აპენდიკულური აბსცესი

აპენდიკულური აბსცესი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

აპენდიკულური აბსცესი – მწვავე აპენდიციტის დესტრუქციული ფორმების გართულება. თავდაპირველად ფორმირდება აპენდიკულური ინფილტრატი, რომელიც შედგომში გაიწოვება, ან აბსცენდირდება, მიუხედავად შესაბამისი მკურნალობისა.

აპენდიკულური აბსცესისიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისში აღინიშნება მეტ-ნაკლებად გამოხატული მწვავე აპენდიციტის ტიპიური ტკივილის სინდრომი. დაგვიანებული მიმართვის გამო, ან არასწორი დიაგნოსტირებისას, დაავადება შესაძლებელია განვითარდეს ორი მიმართულებით: პერიტონიტის პროგრესირება და ანთებითი პროცესის შემოფარგვლა. უკანასკნელ შემთხვევაში ტკივილი 2-3 დღეში ცხრება, ტემპერატურა ქვეითდება. მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოს პალპაციით მოისინჯება ინფილტრატი. მე-5-7 დღიდან ტემპერატურა კვლავ მატულობს, ძლიერდება ტკივილი მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში, დისპეფსიური მოვლენები. ტკივილი ძლიერდება ხველების, სიარულის, ჯანჯღარით მგზავრობის დროს. ენა სველია, ნადებითაა დაფარული. მუცელი ჩამორჩება სუნთქვაში ზედა მარჯვენა კვადრანტში, აქვე აღინიშნება გამობერვა. პალპაციით აღინიშნება კუნთების დაჭიმულობა, მტკივნეულობა (ზოგჯერ ძლიერ გამოხატული), პერიტონეუმის გაღიზიანების სუსტად გამოხატული სიმპტომები. ღრმა პალპაციით ისინჯება მტკივნეული, უძრავი ინფილტრატი. ზოგჯერ წარმოიქმნება ნაწლავური გაუვალობის ნიშნები – მუცლის ღრუს რენტგენოსკოპიით შესაძლოა გამოვლინდეს სითხის დონე და პნევმატოზი მუცლის მარჯვენა ნახევარში. რექტალური ან ვაგინური გამოკვლევისას აღინიშნება მტკივნეულობა. სისხლში – მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით. დინამიკური დაკვირვების დროს აღინიშნება ლეიკოციტოზის მატება, ტემპერატურა ღებულობს ჰექტიურ ხასიათს. თანდათანობით მატულობს ტკივილის სინდრომი, დიდდება ინფილტრატი და ძლიერდება ტკივილი მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში. ჩირქგროვის ზომებსა და მის ზუსტ ლოკალიზაციას ადგენენ ულტრაბგერითი გამოკვლევით.

აპენდიკულური აბსცესიმკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის წინ აუცილებელია პრემედიკაცია. ჩირქგროვის გახსნა ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. ღრუს ამუშავებენ ანტისეპტიკებით და ადებენ დრენაჟს; ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დეზინტოქსიკაციური თერაპია, ანტიბიოტიკები. გართულებები: სეფსისი, პილეფლებიტი, ღვიძლის აბსცესები, ჩირგროვის გახსნა მუცლის ღრუში, პერიტონიტის განვითარებით.

აპენდიკულური აბსცესიპროგნოზისერიოზულია, დამოკიდებულია დროულ და ადეკვატულ ოპერაციულ ჩარევაზე.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.