გასტრიტი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
გასტრიტი – კუჭის კედლის ლორწოვანი გარსის ანთება. მწვავე გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
მწვავე გასტრიტი წარმოადგენს პოლიეტიოლოგიურ დაავადებას, განპირობებულს ქიმიური, ფიზიკური, თერმული და ბაქტერიული მიზეზებით. გასტრიტის დროს ხდება ზედაპირული ეპითელისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი აპარატის დისტროფულ – ნეკროზური დაზიანება და მასში ანთებითი ცვლილებების განვითარება.
ანთებითი პროცესი შესაძლოა შემოიფარგლოს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ეპითელიუმით, ან გავრცელდეს ლორწოვანის მთელს სისქეზე, ინტერსტიციალურ ქსოვილზე და კუჭის კუნთოვან შრეზეც კი. მწვავე გასტრიტი ხშირად მიმდინარეობს როგორც მწვავე გასტროენტერიტი ან მწვავე გასტროენტეროკოლიტი.
განასხვავებენ მარტივ (ბანალურ, კატარალურ), კოროზიულ და ფლეგმონურ გასტრიტს.
მარტივი გასტრიტი
მარტივი გასტრიტი გვხვდება განსაკუთრებით ხშირად. ეგზოგენური გასტრიტის მიზეზია დიეტის დრღვევები, კვებითი ინფექციები, ზოგიერთი წამლის გამაღიზიანებელი მოქმედება (სალიცილატები, ბუტადიონი, ბრომიდები, სათითურა, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები), ალერგიები და ა. შ.
ენდოგენური მწვავე გასტრიტი
ენდოგენური მწვავე გასტრიტი წარმოიქმნება მწვავე ინფექციების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებისა და ცილების მასიური დაშლისას. კუჭის მწვავე გაღიზიანება შესაძლოა განვითარდეს მძიმე რადიაციული დაზიანების დროს. კატარალური გასტრიტის დროს ადგილი აქვს ზედაპირულად, ადგილ – ადგილ დისტროფულად, ნეკრობიოზულად შეცვლილი ეპითელის ლეიკოციტებით ინფილტრაციას, ასევე ანთებითი ჰიპერემიის ნიშნებს.
სიმპტომები, მიმდინარეობა
მწვავე გასტრიტის სიმპტომები ვლინდება ჩვეულებრივ ეტიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებიდან 4 – 8 საათის შემდეგ. დამახასიათებელია ფერდქვეშა არეში სიმძიმისა და სისავსის გრძნობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ღებინება, ფაღარათი; კანი და ხილული ლორწოვანი ფერმკრთალია, ენა თეთრი ნადებითაა დაფარული, გამოხატულია ნერწყვდენა ან პირიქით, ძლიერი სიმშრალე პირის ღრუში. პალპაციით ვლინდება ეპიგასტრიუმის მტკივნეულობა.
დიფერენციალური დიაგნოზი
აუცილებელია გამოირიცხოს პირველ რიგში სალმონელოზი და სხვა ნაწლავური ინფექციები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაქტერიოლოგიურ და სეროლოგიურ გამოკვლევებს. პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. თუკი მავნე ფაქტორების ზემოქმედება მეორდება, მაშინ მწვავე გასტირტი გადადის ქრონიკულში. მწვავე გასტრიტის მკურნლობას იწყებენ კუჭისა და ნაწლავების გაწმენდით, ხოლო გასტრიტის ინფექციური წარმოშობის დროს – ანტიბაქტერიული პრეპარატები
კოროზიული გასტრიტი
კოროზიული გასტრიტი ვითარდება კუჭში მჟავეების, ტუტეების, მძიმე მეტალის მარილების, კონცენტრირებული ეთილის სპირტის მოხვედრით.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ტკივილი პირში, მკერდის უკან და ეპიგასტრიუმში, ხშირად აუტანელი, განმეორებითი მტანჯველი ღებინება; პირნაღებ მასებში – სისხლი, ლორწო, ზოგჯერ ქსოვილის ფრაგმენტები; ტუჩებზე, პირის, ხახის და ხორხის ლორწოვაზე – ქიმიური დამწვრობის კვალი – შეშუპება, ჰიპერემია, დაწყლულება (გოგირდმჟავას და ქლორწყალბადმჟავით გამოწვეული დამწვრობისას ჩნდება მორუხო – თეთრი ლაქები, ხოლო აზოტმჟავით დამწვრობისას – ყვითელი და მომწვანო – ყვითელი სტრუპი, ქრომმჟავით – მოყავისფერო – წითელი, კარბოლმჟავით – მკვეთრი თეთრი, ძმარმჟავით – თეთრი – რუხის ფერის დამწვრობები).
