პერიტონიტი ახალშობილებში

პერიტონიტი ახალშობილებში

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პერიტონიტი ახალშობილებში პოლიეტიოლოგიური დაავადება, რომლის მიზეზია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლის პერფორაცია, მისი განვითარების მანკების, ნეკროზული ენტეროკოლიტის დროს, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამასთან პერიტონეუმის ბაქტერიული დაინფიცირება ხდება კონტაქტური გზით. სეფსისის დროს შესაძლებელია ასევე ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გავრცელება მუცლის ღრუში, რაც იწვევს მასში მეტასტაზური, ჩვეულებრივ, შემოფარგლული ჩირგქროვების განვითარებას. გავრცელების მიხედვით პერიტონიტს ყოფენ: დიფუზურ და შემოფარგლულ ფორმებად.

ღრუ ორგანოს პერფორაციით გამოწვეული პერიტონიტის დროს ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა; ვლინდება მოდუნება, ადინამია, რომელიც იცვლება პერიოდული აგზნებით, შეუჩერებელი ღებინება. კანის საფარველი მორუხო-თეთრი ფერისაა, მშრალი და ცივია. სუნთქვა ხშირია, ზედაპირული, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია 120 – 130-მდე წუთში, – სუსტი ავსებისა და არითმულია. დამახასიათებელია მუცლის მკვეთრი შებერვა, პალპაციით აღინიშნება დიფუზური მტკივნეულობა. ნაწლავთა პერისტალტიკა არ ისმინება, ღვიძლის მოყრუება არ აღინიშნება. განავლისა და გაზების გამოყოფა შეჩერებულია. მიმოხილვით რენტგენოგრამაზე აღინიშნება თავისუფალი აირი დიაფრაგმის გუმბათზე (პნევმოპერიტონეუმი). განსაკუთრებით ხშირია ნაწლავის პერფორაცია ნეკროზული ან წყლულოვანი ენტეროკოლიტის დროს, რომელიც ვითარდება გადატანილი ჰიპოქსიის ან სეფსისის გახანგრძლივებული მიმდინარეობის, ნაწლავის კედელში მიკროცირკულაციის დარღვევის დროს. ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულებში გვხვდება მწვავე აპენდიციტი, რომელიც არადროული დიაგნოსტიკის დროს ხდება პერიტონიტის მიზეზი. დღენაკლ ბავშვებში მწვავე აპენდიციტს გააჩნია თავისებურებები. იგი ვითარდება ჭიანაწლავის კედელში მძიმე ცირკულაციური დარღვევების გამო. განმსაზღვრელი ფაქტორია ნაწლავში პირობით-პათოგენური მიკროფლორის ჭარბი განვითარება (კლებსიელა, პროტეა, ლურჯი ჩირქის ჩხირი და ა. შ.). ანტიბაქტერიული, ჰორმონული და იმუნომასტიმულირებელი თერაპიის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ანთებითი პროცესის შემოფარგვლა მუცლის ღრუში და აპენდიკულური ინფილტრატისა და აბსცესის ფორმირება. დღენაკლულებში აპენიდიციტის მიმდინარება ხასიათდება სწრაფად მზარდი ტოქსიკოზით, კუჭისა და ნაწლავის პარეზით. მწვავე აპენდიციტის კლასიკური ნიშნების გამოვლინება დღენაკლულ ბავშვებში საკმაოდ რთულია; და მაინც, რიგ ავადმყოფებში შესაძლებელია გამოვლინდეს ლოკალური მტკივნეულობა და კუნთების დაჭიმვა, მარჯვნივ თეძოსქვედა მიდამოს შეშუპება და ჰიპერემია. ზოგჯერ ხერხდება ინფილტრატის პალპირება. დიაგნოსტიკაში ექიმს ეხმარება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ავადმყოფზე დინამიკური დაკვირვება. ღრუ ორგანოს პერფორაციის არარსებობისას, დიფუზური პერიტონიტი ხასიათდება ინტოქსიკაციის სიმპტომების თანდათანობითი ზრდითა და ნაწლავის პარეზით. სისხლის ანალიზში ვლინდება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა.

პერიტონიტი ახალშობილებში -მკურნალობა ოპერაციულია; ლეტალობა პერიტონიტის დროს ახალშობილებში, და განსაკუთრებით დღენაკლულებში საკმაოდ მაღალია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები