კონდილომა

კონდილომა

კონდილომები კონდილომები (pointed condyloma) მეჭეჭების სახესხვაობაა. აქვთ რბილი წილაკოვანი წანაზარდები, ხშირად ანოგენიტალურ მიდამოში ლოკალიზაციით. კონდილომის გამომწვევია ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტით.

კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. კონდილომების განვითარებას ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების ხანგრძლივი მაცერაცია. წვეტიანი კონდილომები წარმოადგენენ წილაკოვან და ძაფისებურ წანაზარდებს, რომელიც მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს.

კონდილომები მიდრეკილნი არიან დაჯგუფებისაკენ, აქვთ რბილი კონსისტენცია, ტენიანი ხაოიანი ზედაპირი, შევიწროებული ფუძე, სხადასხვა ზომები, არიან მტკივნეულნი, ახლავთ არასასიამოვნო სუნი.

კონდილომების ძირითადი ლოკალიზაციაა ჩუჩა, მცირე სასქესო ბაგეები, პერიანალური მიდამო. სიფილისური ფართო კონდილომებისაგან განსხვავდებიან ფუძის შევიწროებით, წილაკოვანი სტრუქტურით, რბილი კონსისტენციით.

კონდილომების მკურნალობა

როგორც წესი ორ ეტაპად ტარდება. თავდაპირველად ხდება მედიკამენტოზური ზემოქმედება ადამიანის პაპილომა ვირუსზე მანამ, სანამ არ მივიღებთ უარყოფით პასუხს ანალიზზე. შემდეგ ტარდება კონდილომების მოცილება ქიმიური მეთოდით, ლაზერით ან რადიო ტალღური მეთოდით. შემდგომში შესაძლებელია კიდევ ერთი ანტივირუსული თერაპიის კურსის ჩატარება რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

კონსერვატული თერაპიის წარუმატებლობის დროს ნაჩვენებია ელექტროკოაგულაცია, ბასრი კოვზით მოფხეკა ან ქირურგიული მოკვეთა.

კონდილომების მოცილება

შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით. კონდილომებზე ქიმიური ზემოქმედებისას წერტილობრივად დაიტანება სპეციალური პრეპარატი, რომელიც იწვევს მის ქიმიურ დამწვრობას და კონდილომის სიკვდილს. რადიოტალღური დამუშავებისას სპეციალური ელექტროდის საშუალებით ხდება მსხვილი კონდილომების მოცილება და მცირეს მოწვა. ლაზერის საშუალებით ხდება მცირე ზომის კონდილომების აორთქლება და უფრო დიდი ზომების მოცილება.

კონდილომების რეციდივების პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენური მოვლას, პათოლოგიური გამონადენის ლიკვიდაციას.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.