ხორხის დაზიანების დროს ვლინდება ხმის ჩახლეჩა და სტრიდორი. მძიმე შემთხვევებში ვითარდება კოლაფსი. მუცელი ჩვეულებრივ შებერილი, პალპაციით მტკივნეულია; ზოგჯერ ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები. მწვავე პერფორაცია ვლინდება 10 – 15% – ში მოწამვლიდან პირველივე საათებში.
პროგნოზი
დამოკიდებულია ანთებით – დესტრუქციული ცვლილებების სიმძიმეზე და თერაპიულ ტაქტიკაზე დაავადების პირველ საათებში და დღეებში. დაავადების სიცოცხლისათვის საშიში პერიოდი გრძელდება 2 – 3 დღეს, სიკვდილი შესაძლოა დადგეს შოკით, ან პერიტონიტის განვითარებით. კოროზიული გასტრიტის შედეგები შესაძლოა განვითარდეს ნაწიბუროვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კუჭის პილორულ და კარდიალურ ნაწილებში.
მკურნალობა
მკურნალობას იწყებენ კუჭის ამორეცხვით ცივი წყლის მცირე რაოდენობით, ზონდით. ამორეცხვის წინ, განსაკუთრებით ტკივილის დროს, ნაჩვენებია ნარკოტიკული საშუალებები (მორფინის ჰიდროქლორიდი, პრომედოლი), ფენტალინი დროპერიდოლთან; კოლაფსის დროს გარდა ამისა, კოფეინი, კორდიამინი, მეზატონი, ნორადრენალინი, ასევე სტროფანტინი;
პირველ დღეებში შიმშილი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის, გლუკოზის 5% – იანი ხსნარის პარენტერალურად შეყვანა; ასევე პარენტერალურად პლაზმის, ცილოვანი ჰიდროლიზატების შეყვანა. კუჭის პერფორაციის, ხორხის შეშუპების დროს კეთდება სასწრაფო ოპერაცია. საყლაპავის შევიწროების თავიდან აცილების მიზნით ატარებენ ბუჟირებას შეხორცების პერიოდში, ხოლო ამ უკანასკნელის არაეფექტურობის დროს – სტენოზის ოპერაციულ მკურნალობას.
ფლეგმონური გასტრიტი (კუჭის ფლეგმონა)
ფლეგმონური გასტრიტი გვხვდება საკმაოდ იშვიათად; ხასიათდება კუჭის კედლის ფლეგმონური ანთებით, ჩირქის დიფუზური ან შემოსაზღვრული გავრცელებით უპირატესად ლორწქვეშა შრეში; გამოიცნობა ჩვეულებრივ ქირურგიული ჩარევისას; მიმდინარეობს პერიგასტრიტისა და ხშირად პერიტონიტის განვითარებით. წარმოიქმნება ხშირად პირველადად; ვითარდება წყლულის გართულებით ან კუჭის კიბო დაშლის დროს, კუჭის ლორწოვანის ტრავმული დაზიანების დროს. მეორადი ფორმა ვითარდება ზოგადი ინფექციების დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა
დამახასიათებელია მწვავე განვითარება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, მკვეთრი ადინამიით, ტკივილით ეპიგასტრიუმში, გულისრევითა და ღებინებით. ენა მშრალია, მუცელი შებერილია; ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ავადმყოფები უარს ამბობენ საკვებისა და წყლის მიღებაზე, სწრაფად იფიტებიან, ეცვლებათ სახის ნაკვთები (ჰიპოკრატეს სახე). ფერდქვეშა არეში პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა;
სისხლში მაღალი ლეიკოციტოზია, ტოქსიკური მარცვლოვნებით, ედსი მომატებულია, აღინიშნება ცილოვანი ფრაქციების ცვლილებები და ანთების სხვა ნიშნები. პროგნოზი მრავალ შემთხვევებში არაკეთილსაიმედოა; მოსალოდნელია გართულებები (ჩირქოვანი მედიასტინიტი, პლევრიტი, დიფრაგმისქვეშა აბსცესი, მუცლის ღრუს მსხვილი სისხლძარღვების თრომბოფლებიტი, ღვიძლის აბსცესი და სხვ.).
