ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი – კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით, ლიქენური პაპულებით, ლიქენიფიკაციითა და ქრონიკული რეციდივული მიმდინარეობით. ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სეზონურობა: ზამთრობით – გამწვავებები და რეციდივები, ზაფხულობით – ნაწილობრივი ან სრული რემისიები.

დამახასიათებელია თეთრი დერმოგრაფიზმი. მაპროვოცირებელ როლს ასრულებენ საკვები პროდუქტები (ციტრუსები, ტკბილეული, ცხარე საკვები, სპირტიანი სასმელები), მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, სულფანილამიდენი, პირაზოლინის წარმოებულები), აცრები და რიგი სხვა ფაქტორები.

 ატოპიური დერმატიტი – ეტიოლოგია.  ცნობილი არ არის.

ატოპიური დერმატიტი – პათოგენეზი.  საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, განპირობებული იმუნური და არაიმუნური მექანიზმებით. არაიშვიათია კომბინირება ალერგიულ რინიტთან, ასთმასთან, პოლინოზთან ან მითითებულია მათი არსებობა ოჯახურ ანამნეზში

ატოპიური დერმატიტი – კლინიკური სურათი.  დაავადება შესაძლებელია გამოვლინდეს ერთ – ერთ სამ ასაკობრივ ფაზაში – ჩვილ ასაკში, ბავშვობაში და მოზრდილ ასაკში. კლინიკური სურათი განისაზღვრება ავადმყოფის ასაკით. ფაზები ხასიათებიან კლინიკური გამოვლინებების ლოკალიზაციის თანდათანობითი ცვლით, მწვავე ანთების შესუსტებითა და ლიქენური პაპულებისა და ლიქენიფიკაციის კერების შემდგომი პრევალირების ფორმირებით. ყველა ფაზაში ავადმყოფს აწუხებს  ძლიერი, მტანჯველი ქავილი. ჩვილ ასაკში ფაზა მოიცავს ბავშვის სიცოცხლის მე-7-8 კვირიდან 1,5 – 2 წლამდე პერიოდს. დაავადება ამ პერიოდში ატარებს მწვავე, ეგზემისებურ ხასიათს, სახის კანის უპირატესი დაზიანებით, თუმცა შესაძლებელია გავრცელდეს კანის სხვა ნაწილებზეც. ბავშვობის ასაკის ფაზაში სჭარბობს ლიქენური პაპულები და ლიქენიფიკაციის კერები, რომლებიც ლოკალიზებულია ძირითადად კისრის გვერდით ზედაპირზე, გულმკერდის ზევით, იდაყვისა და იდაყვის ქვედა მომხრელებში და მტევნებზე. მოზრდილთა ფაზა იწყება პუბერტატული ასაკიდან და თავისი კლინიკური სიმპტომატიკით უახლოვდება გვიანდელი ბავშვობის გამონაყარს (ლიქენური პაპულები, ლიქენიფიკაციის კერები). კანის საფარველის პროცესში ჩართვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ შემოსაზღვრულ, გავრცელებულ და უნივერსალურ (ერითროდერმია) ფორმებს.

ატოპიური დერმატიტი – მკურნალობა მაპროვოცირებელი ფაქტორის მოხსნა, ჰიპოალერგიული დიეტა, კუჭის მოქმედების მოწესრიგება, ანტიჰისტამინური, სედატიური და იმუნოკორეგირებადი პრეპარატები, რეფლექსოთერაპია, ულტრაიისფერი დასხივება, სელექტიური ფიტოთოთერაპია, ფოტოქიმიოთერაპია, ადგილობრივი საშუალებები (საფენები, კორტიკოსტეროდული მაზები, პარაფინის აპლიკაციები). მძიმე გამწვავებისას ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია; განსაკუთრებით ეფექტურია ხანგრძლივი კლიმატოთერაპია.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.