სატყლისებრი ლიქენი

სატყლისებრი ლიქენი (herpes) zoster

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სატყლისებრი ლიქენი მწვავე ვირუსული დაავადება, რომელც ვლინდება ტკივილითა და კანზე გამონაყრით.

სატყლისებრი ლიქენი – ეტიოლოგია. ჩუტყვავილას ვირუსი.

სატყლისებრი ლიქენიპათოგენეზი. ერთი ან რამდენიმე სპინური განგლიისა და უკანა ფესვების მიმდებარე უბნების ან ქალას ნერვების ჰომოლოგიური წარმონაქმნების ანთება. ითვლება, რომ ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილას შემდეგ მისი ვირუსები რჩება სპინურ განგლიებში. სპონტანურად (იდიოპათიკური ფორმა) ან მძიმე დაავადების შედეგად (ლეიკოზები, კიბო), ვირუსები ხდება პათოგენური და გარდა დერმატოტროპული თვისებისა, იძენს აგრეთვე ნეიროტროპულ თვისებებსაც.

სატყლისებრი ლიქენისიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მწვავე ფესვური ტკივილებით, საერთო სისუსტისა და უმნიშვნელო ცხელების ფონზე. ტკივილთან ერთად ფესვების დაზიანების ზონაში ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი; მძიმე შემთხვევებში მათ აქვს ბულოზური ან ნეკროზული ხასიათი. რიგ შემთხვევებში, გარდა სეგმენტური გამონაყრისა, ვითარდება გაფანტული ვეზიკულები. ზოგჯერ გამონაყარსა და ტკივილებს თან ახლავს კუნთების დამბლა; მუცლის კედლის კუნთებში პარეზის განვითარების შემთხვევაში წარმოიქმნება გამობერილობები, რომელიც ეჭვს ბადებს სიმსივნის არსებობაზე. შემთხვევათა ნახევარში herpes zoster ლოკალიზდება გულმკერდის სეგმენტებში, დაახლოებით 20%-ში ზიანდება სამწვერა კვანძი. ამ უკანასკნელის დროს ტკივილი და გამონაყარი ლოკალიზდება ხშირად პირველი ტოტის ზონაში: ქუთუთოები და შუბლი. Herpes zoster ophthalmicus წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს მხედველობისათვის რქოვანაზე გამონაყრის განვითარების შემთხვევაში; რქოვანას დაზიანება წარმოიქმნება პროცესში ნაზურ-ცილიარული ტოტის ჩართვის დროს. დამუხვლილი განგლიის დაზიანება იწვევს გამონაყარს ყურის ნიჟარაში, სახის არეში ტკივილისა და სახის, ზოგჯერ კი კოქლეოვესტიბულური ნერვის პარეზებს. ზოგჯერ ჰერპესული გამონაყარი წარმოიქმნება პლევრაზე, შარდის ბუშტში ან თორმეტგოჯა ნაწლავში. დაავადების მწვავე სტადიაში ცერებრულ-სპინურ სითხეში არაიშვიათად აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი. რამდენიმე კვირის შემდეგ კანზე გამონაყარი ქრება, ტკივილები წყდება. თუმცა საშუალო ასაკისა და განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში ზოგჯერ რჩება მყარი პოსტჰერპესული ნევრალგია. განმეორებითი დაავადება ძალზე იშვიათია და აღინიშნება მძიმე სომატური დაავადების ფონზე.

 

სატყლისებრი ლიქენი მკურნალობა. ანალგეტიკები, ანტიჰისტამინური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები. დეზინფექციური მაზებითა და ხსნარებით აუცილებელია კანის ეროზიული უბნების დაცვა სუპერინფექციისაგან.

სატყლისებრი ლიქენი – პროგნოზი კეთილსაიმედოა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები