ფილტვის ინფარქტი

ფილტვის ინფარქტი pulmonary infarction

ფილტვის ინფარქტი (pulmonary infarction) –  ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბით ან ემბოლით დახშობის შედეგად. ეს დაზიანება, უფრო ხშირად, დაკავშირებულია ქვემო კიდურების თრომბოფლებიტთან, რომელიც ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს. ფილტვის არტერიის მასიურმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს უცაბედი სიკვდილი. ფილტვის ინფარქტი შესაძლებელია განვითარდეს სისხლის შეგუბების ფონზე, შემდგომში ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოზის განვითარებით.

ფილტვის ინფარქტი  – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადებას საფუძვლად უდევს სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენების თრომბოზი (ქვედა კიდურების, მცირე მენჯის, თეძოს, ქვედა ღრუ ვენის და ა. შ.), შედარებით იშვიათად გულის მარჯვენა ნახევრის ღრუების თრომბოზი. პერიფერიული თრომბოფლებიტების განვითარებას განაპირობებს ქირურგიული ჩარევები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გრძელი ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ხანგრძლივი იმობილიზაცია (კერძოდ წოლითი რეჟიმი). ფილტვის სისხლძარღვთა თრომბიზს იწვევს ფილტვებში სისხლმიმოქცევის შეგუბება და შენელება, სტაბილური ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, ფილტვისმიერი ვასკულიტი. სისხლძარღვის ობტურაციას თან ახლავს ფილტვის არტერიების სისტემაში რეფლექტორული სპაზმი, რაც იწვევს მწვავე ფილტვისმიერ ჰიპერტონიას და გულის მარჯვენა ნაწილების გადატვირთვას. წარმოიქმნება დიფუზიის დარღვევები და არტერიული ჰიპოქსემია, რომელიც ღრმავდება დაუჟანგავი სისხლის შუნტირებით არტერიოვენური ანასტომოზების გავლით ფილტვებში და სისტემათშორისი ანასტომოზების გავლით. ფილტვის ინფარქტი ხშირად ვითარდება უკვე არსებული ვენური შეგუბების ფონზე და ატარებს ჩვეულებრივ ჰემორაგიულ ხასიათს ბრონქული არტერიებიდან ფილტვის ქსოვილში სისხლჩაქცევის ხარჯზე, რომელიც მიმდინარეობს სისტემათაშუა ანასტომოზებით, ასევე სისხლის უკუდინებით ფილტვის ვენებიდან. ფილტვის ინფარქტი ფორმირდება ფილტვის სისხლძარღვის ობტურაციიდან ერთი დღე – ღამის შემდეგ; მისი სრული განვითარება სრულდება მე – 7 დღეზე. რიგ შემთხვევებში სისხლძარღვის ემბოლიამ შესაძლოა გამოიწვიოს არასრული ინფარქტი ფილტვის კეროვანი აპოპლექსიის ფორმით. ფილტვის ინფარქტის ინფიცირება იწვევს პერიფოკალური პნევმონიის განვითარებას (ბაქტერიული, კანდიდოზური), ხშირად აბსცენდირებით; ინფარქტის სუბპლევრალური მდებარეობისას ვითარდება ფიბროზული ან ხშირად ჰემორაგიული პლევრიტი.

ფილტვის ინფარქტი  – სიმპტომები, მიმდინარეობა განისაზღვრება ობტურირებული სისხლძარღვების კალიბრით, ლოკალიზაციითა და რაოდენობით, კომპენსატორული მექანიზმების მდგომარეობით, გულისა და ფილტვების პათოლოგიით. ყველაზე ხშირი ნიშნებია: უეცრად განვითარებული ქოშინი; ტკივილი გულმკერდში; კანის სიფერმკრთალე, იშვიათად ციანოზი; ტაქიკარდია, შესაძლებელია გულის რიტმის დაღვევები ექსტრასისტოლიის სახით, იშვიათად მოციმციმე არითმია; არტერიული ჰიპოტენზია კოლაფსამდე; მიოკარდის ჰიპოქსიის სიმპტომები; ცერებრული მოშლილობები (ფსიქომოტორული აგზნება, ტვინის შეშუპების მოვლენები, ტვინის კეროვანი დაზიანებები, დაკავშირებული სისხლჩაქცვასთან, პოლინევრიტი); სხეულის ტემპერატურის მომატება; ხველა ლორწოვანი ან სისხლიანი ნახველით; პერკუტორული ხმიანობის მოყრუება; შესუსტემული სუნთქვა, პლევრის ხახუნი და წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინები შემოსაზღვრულ უბანზე; ცალმხრივი ექსუდაციური პლევრიტი პერიფერიული ფლებოთრომბოზის, ფილტვ – პლევრალური ტკივილით გულმკერდში. იშვიათად აღინიშნება აბდომინური სინდრომი, რომელიც ვლინდება მარჯვენა ფერდქვეშა არეში მწვავე ტკივილით, ნაწლავის პარეზით, შჩოტკინის, ორტნერის, პასტერნაცკის ფსევდოდადებითი სიმპტომებით, ლეიკოციტოზით, შეუწყვეტელი სლოკინით, ღებინებით, დისფაგიით, თხიერი განავლით. მწვავე ფილტვისმიერი ჰიპერტენზიისა და გულის მარჯვენა ნახევრის გადატვირთვის ნიშნები აღინიშნება მხოლოდ ფილტვის არტერიის მსხვილი ღეროების ობტურაციით. შესაძლებელია ჩამოთვლილი ნიშნების სხვადასხვა კომბინაციაც.

დიაგნოზი დადგენაში გვეხმარება: ეკგ – ზე გულის მარჯვენა ნახევრის გადატვირთვის ნიშნები; რენტგენოლოგიური გამოკვლევები. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფილტვების რადიოიზოტოპურ სკანირებას, სელექციურ ანგიოპულმონოგრაფიას.

ფილტვის ინფარქტი  – პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, ინფარქტის სიდიდეზე.

სასუნთქი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.