ოტიტი otitis
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
ოტიტი – ყურის ანთება; განასხვავებენ გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ანთებას.
გარეთა ოტიტი
არსებობს გარეთა ოტიტის ორი ფორმა – შემოსაზღვრული (გარეთა სასმენი მილის ფურუნკული) და დიფუზური. შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი წარმოიქმნება ინფექციის შეღწევისას (ხშირად სტაფილოკოკის) გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებში და ცხიმის ჯირკვლებში, რასაც ხელს უწყობს მცირედი ტრავმები.
გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირია შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ჰიპოვიტამინოზით დაავადებულ პირებში. ზოგჯერ პროცესი ვრცელდება ყურის ირგვლივ ქსოვილებზეც. დიფუზური გარეთა ოტიტი ვითარდება უპირატესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა ქსოვილში სხვადასხვა ბაქტერიების, ასევე სოკოების შეღწევისას. ანთებითი პროცესი ზოგჯერ ვრცელდება დაფის აპკზეც.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ვლინდება ტკივილით ყურში, რომელიც ძლიერდება წინასახურზე დაჭერისას. პირის გაღების დროს მტკივნეულობა აღინიშნება ფურუნკულის წინა კედელზე ლოკალიზაციის დროს. მწვავე დიფუზური გარეთა ოტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილსა და ტკივილს ყურში, უსიამოვნო სუნის ჩირქოვან გამონადენს. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ოტოსკოპიით; სმენა არ ზიანდება.
მკურნალობა
გარეთა სასმენ მილში 70%-იან სპირტში დასველებული დოლბანდის ტურუნდის შეყვანა, თბილი კომპრესი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, ვიტამინოთერაპია. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები გამოიყენება გამოხატული ინფილტრატისა და ტემპერატურის მომატების დროს. აბსცესის წარმოქმნისას ნაჩვენებია მისი გახსნა.
მწვავე შუა ოტიტი
მწვავე შუა ოტიტი ვითარდება ცხვირის ან ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთების დროს ინფექციის შეღწევისას შუა ყურში (მწვავე რინიტი, გრიპი და სხვ.) განასხვავებენ კატარულ და ჩირქოვან ფორმებს. სასმენი მილის ვეტილაციური ფუნქციის დარღვევას ხელს უწყობს ვენური შეგუბება დაფის ღრუს ლორწოვან გარსში და ტრანსუდატის წარმოქმნა. სეროზულ ანთებას იწვევს სუსტად ვირულენტური ინფექცია. ახალშობილებში ოტიტი წარმოიქმნება სანაყოფე წყლების მოხვედრით შუა ყურში.
დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სასმენი მილის ანატომიურ აგებულებას (ბავშვებში იგი ფართო და მოკლეა). განასხვავებენ მწვავე შუა ოტიტის სამ სტადიას: I სტადია – ანთებითი პროცესის, ექსუდატის წარმოქმნა, (მწვავე კატარული ოტიტი); II სტადია – დაფის აპკის გახვრეტა და ჩირქდენა (მწვავე ჩირქოვანი ოტიტი); III სტადია – ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, ჩირქდენის შემცირება და შეწყვეტა; გახვრეტილი დაფის აპკის კიდეების შეხორცება. დაავადება გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.
სიმპტომები, მიმდინარეობა
დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სტადიაზე. პირველ სტადიაში ვლინდება ძლიერი ტკივილი ყურში, რომელიც ირადირებს თავის შესაბამის ნახევარში, კბილებში; სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-390С), სმენა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ოტოსკოპიით ჩანს გაფართოებული სისხლძარღვები, შემდეგ კი დაფის აპკის ჰიპერემია. ამ სტადიის ბოლოს ხდება დაფის აპკის გამობერვა; სისხლში – ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება. მეორე სტადიაში – იწყება ჩირქდენა დაფის აპკის გახვრეტის შედეგად, ტკივილი კლებულობს, თუმცა შესაძლოა განახლდეს ჩირქის გამოდენის შეფერხებისას.
ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება. ოტოსკოპიით ამ სტადიაში ჩანს ჩირქი, დაფის აპკის გამობერვა კლებულობს, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ჰიპერემია და კონტურების გადასწორება. მესამე სტადიაში ჩირქდენის შეწყვეტის შემდეგ წამყვანი ჩივილები შესაძლოა იყოს სმენის დაქვეითება. შუა ყურის მწვავე ანთების კლინიკური სურათი ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში რამდენადმე განსახვავებულია. მწვავე ოტიტები ჩვილებში ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს ჩირქდენამდე.
