თავის ტვინის აბსცესი

თავის ტვინის აბსცესი brain abscess

თავის ტვინის აბსცესი – ტვინის ნივთიერებაში ჩირქის კეროვანი დაგროვება.

თავის ტვინის აბსცესიეტიოლოგია, პათოგენეზი. აბსცესი ვითარდება ტვინთან ახლოს მდებარე ჩირქოვანი კერებიდან, ასევე ექსტრაკრანიალური ჩირქოვანი კერებიდან თავის ტვინის ქსოვილში ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის შედეგად, აგრეთვე თავის ქალას ღია ტრამვების დროს. შემთხვევათა 30%-ში ტვინის აბსცესს აქვს ოტოგენური წარმოშობა, ლოკალიზდება საფეთქლის წილში ან ნათხემში. აბსცესების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია ფილტვების ჩირქოვანი დაავადებები.

თავის ტვინის აბსცესისიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტის სურათით: მძიმე ზოგადი მდგომარეობა, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, მენინგეალური ნიშნები, პოლინუიკლეარული ლეიკოციტოზი, ედსის მომატება, ზომიერი პლეოციტოზი ცერებრულ-სპინურ სითხეში. გამომწვევის მაღალი ვირულენტობის დროს ხდება ტვინის ქსოვილის გალღობა, წარმოიქმნება ჩირქით ავსებული ღრუები და ფორმირდება აბსცესის კაფსულა. მისი სრული განვითარების მომენტისათვის (4-6 კვირის შემდეგ) ზოგადი ინფექციური სიმპტომები ცხრება და ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. შემდგომში თანდათანობით მატულობს ქალაშიდა ჰიპერტენზია და ტვინის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. ცერებრულ-სპინური სითხე აბსცესის ინკაფსულირების დროს მცირედაა შეცვლილი ან სრულიად არ არის შეცვლილი. სისხლის მხრივ ცვლილებები უმნიშვნელოა. აღწერილი ფსევდოტუმოროზული სტადია შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. აბსცესის გადიდებისა და დისლოკალციური მოვლენების გაღრმავებასთან ერთად მატულობს ტვინის თიაქრის განვითარების საფრთხე. მენინგოენცეფალიტთან ან მენინგიტთან ტვინის აბსცესის დიფერენციალური დიაგნოზის გატარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ექოენცეფალოგრაფიის მონაცემები და კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა განვასხვავოთ აბსცესი სიმსივნისაგან. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, შერწყმული ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიასთან.

თავის ტვინის აბსცესიპროგნოზი. ოპერაციის შემდგომი ლეტალობა შეადგენს 20-30%-ს. განსაკუთრებით ცუდი პროგნოზია მოსალოდნელი მრავლობითი აბსცესების დროს, რაც ამ დაავადების შემთხვევების 10%-ს შეადგენს. ავადმყოფებს ოპერაციის შემდეგ რჩებათ მყარი რეზიდუალური სიმპტომატიკა (ჰემიპარეზები, აფაზია, ატაქსია და სხვ.)

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტვინის აბსცესი – ვითარდება ორგანიზმში არსებული დიდი, ჩირქოვანი კერიდან თავის ტვინში ჩირქმბადი ბაქტერიების მოხვედრის შედეგად. ყველაზე ხშირად აბსცესის წყაროა შუა ყურის ანთება, ზედა ტუჩის ფურუნკული, შუბლის და ზედა ყბის წიაღების ანთება, თავის ქალის ღია მოტეხილობები და ცეცხლნასროლი ჭრილობები. ზოგჯერ ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით, ინფექცია გადაეცემა შორეული კერებიდანაც. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავის ტვინის აბსცესების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. მასში ერწყმის თავის ტვინის საერთო სიმპტომები და სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია აბსცესის ლოკალიზაციასთან. თავის ტვინის აბსცესის ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებებია თავის ტკივილი, აგზნებული ან პირიქით, დათრგუნული მდგომარეობა, აპათია, გულისრევა და ღებინება, რომლებიც ვლინდება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, პულსის შენელება, განსაკუთრებით თავის ტკივილის შეტევის დროს, ცერებროსპინურ სითხეში წნევის მომატება. სხეულის ტემპერატურა ხშირად სუბფებრილურია, თუმცა ზოგჯერ მნიშვნელოვნად მატულობს. ჩირქგროვის თავის ტვინის მამოძრავებელ ზონაში განლაგების შემთხვევაში, აღინიშნება კრუნჩხვები, კიდურების შესაბამისი სეგმენტების პარეზები და დამბლები; ნათხემში ლოკალიზაციისას – თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა; საფეთქლის წილში განლაგების შემთხვევაში – სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, მეტყველების დარღვევა.

.