ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფუნქციის მოშლით, რომელიც გამოწვეულია მისი პარენქიმის მწვავე ან ქრონიკული დაზიანებით.
განასხვავებენ ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას და მის 3 სტადიას: პირველი სტადია – საწყისი (კომპენსატორული), მეორე სტადია – გამოხატული (დეკომპენსირებული) და მესამე სტადია – ტერმინალური (დისტროფიული).

ღვიძლის უკმარისობის ტერმინალური სტადია მთავრდება ღვიძლის კომით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ღვიძლის მწვავე უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს ვირუსული ჰეპატიტის მძიმე ფორმების, საწარმოო (დარიშხანის შენაერთები, ფოსფორის და სხვ.), მცენარეული და სხვა ჰეპატოტროპული შხამებით მოწამლვების დროს, ასევე ზოგიერთი წამლით, სხვა ჯგუფის სისხლის გადასხმით და რიგი სხვა ფაქტორებით.

ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა

ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა წარმოიქმნება ღვიძლის მრავალი ქრონიკული დაავადებების პროგრესირების დროს (ციროზი, ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვ.).
ღვიძლის უკმარისობა ვითარდება ჰეპატოციტების დისტროფიით, გავრცელებული ნეკრობიოზით და პორტაკავალური ანასტომოზების მასიური განვითარებით, რომლის გავლითაც სისხლის მნიშვნელოვანი ნაწილი კარის ვენიდან შედის ღრუ ვენებში და შემდეგ არტერიულ ნაკადში, ღვიძლის გვერდის ავლით (რაც კიდევ უფრო აქვეითებს მის მონაწილეობას მავნე ნივთიერებების დეზინტოქსიკაციაში, რომლებიც შეიწოვებიან ნაწლავიდან).
განსაკუთრებით ზიანდება ღვიძლის ანტიტოქსიკური ფუნქცია, კლებულობს მისი მონაწილობა ცვლის სხვადასხვა სახეებში (ცილოვანი, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, ელექტროლიტური, ვიტამინებისა და სხვ.).

სიმპტომები, მიმდინარეობა

ღვიძლის უკმარისობის სინდრომის სიმპტომები დამოკიდებულია ღვიძლის დაზიანების ხასიათზე, პროცესის მიმდინარეობის სიმწვავეზე. პირველ სტადაში კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება, თუმცა ქვეითდება ორგანიზმის ტოლერანტობა ალკოჰოლისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისადმი, დადებითია ღვიძლის სინჯების შედეგები.
მეორე სტადიისათვის დამახასიათებელია კლინიკური სიმპტომები: არამოტივირებული სისუსტე, შრომიუნარიანობის დაქვეითება, დისპეფსიური დარღვევები, სიყვითლის, ჰემორაგიული დიათეზის, ასციტის, ზოგჯერ ჰიპოპროტეინემიური შეშუპებების გაჩენა და მისი პროგრესირება.

დიაგნოსტიკა

ლაბორატორიული გამოკვლევები აჩვენებენ ღვიძლის სინჯების ნორმიდან გადახრას; დაქვეითებულია სისხლში ალბუმინის, პროთრომბინის, ფიბრინოგენის, ქოლესტერინის შემცველობა. სისხლში მატულობს ამინოტრანსფერაზების შემცველობა, განსაკუთრებით ალანინამინოტრანსფერაზის; ხშირია ანემია, ედსის მომატება.
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების ხარისხი შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე რადიოიზოტოპური ჰემატოგრაფიით.
მესამე სტადიაში აღინიშნება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევები, დისტროფიული ცვლილებები არა მხოლოდ ღვიძლში, არამედ სხვა ორგანოებშიც; ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს გამოხატულია კახექსია. ვლინდება მოახლოებული ღვიძლისმიერი კომის ნიშნები.

ღვიძლისმიერი კომა (ჰეპატარგია)