გამოხატული ოტიტის დროს ბავშვი იღვიძებს ღამით, მოუსვენრადაა, ყვირის, ატრიალებს თავს, უხახუნებს მტკივან ყურს ბალიშზე, ხელი მიაქვს ყურისაკენ, აღარ წოვს. ჩვეულებრივ აღინიშნება რინოფარინგიტი. ზოგჯერ შუა ოტიტი შერწყმულია მენინგეალურ სიმპტომკომპლექსთან.
მკურნალობა
წოლითი რეჟიმი, ჩვენების მიხედვით ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ანტისეპტიკები. მაღალი ტემპერატურის დროს აცეტილსალიცილის მჟავა. ადგილობრივად იყენებენ კომპრესებს, ფიზიოთერპიას; ყურში ტკივილის შესამცირებლად აწვეთებენ თბილ 96%-იან სპირტს ან სპეციალურ წვეთებს. ჩირქდენისას ჩაწვეთებას წყვეტენ. კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ დაფის აპკის პარაცენტეზს.
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენითა და სმენის დაქვეითებით; დაფის აპკის გახრეტილი არე შენარჩუნებულია. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირ-ხახაში ქორონიკული პათოლოგიური პროცესი, არარაციონალური მკურნალობა.
სიმპტომები, მიმდინარეობა
სმენის დაქვეითება; ოტოსკოპიით ვლინდება ნახვრეტი დაფის აპკში. პროცესის ხასიათისა და ნახვრეტის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ქრონიკულ მეზოტიმპანიტსა და ქრონიკულ ჩირქოვან ეპიტიმპანიტს. მეზოტიმპანიტის დროს ხვრელი მდებარეობს დაფის აპკის ცენტრალურ ნაწილში, ეპიტიმპანიტის დროს – ზედა ნაწილში; ზოგჯერ იგი იკავებს ორივე ნაწილს, და მაშინ ლაპარაკობენ ეპიმეზოტიმპანიტზე.
მეზოტიმპანიტი, როგორც წესი, მიმდინარეობს შედარებით კეთილსაიმედოდ, ვიდრე ეპიტიმპანიტი. ამ დროს შედარებით იშვიათია გართულებები. ეპიტიმპანიტი ან ეპიმეზოტიმპანიტი მიმდინარეობს ძვლის კარიესით (ოსტიტი) გრანულაციებისა და პოლიპების წარმოქმნით.
შესაძლებელია წარმოიქმნას ე. წ. ქოლესტეატომები, რომლებიც კლინიკურად ვლინდება როგორც სიმსივნე, ან იწვევს ძვლის დესტრუქციასა და ქმნის ქალაშიდა გართულებების საშიშროებას. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზისა და ოტოსკოპიის მონაცემების საფუძველზე.
ანამნეზში, როგორც წესი, აღინიშნება შუა ყურის მწვავე ჩიურქოვანი ანთება შემდგომი პერიოდული ან მუდმივი ჩირქდენით. ძვლის დესტრუქციული პროცესის ხასიათისა და გავრცელების შესაფასებლად მნიშვნელოვანია საფეთქლის ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
კონსერვატიული მკურნალობა დასაშვებია ჩირქის თავისუფალი გამოდენისა და მედიკამენტოზური საშუალებების შეყვანის შესაძლებლობისას დაფის აპკის პერფორაციული ხვრელის გავლით შუა ყურის ლორწოვან გარსამდე. თუკი ხვრელი დახურულია გრანულაციებით ან პოლიპით, მათ მიწვავენ ვერცხლის ნიტრატით ან ამოკვეთენ ქირურგიული წესით. დაფის ღრუში ამა თუ იმ მედიკამენტია შეყვანა შეიძლება მხოლოდ ჩირქის ამოღების შემდეგ. ამ მიზნით ყურს წმენდენ ზონდზე დახვეული ბამბით, მანამ, სანამ ყურიდან ამოღებული ბამბა არ იქნება მშრალი. ეპიტიმპანიტის დროს დაფის ღრუს ამორეცხავენ დეზინფექციური ხსნარებით. ქირურგიული მკურნალობა გამოიყენება ყურში პათოლოგიური პროცესის სალიკვიდაციოდ, ასევე სმენის გასაუმჯობესებლად.
ექსუდაციური შუა ოტიტი
ექსუდაციური შუა ოტიტი წარმოიქმნება სასმენი მილის სადრენაჟო ან ვენტილაციური ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევის შედეგად, რომელიც ვითარდება ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის, ალერგიის, ასევე ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებისას (მწვავე შუა ოტიტის მკურნალობის დროს). ამ შემთხვევებში დაფის ღრუ შეიცავს ექსუდატს, რომელიც დაავადების მწვავე სტადიაში თხიერია, ქრონიკულში სქელდება და ხდება წებვადი.
