პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი

 პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი portal hypertension

პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კარის ვენის სისტემაში წნევის მომატებით, ბუნებრივი პორტოკავალური ანასტომოზების გაფართოებით, სპლენომეგალიით. განასხვავებენ პორტული ჰიპერტენზიის ღვიძლგარე, ღვიძლშიგა და შერეულ ფორმებს. გამოყოფენ აგრეთვე პორტული ჰიპერტენზიის მწვავე და ქრონიკულ სინდრომებს. კარის ვენაში სისხლის მიმოქცევის გაძნელება იწვევს მისი ანასტომოზების გაფართოებას; ხდება საყლაპავისა და კუჭის ვენების, ჰემოროიდალური წნულის ვარიკოზული გაფართოება; ფართოვდება ზედაპირული ვენები, რომლებიც მიემართებიან ჭიპიდან (,,მედუზას თავის” სიმპტომი). სისხლის შეგუბების, კარის ვენაში წნევის მომატების, ასევე ჰიპოალბუმინემიის გამო, წარმოიქმნება ასციტი, დიდდება ელენთა.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ადრეულ სტადიაზე მიმდინარეობს უსიმპტომოდ, შედარებით გვიანი სტადიებისათვის დამახასიათებელია ასციტი, ჰემოროიდალური და კანქვეშა ჭიპის ირგვლივი ვენების გაფართოება, განმეორებითი ჰემოროიდალური ან საყლაპავ – კუჭის პროფუზული სისხლდენები; დიაგნოზი დასტურდება საყლაპავის კონტრასტული რენტგენოგრაფიით. შედარებით უფრო ზუსტია წნევის განსაზღვრა საყლაპავის ვენებში, თუმცა უფრო ხშირად ტარდება სპლენომანომეტრია; პორტული ჰიპერტენზიის დროს წნევა ელენთაში მატულობს 70 – 150 – დან 300 – 600 მმ.ვწყ.სვ და მეტად. სპეციალური რენტგენოლოგიური მეთოდები – სპლენოპორტოგრაფია და ტრანსუმბილიკალური პორტოჰეპატოგრაფია – აუცილებელ შემთხვევებში საშუალებას იძლევა დადგინდეს პორტული სისხლმიმოქცევის დარღვევების მიზეზი.

მიმდინარეობა და პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, რამაც გამოიწვია პორტული ჰიპერტენზია, და თანდართულ გართულებებზე, რომელთაგან განსაკუთრებით საშიშია საყლაპავ – კუჭის სისხლდენები. ასციტური სითხის დიდი რაოდეობით სწრაფი ამოღებამ და დიურეტიკების დიდი რაოდენობით დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის კომის განვითარება. ქირურგიული მკურნალობის გარეშე ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ საყლაპავ – კუჭისსისხლდენები, ცოცხლობენ არა უმეტეს 1 – 1,5 წლისა. მკურნალობა ქირურგიულია (პორტოკავალური ან სპლენორენალური ანასტომოზის დადება). ავადმყოფებს ეკრძალებათ ფიზიკური დატვირთვები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.