ღვიძლის კომის განვითარებაში გამოყოფენ პრეკომის სტადიას, მოახლოებულ კომას და საკუთრივ კომას. განასხვავებენ აგრეთვე ღვიძლ – უჯრედოვან (ენდოგენურ) კომას, რომელიც ვითარდება პარენქიმის მასიური ნეკროზის შედეგად, პორტოკავალურს, რომელიც განპირობებულია ღვიძლის გამოთიშვით ცლითი პროცესებიდან გამოხატული პორტოკავალური ანასტომოზების შედეგად, და შერეულ კომას, რომელიც გვხვდება უმთავრესად ღვიძლის ციროზის დროს.
პრეკომატოზურ პერიოდში ჩვეულებრივ აღინიშნება პროგრესირებადი ანორექსია, გულისრევა, ღვიძლის ზომების შემცირება, სიყვითლე, ჰიპერბილირუბინემია, სისხლში ნაღვლის მჟავების მომატება. შემდეგში მატულობს ნერვულ – ფსიქიკური დარღვევები, აზროვნების შეფერხება, დეპრესია, ზოგჯერ ეიფორია. დამახასიათებელია ხასიათის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა; ქვეითდება მეხსიერება, ირღვევა ძილი.
ეკგ – ზე რეგისტრირდება ნელი დელტა – და ტეტრატალღები. ძლიერდება მყესთა რეფლექსები, დამახასიათებელია კიდურების ტრემორი; ვითარდება აზოტემია. აქტიური თერაპიის გავლენით ავადმყოფები შესაძლოა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ხშირად ღვიძლის შეუქცევადი ცვლილებებისას ვითარდება კომა.
კომის პერიოდში შესაძლებელია აგზნება, რომელიც შემდეგში იცვლება დათრგუნვით (სტუპორი) და ცნობიერების პროგრესირებადი დარღვევით, მის თითქმის სრულ დაკარგვამდე. ვითარდება მენინგეალური მოვლენები, პათოლოგიური რეფლექსები, მოუსვენრობა, კრუნჩხვები; ირღვევა სუნთქვა (კუსმაულის, ჩეინ – სტოქსის); პულსი სუსტი, არითმულია; ადგილი აქვს სხეულის ჰიპოთერამიას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ავადმყოფს ლოყები ჩაცვენილი აქვს, კიდურები ცივი; აღინიშნება სუნი პირიდან, ასევე კანიდან აღინიშნება დამახასიათებელი ღვიძლისმიერი მოტკბო სუნი, ძლიერდება ჰემორაგიული მოვლენები.
მატულობს ედსი, ნარჩენი აზოტი და ამიაკი სისხლის შრატში, ადგილი აქვს ჰიპოკალიემიას და ხშირად ჰიპონატრიემიას; მეტაბოლურ აციდოზს.
ღვიძლის მწვავე უკმარისობა ვითარდება სწრაფად, რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში; დროულად ჩატარებული თერაპიის დროს შესაძლოა იყოს შექცევადი.
ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა ვითარდება თანდათანობით, რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში, მაგრამ მაპროვოცირებელი ფაქტორების თანდართვა (ალკოჰოლის მიღება, სისხლდენა ვარიკოზულად გაფართოებული ვენებიდან, ინტერკურენტული ინფექცია, ფიზიკური გადაღლა, დიდი რაოდენობით შარდმდენების მიღება და სხვ.) შესაძლოა მოახდინოს ღვიძლის კომის პროვოცირება.

პროგნოზი

პროგნოზი, განსაკუთრებით ქრონიკული უკმარისობის დროს ცუდია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ღვიძლის კომამ შესაძლოა განიცადოს რეგრესი და თვეების მანძილზე კვლავ ჰქონდეს რეციდივი.

მკურნალობა

ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას (ჰეპატიტის, ლეპტოსპიროზის და სხვა იფექციური დაავადებების დროს ინფექციურ საავადმყოფოში, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას – მოწამვლის ცენტრში).
მწვავედ განვითარებვული ღვიძლის უკმარისობის და ღვიძლის კომის დროს ძალზედ მნიშვნელოვანია ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობის შენარჩუნება კრიტიკული პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე დღე), ღვიძლის რეგენერაციულ უნარზე გათვლით.
ატარებენ ძირითადი დაავადების მკურნალობას, ტოქსიკური ჰეპატოზების დროს ტარდება ტოქსიკური ფაქტორის მოხსნისაკენ მიმართული ღონისძიებები.

პროფილაქტიკა

ღვიძლის მწვავე უკმარისობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ღვიძლის ინფექციური და ტოქსიკური დაზიანებების პროფილაქტიკას.
ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ღვიძლის დაავადებების დროულად მკურნალობას; დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლას ალკოჰლიზმთან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ღვიძლის უკმარისობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ღვიძლის უკმარისობის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფუნქციის მოშლით, რაც გამოწვეულია მისი პარენქიმის მწვავე ან ქრონიკული დაზიანებით
🔎 განასხვავებენ ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას და მის 3 სტადიას:
➡️ პირველი სტადია – საწყისი (კომპენსატორული) სტადია – კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება, თუმცა ქვეითდება ორგანიზმის ტოლერანტობა ალკოჰოლისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისადმი;
➡️ მეორე სტადია – გამოხატული (დეკომპენსირებული) სტადია – დამახასიათებელია კლინიკური სიმპტომები:
✔️ არამოტივირებული სისუსტე;
✔️ შრომიუნარიანობის დაქვეითება;
✔️ დისპეფსიური დარღვევები;
✔️ სიყვითლის, ჰემორაგიული დიათეზის, ასციტის, ზოგჯერ ჰიპოპროტეინემიური შეშუპებების გაჩენა და მისი პროგრესირება
➡️ მესამე სტადია – ტერმინალური (დისტროფიული) სტადია, მთავრდება ღვიძლის კომით
👉 გაიგეთ მეტი ღვიძლის უკმარისობაზე სტატიიდან –
#ღვიძლისუკმარისობა #ღვიძლისმწვავეუკმარისობა #ღვიძლისქრონიკულიუკმარისობა #ღვიძლისუკმარისობისსიმპტომები #ღვიძლისუკმარისობისნიშნები #ღვიძლისუკმარისობისდიაგნოსტიკა #ღვიძლისუკმარისობისმკურნალობა #ღვიძლისმიერიკომა #ჰეპატარგია #ღვიძლისუკმარისობისსინდრომი #ღვიძლისდაავადებები #ღვიძლისაღდგენა #თვალებისსიყვითლე #კანისსიყვითლე #მუქიშარდი #დეზორიენტაცია #დაბნეულობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

.