სიმპტომები, მიმდინარეობა
სმენის დაქვეითება, ყურის დაცობის, მასში სითხის გადასხმის შეგრძნება. ოტოსკოპიური გამოკვლევით დაფის აპკი შემღვრეული, ჩაზნექილია. ზოგჯერ ჩანს სითხის დონე.
მკურნალობა
მწვავე სტადიაში – კონსერვატიული – ანტიბაქტერიული თერაპია, პოლივიტამინები, მადესენსიბილიზირებელი თერაპია (ჩვენების მიხედვით).
ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები, თბილი კოპრესი ყურზე. სოლუქსი, ლიდაზის ან ქიმოტრიფსინის ენდაურულიი ელექტროფორეზი, ყურებში ჩაბერვა.
ზოგჯერ საჭირო ხდება ტიმპანოპუნქცია და ექსუდატის ამოქაჩვა. ქრონიკულ სტადიაში ადჰეზიური შუა ოტიტის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია სასმენი მილის გამავლობის აღდგენა.
ადჰეზიური შუა ოტიტი
ადჰეზიური შუა ოტიტი ხშირად წარმოიქმნება შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ჩირქოვანი ანთების შემდეგ. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება მწვავე კატარული (არაპერფორაციული) შუა ოტიტის დროს ასევე იწვევს დაფის ღრუში შეხორცებების წარმოქმნას. ადჰეზიური ოტიტი შესაძლოა წარმოიქმნას შუა ყურის წინამორბედი ანთების გარეშეც, კერძოდ ცხვირ-ხახაში და სასმენ მილში ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესების შედეგად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არღვევენ დაფის ღრუს ვეტილაციას. დაფის აპკის პერფორაციის დროს ლაპარაკობენ ,,მშრალ პერფორაციულ ოტიტზე”.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ძირითადი სიმპტომია – სმენის დაქვეითება ხმის გამტარი აპარატის ფუნქციის დარღვევის ტიპით. ასევე ხმაური ყურებში.
ოტოსკოპიით – გათხელებული, ნაწიბუროვანი დაფის აპკი ჩაკირული უბნებით. აპკის მოძრაობა და სასმენი მილის გამავლობა დარღვეულია.
მკურნალობა
მკურნალობადასაწყისში კონსერვატიულია: ჩაბერვა ყურებში, პნევმო – და ვიბრომასაჟი, დაფის ღრუში პროტეოლიზური ფერმენტების შეყვანა. დიათერმია, ტალახით მკურნალობა.
ეს მეთოდები, როგორც წესი, იძლევა მხოლოდ დროებით ეფექტს, რის გამოც გამოიყენება ქირურგიული მკურნალობა – სტაპედოპლასტიკა, ტიმპანოპლასტიკა.
ოტიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
👂 მწვავე შუა ოტიტი ვითარდება ცხვირის ან ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთების დროს ინფექციის შეღწევისას შუა ყურში
🔎 განასხვავებენ მწვავე შუა ოტიტის სამ სტადიას:
➡️ I სტადია – მწვავე კატარული ოტიტი – ანთებითი პროცესის, ექსუდატის წარმოქმნა;
➡️ II სტადია – მწვავე ჩირქოვანი ოტიტი – დაფის აპკის გახვრეტა და ჩირქდენა;
➡️ III სტადია – ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, ჩირქდენის შემცირება და შეწყვეტა;
📆 დაავადება გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე
💊 შუა ოტიტის მკურნალობა მოიცავს წოლითი რეჟიმს, ჩვენების მიხედვით ანტიბიოტიკების, სულფანილამიდებისა და ანტისეპტიკების გამოყენებას
👉 შეიტყვეთ მეტი შუა ყურის ანთების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ანთება #შუაყურისანთება #ოტიტი #შუაოტიტი #ქრონიკულიჩირქოვანიშუაოტიტი #ექსუდაციურიშუაოტიტი #ადჰეზიურიშუაოტიტი #ოტიტისსიმპტომები #ოტიტისნიშნები #ოტიტისმკურნალობა #ოტიტიბავშვებში #ოტიტისდიაგნოსტიკა #შუაყურისანთებაბავშვებში #ექსუდაციურიოტიტი #ჩირქოვანიოტიტი #ყურისფეთქვა #ჩირქოვანიგამონადენიყურიდან #ყურისტკივილი #წონასწორობისდაკარგვა #სითხისგამოჟონვაყურიდან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988