სისხლდენა

სისხლდენა hemorrhage

სისხლდენა განასხვავებენ გარეგან და შინაგან სისხლდენას. სისხლდენის ნებისმიერი ფორმის დროს ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიშია არა ჟანგბადის გადამტანის – ჰემოგლობინის მასის დაკარგვა, არამედ ჰიპოვოლემია – მთლიანობაში ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის დაკარგვა, უპირველეს ყოვლისა კი მისი პლაზმის, რაც იწვევს სისხლმიმოქცევის ,,ცენტრალიზაციას”, პარენქიმული ორგანოების წვრილი სისხლძარღვების დაცლას, მიკროცირკულაციის ღრმა დარღვევებს, არტერიოლებისა და ვენულების მიკროთრომბირებას.

თავის მხრივ, არტერიული წნევის დაცემისა და სტაზის გამო წვრილ სისხლძარღვებში დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება იწვევს მიკროთრომბირების შემდგომ ზრდას. განსაკუთრებით ხშირია 50 წლის ასაკის ზევით, როდესაც ფიბრინოლიზის სისტემის გამოფიტვა (რაც იწვევს დსშ-სინდრომს) ვითარდება საკმაოდ სწრაფად და მიკროთრომბირება იძენს მანკიერი წრის ხასიათს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის სტანდარტული სიმპტომები – ღებინება ყავის ნალექით, მელენა – ყოველთვის ეხმარება ექიმს დიაგნოსტირებაში. თუმცა, არაიშვიათად როგორც ერთი, ასევე მეორე სიმპტომი არ ვლინდება, ან ვლინდება სისხლდენიდან მრავალი საათის გასვლის შემდეგ. მწვავედ განვითარებული სისხლდენის სიმპტომებია: უეცარი სიმშრალე პირში, სიფერმკრთალე, ავადმყოფის მოუსვენრობა, პერიფერიული ვენების ჩავარდნა – ,,ცარიელი სისხლძარღვების” სიმპტომი. კუჭ-ნაწლავში ან მუცლის ღრუში სისხლდენის დროს ტაქიკარდია შესაძლოა არ აღინიშნებოდეს ცდომილი ნერვის გაღიზიანების გამო (ვაგალური რეფლექსი). აღწერილი სიმპტომები საკმარისია იმისათვის, რომ დაუყონებლივ დაწყებულ იქნას მკურნალობა – ვენაში 1 ლ ახლადგაყინული პლაზმა ნაკადით ან სწრაფად წვეთობრივად (დაახლოებით 100 წუთში). ერითროციტული მასის გადასხმის საჭიროება მწვავე სისხლდენისას არ შეიძლება ობიექტიზირებული იყოს მხოლოდ სისხლის ანალიზის მაჩვენებლებით, ვინაიდან ჰემოგლობინის დონე და ერითროციტების შემცველობა მწვავე სისხლდენიდან უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლოა დარჩეს პრაქტიკულად ნორმის ფარგლებში, ფაქტიური ანემიზაციის ნებისმიერი ხარისხის დროს. ერითროციტული მასის გადასხმის აუცილებლობას განსაზღვრავენ ისეთი მონაცემებით როგორიცაა, კონიუნქტივის, ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, ქოშინი (ცხვირის ფრთების მონაწილეობა სუნთქვაში), პლაზმის გადასხმის შემდეგ მოუსვენრობა ან გონების დაბინდვა (მოხუცებულებში). მცირე სისხლდენებისას, რომელთაც არ ახლავთ ცირკულაციური დარღვევები (ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა), ტრანსფუზული თერაპია ან საერთოდ საჭირო არ არის, ან შესაძლებელია შემოვიფარგლოთ მარილოვანი ან კოლოიდური ხსნარების გადასხმით, პლაზმის შემცვლელებით. სისხლის გადასხმა ყველა შემთხვევაში უკუნაჩვენებია (გარდა შემთხვევებისა, როდესაც ექიმს არა აქვს სისხლის კომპონენტები – ახლადგაყინული პლაზმა და ერითროციტული მასა). საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ხანდაზმულებში კუჭის მწვავე წყლულებიდან სისხლდენა არაიშვიათად ვლინდება დსშ სინდრომით, რომელიც წარმოიქმნება სხვა დაავადების გამო (მიოკარდის ინფარქტი, ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა, კოლაფსი მძიმე ინფექციის დროს და სხვ.).

ქირურგიული დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.