სპონტანური პნევმოთორაქსი

სპონტანური პნევმოთორაქსი spontaneous pneumothorax

სპონტანური პნევმოთორაქსიპლევრის ღრუში უარყოფითი წნევის დაკარგვა, რასაც ახლავს ფილტვის ნაწილობრივი ან ტოტალური კოლაფსი. პლევრის ღრუში ჰაერის ხელახალი შეღწევა იწვევს დაჭიმული (ვენტილური) პნევმოთორაქსის წარმოქმნას, რომელიც განაპირობებს ფილტვის მასიურ კოლაფსსა და შუასაყარის ორგანოების გადაწევას. დამახასიათებელი სიმპტომია უეცარი ინტენსიური ტკივილი გულმკერდის ღრუში, რომელიც ვითარდება სრულიად ჯანმრთელ ფონზე; გამოხატულია ჰაერის უკმარისობა, ციანოზი, ტაქიკარდია. შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, პერკუსიით – კოლოფისებრი ხმიანობა, სუნთქვითი ხმიანობა შესუსტებული ან გამქრალია.

საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. სპონტანური პნევმოთორაქსი შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორადი. პირველადი წარმოიქმნება სუბპლევრული ემფიზემური ბულების გახსნით, – ხშირად ფილტვის მწვერვალში. ჩვეულებრივ, ესენი არიან ტანმაღალი ავადმყოფები შეუსაბამოდ დაბალი სხეულის მასით. პნევმოთორაქსი წარმოიქმნება მშვიდ მდგომარებაში, იშვიათად – დატვირთვისას. მწეველები უფრო მიდრეკილნი არიან სპონტანური პნევმოთორაქსისადმი. რეციდივის ალბათობა პლევროდეზის გარეშე შეადგენს 50%-ს. მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი ხშირად წარმოიქმნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ფონზე (ტუბერკულოზი, სილიკოტუბერკულოზი, სარკოიდოზი, ბრონქული ასთმა, ფილტვის ინფარქტი, რევმატოიდული დაავადებები, ექინოკოკოზი, ბერილიოზი). მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის კლინიკა შედარებით მძიმეა.

სპონტანური პნევმოთორაქსის მკურნალობა ითვალისწინებს ორ მიზანს: ჰაერის გამოდენა პლევრის ღრუდან და რეციდივის წარმოქმნის ალბათობის შემცირება. პირველი სამკურნალო დახმარებაა – პლევრული ღრუს პუნქცია და ჰაერის ასპირაცია, შემდგომი დრენირებით. რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება პლევროდეზი.

მენსტრუალური პნევმოთორაქსი უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. წარმოიქნება მენსტრუაციის დაწყებიდან პირველ 48 საათში; წარმოშობა უცნობია. მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ოვულაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება თორაკოტომული პლევროდეზი.

ნეონატალური პნევმოთორაქსი ხშირად აღინიშნება ახალშობილებში დაახლოებით 1-2%-ში, და 2-ჯერ უფრო ხშირად ბიჭუნებში. მიზეზი უკავშირდება ფილტვის პირველი გაშლის მექანიკურ პრობლემებს, ასევე რესპირატორულ დისტრესს-სინდრომს. დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიურია. კლინიკური სიმპტომატიკის მიხედვით ტარდება პლევრის ღრუს დრენირება. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში.

პროგნოზი პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის დროს კეთილსაიმედოა, ხოლო მეორადის დროს – განისაზღვრება ძირითადი დაავადების მიმდინარეობით.

ქირურგიული დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.