მხედველობის ნერვის ატროფია

მხედველობის ნერვის ატროფია optic atrophy

მხედველობის ნერვის ატროფია – ეტიოლოგია

ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებები, თავის ტვინის, მისი გარსების და სისხლძარღვების დაავადებები, ზოგადი ინტოქსიკაციები, მემკვიდრეობითი  ფაქტორი.

მხედველობის ნერვის ატროფია – პათოგენეზი

ნერვული ბოჭკოების დესტრუქცია, მათი ჩანაცვლება გლიური და შემაერთებელი ქსოვილით.

მხედველობის ნერვის ატროფია – სიმპტომები, მიმდინარეობა

განასხვავებენ მხედველობის ნერვის პირველად და მეორად, ნაწილობრივ და სრულ, სტაციონარულ და პროგრესირებად ატროფიას. პირველადი ატროფიის დროს მხედველობის ნერვის დისკო მკრთალია მკაფიო საზღვრებით, აღინიშნება ბრტყელი ექსკავაციის წარმოქმნა, ბადურის არტერიული სისხლძარღვების შევიწროება; მხედველობა დაქვეითებულია.

მხედველობის ველი შევიწროებულია, ვლინდება სკოტომები. მეორადი ატროფიის ადრეულ სტადიაში, რომელიც ვითარდება ანთების ან შეგუბებითი მოვლენების შემდეგ, მხედველობის ნერვის მკრთალ დისკოს აქვს არამკაფიო საზღვრები, რამდენადმე წამოწეულია, ბადურის ვენები გაფართოებულია; მოგვიანებით სტადიაში სურათი მოგვაგონებს პირველად ატროფიას. ნაწილობრივი ატროფიის დროს ფუნქციონალური და ოფთალმოსკოპური ცვლილებები ნაკლებადაა გამოხტული, ვიდრე სრული ატროფიის დროს. პროგრესირებადი ატროფია ხასიათდება მხედველობის განუხრელი დაქვეითებით, სტაციონარული – მხედველობითი ფუნქციის სტაბილიზაციით.

მხედველობის ნერვის ატროფია – დიაგნოზი

ეყრდნობა დამახასიათებელ ოფთალმოსკოპურ სურათს და მხედველობითი ფუნქციის დარღვევებს.

მხედველობის ნერვის ატროფია – მკურნალობა

ზოგადი თერაპია ძირითადი დაავადების მიხედვით. პროგნოზი სერიოზულია. მხედველობის შენარჩუნება ხერხდება მხოლოდ ნაწილობრივი ატროფიის სტაბილიზაციის დროს.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მხედველობის ნერვის ატროფია – (თვალის დაავ.) ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების (ახალწარმონაქმნები, სიფილისი), ქალას ტრამვების, ქრონიკული ინტოქსიკაციების (ვერცხლისწყლით, ქინინით, ნიკოტინით, მეთილის და ეთილის სპირტით), მხედველობის ნერვის ანთების, მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკის, თვალის ტრამვების, თვალის სისხლძარღვოვანი ან ბადურა გარსების ანთებითი და დისტროფიული დაზიანებების, პირველადი და მეორადი გლაუკომის შედეგად. სიმპტომები. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დეფექტები მხედველობის არეში. ოფთალმოსკოპიურად მოჩანს მხედველობის ნერვის ფერმკრთალი დისკი, მისი საზღვრები ან ძალიან მკვეთრია (ატროფია ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების, ქრონიკული ინტოქსიკაციების შედეგად), ან გადაშლილი (ატროფია ანთების ან მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკის შემდეგ); ბადურას სისხლძარღვები ხშირად შევიწროებულია. მხედველობის ნერვის გლაუკომატოზურ ატროფიას თან სდევს დისკის კიდითი ექსკავაცია.მხედველობის ნერვების პროგრესირებად ატროფიას მივყავართ სრულ სიბრმავემდე, გუგების რეფლექტორულ უმოძრაობამდე. 2. მხედველობის ნერვი დეგენერაცია. პირველადი ატროფიის მიზეზები შესაძლებელია იყოს ნერვული სისტემის დაავადებები, ტრავმა, გლაუკომა, სიმსივნე, ინტოქსიკაციები, ბადურის დაავადებები. ნერვის მეორადი ატროფია ვითარდება როგორც მისი ანთების ან შეშუპების შედეგი.