მკურნალობა
ტარდება ძირითადად ქირურგიულ სტაციონარში. პარენტერალურად შეჰყავთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები დიდი დოზებით. კონსერვატული თერაპიის არაეფექტურობის დროს – ქირურგიული მკურნალობა.
ქრონიკული გასტრიტი – ეტიოლოგია
ქრონიკული გასტრიტი ვლინდება კუჭის კედლის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებით. ზოგჯერ ის წარმოადგენს მწვავე გასტრიტის შემდგომი განვითარების შედეგს, თუმცა ხშირად ვითარდება სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენითაც (კვების განმეორებითი და ხანგრძლივი დარღვეები, მწარე და უხეში საკვების მიღება, ცხელი საკვები, ცუდად ღეჭვა, მაგარი სპირტიანი სასმელების მიღება და სხვ.).
ქრონიკული გასტრიტის მიზეზი შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი კვება (განსკუთრებით ცილის, რკინისა და ვიტამინების დეფიციტი), მედიკამენტების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანს (სალიცილატები, ბუტადიონი, პრედნიზოლონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სულფანილამიდები და სხვ.);
საწარმოო მავნეობები, დაავადებები, რომლებიც განაპირობებენ ქსოვილთა ჰიპოქსიას (სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პნევმოსკლეროზი, ანემია), ენდოგენური ინტოქსიკაციები თირკმელების დაავადებების, პოდაგრის დროს, ტოქსინების ზემოქმედება ინფექციური დაავადებების დროს და ინფექციის ადგილობრივი ქრონიკული კერების დროს (ე. წ. ელიმინაციური ქრონიკული გასტრიტი), მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.
დაახლოებით 75% – ში ქრონიკული გასტრიტი შერწყმულია ქრონიკულ ქოლეცისტიტთან, აპენდიციტთან და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დაავადებებთან.
პათოგენეზი
ენდოგენური და ეგზოგენური ეტიოლოგიური ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებით თავდაპირველად ვითარდება კუჭის მოქმედების სეკრეტორული და მოტორული დარღვეები, ხოლო შემდგომ – დისტროფიული და ანთებითი ცვლილებები და რეგენერაციის პროცესების დარღვევები. ეს სტრუქტურული ცვლილებები ვითარდება უპირველესად ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრეების ეპითელში, შემდეგში კი პათოლოგიურ პროცესში ერთვება კუჭის ჯირკვლები, რომლებიც თანდათანობით ატროფირდებიან ან გარდაიქმნებაინ კრიპტებად.
დაავადების პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ავტოიმუნურ პროცესებს. განასხვავებენ ქრონიკულ გასტრიტს, როგორც ძირითად და როგორც თანმხლებ დაავადებას (მეორადი გასტიტი). ეტიოლოგიური ნიშნით განასხვავებენ ეგზოგენურ და ენდოგენურ ქრონიკულ გასტრიტებს. სეკრეტორული დარღვევების მიხედვით – ქრონიკულ გასტრიტს სეკრეტორული უკმარისობით.
ბიოფსიის მინაცემების საფუძველზე გამოყოფენ ზედაპირულ გასტრიტს, გასტრიტს ჯირკვლების დაზიანებით – (ატროფიის გარეშე), ატროფიულ გასტრიტს (ზომიერად გამოხატული), გასტრიტს კუჭის ლორწოვანი გარსის გარდაქმნით. მორფოლოგიური ცვლილებების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ გავრცელებულ, ანტრალურ და იზოლირებულ გასტრიტს.
