, დასუსტებულ დისტროფიკ ბავშვებში, გამონაყარმა შეიძლება მიიღოს მოლურჯო ელფერი. სისხლის სურათი ხასიათდება ლეიკოპენიით და შედარებითი ლიმფოპენიით. კატარული პერიოდის დასაწყისში აღინიშნება ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზით. გაურთულებელი წითელას დროს, გამონაყრის პერიოდის მე – 4 დღეს, ტემპერატურა ნორმას უბრუნდება ან ჩამოდის სუბფებრილურ ციფრებამდე, იწყება გამონაყრის გაქრობა სახეზე, შემდეგ სხეულზე და ყველაზე გვიან კიდურებზე. მის ადგილას რჩება უმნიშვნელო პიგმენტაცია, აღინიშნება მცირე აქერცვლა.

გართულებები

ზოგჯერ დაავადება ძალზედ მძიმედ მიმდინარეობს, მას თან სდევს ბოდვები, ქოშინი, ციანოზი, კრუნჩხვები, გავრცელებული ბრონქიოლიტის სურათი; შესაძლებელია ავადმყოფის სიკვდილი დაავადების ადრეულ პერიოდშიც კი. დიდ საშიშროებას წარმოადგენს წითელას გართულება პნევმონიით. სხვა გართულებებიდან უნდა გამოვყოთ ოტიტები, მასტოიდიტები, სინუსიტები, ცრუ კრუპი.
წითელას კრუპის სიმპტომი – მოხრჩობის შეტევა, რომელიც უხშირესად ვითარდება ღამით ხმოვანი ნაოჭების შეშუპებით. მოზრდილებში, განსაკუთრებით თუ ანამნეზში აღნიშნავენ გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, წითელა მიმდინარეობს ძალიან მძიმედ და შესაძლოა დამთავრდეს ლეტალურად. გამა – გლობულინით ან წითელას საწინააღმდეგო შრატით პროფილაქტიკურად იმუნიზირებულ ავადმყოფებში, წითელა მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად (მიტიგირებული წითელა). გადატანილი დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

დიაგნოსტიკა

დაავადების ამოცნობა ხდება ეპიდემიოლოგიური მონაცემების, კატარული პერიოდის გათვალისწინებით კლინიკური სურათის,  ფილატოვ – კოპლიკის დადებითი სიმპტომის (აღინიშნება შემთხვევათა 80 – 85% – ში), მოგვიანებით სტადიაზე კი კანზე გამონაყრის თანმიმდევრობის საფუძველზე.
დიაგნოსტიკის სეროლოგიური მეთოდი მოიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრას ჰემაგლუტინაციის შეფერხების, კომპლემენტის შებოჭვის, 1,5 – 2 კვირის ინტერვალით აღებული წყვილ შრატებში ნეიტრალიზაციის რეაქციების მეშვეობით. კატარალურ პარიოდში დაავადების დიფერენცირება ხდება გრიპისგან, ადენოვირუსული ინფექციებისგან, გამონაყრის პერიოდში – წითურასგან, ქუნთრუშასგან, წამლისმიერი დაავადების სხვადასხვა ვარიანტისაგან.

მკურნალობა

თერაპიის სპეციფიკური მეთოდები შემუშავებული არ არის; ძირითადია წოლითი რეჟიმი, ჰიგიენის დაცვა, სიმპტომატური საშუალებები. ბაქტერიული წარმოშობის გართულებების დროს –  ანტიბიოტიკები. პნევმონიის, კრუპის, ნეცეფალიტის მკურნალობა ტარდება ზოგადი პრინციპებით. ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით. სიკვდილის შემთხვევები წითელას დროს ძალზე იშვიათია და აღინიშნება ძირითადად წითელასმიერი ენცეფალიტის დროს.

პროფილაქტიკა

ბავშვებში აქტიური იმუნიზაცია ტარდება; წითელით დაავადებულის იზოლირება საჭიროა არანაკლებ 5 დღით, გამონაყრის გაჩენიდან; დეზინფექციასაჭირო არ არის.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ:

  1. წითელას გამომწვევი
  2. წითელას გავრცელება
  3. დრო, წითელას პირველი სიმპტომების გამოჩენამდე
  4. წითელას სიმპტომები
  5. რამდენად სერიოზული დაავადებაა წითელა?
  6. წითელას შესაძლო გართულებები
  7. წითელას დიაგნოსტირება
  8. წითელას მკურნალობა
  9. რამდენად გადამდებია წითელა?
  10. წითელას პრევენცია
  11. შესაძლებელია თუ არა განმეორებითი დაავადება წითელათი?
  12. წითელას ვაქცინა
  13. წითელას ვაქცინის შეყვანა
  14. იმუნურობის ნიშანი, რომელიც ჩაანაცვლებს წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინაციას
  15. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის პირველი დოზა
  16. წითელას მეორე აცრა
  17. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის ეფექტურობა
  18. მიიღოს წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინაცია
  19. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინაცია მოზრდილებში
  20. წითელას ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკებში
  21. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის უსაფრთხოება
  22. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის გვერდითი ეფექტები
  23. გამონაყარი წითელას, წითურას და ყბაყურას ვაქცინის შემდეგ
  24. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის უკუჩვენებები
  25. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა და ალერგია
  26. წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა და აუტიზმი
  27. წითელას, ყბაყურას ან წითურას გამოწვევა ვაქცინით
  28. ორსულობა და წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა

წითელა და ჩუტყვავილალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ჩუტყვავილაც და წითელაც მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით
🔷 ჩუტყვავილას გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფის ვირუსებს, რომლებიც არამდგრადნი არიან გარემოში
🔶 წითელას გამომწვევი მიეკუთვნება პარამიქსოვირუსებს, რომელიც სწრაფად ინაქტივირდება გარემოში
📅 ჩუტყვავილას ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობაა 11-დან 21 დღემდე (საშუალოდ 15 – 17) დღე.
🕔 ზოგჯერ აღინიშნება ხანმოკლე პროდრომული პერიოდი, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი დღე
⭕️ ამ პერიოდში კანზე ვლინდება წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც ქრება რამდენიმე საათში

📅 წითელას ინკუბაციური პერიოდი 9-11 დღეა
🕔 პროდრომულ ან კატარალურ პერიოდში:
➡️ ტემპერატურა მატულობს 38,5–39 გრადუსამდე;
➡️ ვითარდება სინათლის შიში;
➡️ აღინიშნება კონიუნქტივიტი;
➡️ სურდო;
➡️ მშრალი მყეფავი ხველა

💬 დაინტერესდით?
👇 გაიგეტ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიებიდან:
📎 ჩუტყვავილა – https://bit.ly/3lCNMxK
📎 წითელა –

#ჩუტყვავილა #წითელა #ჩუტყვავილასნიშნები #ჩუტყვავილასსიმპტომები #წითელასნიშნები #წითელასსიმპტომები #ჩუტყვავილაბავშვებში #ჩუტყვავილასგამომწვევიმიკრობი #ბატონები #როგორვრცელდებაწითელა #წითელასგამომწვევიმიკრობი #წითელაბავშვებში #წითელასვირუსი #ჩუტყვავილასმკურნალობა #წითელასმკურნალობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.