ქრონიკული გასტრიტის განსაკუთრებულ ფორმებს მიეკუთვნება ჰემორაგიული, რიგიდული, გიგანტური ჰიპერტროფიული და პოლიპოზური გასტრიტები.
სიმპტომები, მიმდინარეობა
განსაკუთრებით ხშირი სიმპტომია ჭამის შემდეგ სიმძიმისა და სისავსის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, გულისრევა, ზოგჯერ ყრუ ტკივილი, მადის დაქვეითება, პირში უსიამივნო გემო, პალპაციით – მსუბუქი მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში. დასაწყისში დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს სხვადასხვა სეკრეტორული ფონით, თუმცა ხშირად ადგილი აქვს კუჭის წვენის სეკრეციისა და მჟავეობის დაქვეითებისადმი ტენდენციას.
ქრონიკული გასტრიტი კუჭის ნორმალური და მომატებული სეკრეტორული ფუნქციით
ჩვეულებრივ ზედაპირული, ან კუჭის ჯირკვლების დაზიანებით ატროფიის გარეშე, ვითარდება ახალგაზრდა ასაკში, უპირატესად მამაკაცებში. დამახასიათებელია ტკივილი, იშვიათად წყლულისმაგვარი, გულძმარვა, ბოყინი, სიმძიმის გრძნობა ჭამის შემდეგ, ზოგჯერ შეკრულობები. კუჭის სეკრეცია: ბაზალური 10 მმოლ/სთ, სტიმულირებული 35 მმოლ/სთ. ხშირად აღინიშნება კუჭის წვენის უხვი სეკრეცია ღამის საათებში.
ჰემორაგიული გასტრიტი
ჰემორაგიული გასტრტიტი ხასიათდება კუჭიდან სისხლდენებისადმი მიდრეკილებით, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და ეროზიული ცვლილებებით, კუჭის შენარჩუნებული ან მომატებული სეკრეციით. რიგ შემთხვევებში სისხლდენა დაკავშირებულია კუჭის სისხლძარღვების მომატებულ განვლადობასთან და მისი ლორწოვანის მსუბუქ ტრავმატიზაციასთან.
სეკრეტორული უკმარისობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტი ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებებით და მისი სეკრეტორული უკმარისობით, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ხარისხით; ვითარდება ძირითადად ზრდასრულ და ხანში შესულ ასაკში. აღინიშნება კუჭისა და ნაწლავური დისპეფსია (უსიამოვნო გემო პირში, მადის დაქვეითება, გულისრევა, განსაკუთრებით დილაობით, ამობოყინება, ყურყური მუცელში, შეკრულობები და სხვ.);
ხანგრძლივი მიმდინარეობისას – სიგამხდრე, ჰიპოპროტეინემია, პოლიჰიპოვიტამინოზის სიმპტომები, ჰიპოკორტიციზმი – არამკვეთრად გამოხატული, სხვა ენდოკრინული ჯირკვლების უკმარისობა, ნორმოქრომული ან რკინადეფიციტური ანემია. ხშირად ვითარდება თანმხლები ენტერიტი, ნაწლავური დისბაქტერიოზი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ დაავადების კლინიკურ სურათზე.
რიგიდული (ანტრალური) გასტრიტი
ხასიათდება უპირატესად კუჭის ანტრალური ნაწილის გამოხატული, ღრმა, ანთებით – ნაწიბუროვანი ცვლილებებით, მისი დეფორმაციითა და შევიწროებით.
სიმპტომები
ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსიური მოვლენები, კუჭის წვენის მომატებული სეკრეცია, იშვიათად – აქლორჰიდრია. რენტგენოლოგიურად ვლინდება კარდიის მილისებრი შევიწროება.. დიაგნოზი დასტურდება გასტროფიბროსკოპიით, ბიოფსიითა და დინამიური დაკვირვებით.
პოლიპოზური ქრონიკული გასტრიტი
ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიითა და დისგენერაციული ჰიპერპლაზიით, აქლორჰიდრიით. ტიპიური კლინიკური სურათი არა აქვს. გიგანტური ჰიპერტროფიული გასტრიტი ხასიათდება კუჭის ლორწოვან გარსში მრავლობითი ან ერთეული ადენომებისა და კისტების არსებობით, რის გამოც მისი ნაოჭები იძენენ მკვეთრად გასქელებულ უხეშ სახეს, ცილის გაძლიერებული დაკარგვით კუჭის წვენთან ერთად, ჰიპოპროტეინემიით – (მძიმე შემთხვევებში).
დიფერენციალური დიაგნოზი
კუჭის სიმსივნესთან ეფუძნება რენტგენოლოგიურ და გასტროფიბროსკოპულ გამოკვლევებს. ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებით. შესაძლო გართულებებია: პროფუზული სისხლდენა (ჰემორაგიული გასტრიტის დროს). ქრონიკული გასტრიტს განიხილავენ როგორც სიმსივნის წინარე დაავადებას. პროგნოზი სიცოცხლისათვის საშიში არ არის: მკურნალობის დროს უმრავლეს შემთხვევაში სწრაფად დგება ავადმყოფთა სუბიექტური მდგომარეობის გაუმჯობესება; მაგრამ ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევების ძირითადი მორფოლოგიური ცვლილებები კვლავ რჩება.
გასტრიტი კუჭის ნორმალური ან მომატებული სეკრეციით, ანტრალური გასტრიტი, რომელიც ხშირად ვლინდება ტკივილებით, დიფერენცირდება წყლულოვან დაავადებასთან; გასტრიტის დროს გამოხატული არ არის გამწვავებების სეზონურობა, მაქსიმალური გამწვავების დროს არ ვლინდება კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულება. პოლიპოზური გასტრიტის დიფერენცირება საჭიროა კუჭის პოლიპოზთან; გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიოფსიას.
მკურნალობა
ჩვეულებრივად ტარდება ამბულატორიულ პირობებში; გამწვავების დროს მიზანშეწონილია ჰოსპიტალიზაცია; წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო კვებას. ქრონიკული გასტრიტით დაავადებულები, განსაკუთრებით ატროფიულ – დისგენერაციული ცვლილებებით, საჭიროა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და წელიწადში 2 – ჯერ იტარებდენენ კომპლექსურ გამოკვლევას.
გასტრიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🔴 გასტრიტი – კუჭის კედლის ლორწოვანი გარსის ანთება
❕ ანთებითი პროცესი შესაძლოა შემოიფარგლოს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ეპითელიუმით, ან გავრცელდეს ლორწოვანის მთელს სისქეზე, ინტერსტიციალურ ქსოვილზე და კუჭის კუნთოვან შრეზეც კი.
📍 წარმოშობის მიხედვით განარჩევენ:
➡️ ეგზოგენური გასტრიტი – გამოწვეულია დიეტის დრღვევით, კვებითი ინფექციებით, ზოგიერთი წამლის გამაღიზიანებელი მოქმედებით, ალერგიებით და ა. შ.
➡️ ენდოგენური გასტრიტი – გამოწვეულია მწვავე ინფექციებით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევითა და ცილების მასიური დაშლით
➡️ კოროზიული გასტრიტი – გამოწვეულია კუჭში მჟავეების, ტუტეების, მძიმე მეტალის მარილების, კონცენტრირებული ეთილის სპირტის მოხვედრით
💭 თუ დაინტერესდი და გსურს მეტი გაიგო გასტრიტის ეტიოლოგისა და მკურნალობის შესახებ
👉 მაშინ ეწვიე ჩვენს გვერდს –
#გასტრიტი #გასტრიტისსიმპტომები #გასტრიტისნიშნები #გასტრიტისმკურნალობა #მადისდაკარგვა #შებერილობა #გულისრევა #ღებინება #გულძმარვა #მუცისტკივილი #მოუნელებლობა #ეგზოგენურიგასტრიტი #ენდოგენურიგასტრიტი #კოროზიულიგასტრიტი #კუჭისკედლისლორწოვანიგარსისანთება #კუჭისლორწოვანიგარსისანთება #რაარისგასტრიტი #როგორამოვიცნოთგასტრიტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988