მუნი

მუნი

მუნი ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია ტკიპა. დასნებოვნება ხდება დაავადებული ადამიანიდან პირდაპირი კონტაქტით ან მისი მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1 – 2 კვირაა. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული დედალი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც იგი დებს კვერცხებს. დაახლოებით 2 კვირაში, გაივლის რა განვითარების რამოდენიმე სტადიას, კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ინერგებიან კანის ახალ უბნებში.

 მუნიკლინიკური სურათი. მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, განპირობებული ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი პაპულოვეზიკულები და დაავადებისათვის პათოგნომური ,,მუნის გასავლები” – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით სადაც იმყოფება დედალი ტკიპა. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კანის თხელი ნაზი უბნები (თითებშუა ნაოჭები, სხივ – მაჯის მომხრელი, მუცელი, სასქესო ასო, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი, სარძევე ჯირკვლები). არ ზიანდება სახის კანი და თავის თმიანი ნაწილი. მუნი ხშირად რთულდება პიოდერმიით (ფურუნკულები, ექტიმები, იმპეტიგო).

მუნიდიაგნოზი ეყრდნობა ტიპიურ სიმპტომატიკას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

მუნი მკურნალობა: კანში ანტიპარაზიტული საშუალებების შეზელვა თეთრეულის გამოცვლა. 3 დღის შემდეგ საჭიროა დაბანა და განმეორებით თეთრეულის გამოცვლა. საგნები და საცხოვრებელი საჭიროებენ დეზინფექციას.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მუნი – (კანისა და ვენ. დაავ.) 1. ცხოველებისა და ადამიანის კანის გადამდები დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილი; გამომწვევს წარმოადგენს ტკიპა (Ascarus scabie). 

2. დაავადება, რომლის გამომწვევია მუნისებრი ტკიპა. გადაეცემა უშუალოდ ავადმყოფიდან, აგრეთვე მისი თეთრეულის, პირსახოცის, ტანსაცმლის, სათამაშოების გამოყენების შედეგად. მდედრი ტკიპა კანის რქოვან გარსში წარმოქმნის ჰორიზონტალურად მიმავალ მუნის სავალ გზას, სადაც დებს კიდეც კვერცხებს. სიმპტომები. დაავადებას თან სდევს ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით. ქავილი იწვევს ნაფხანების განვითარებას, რომლებიც ჩვეულებრივ რთულდებიან მეორადი ინფექციით. მუნით დაავადებული ადამიანის სხეულზე მოჩანს მუნისებრი გზები. ისინი უხშირესად ვლინდებიან ხელებზე, მტევნებზე, ხელის თითების გვერდით ზედაპირებზე, იდაყვების, დუნდულოების, მუცლის მიდამოებში, კუნთქვეშა ფოსოების კიდეებზე, მამაკაცებში სასქესო ასოსზე, პატარა ბავშვებში ხელისგულებზე და ფეხისგულებზე. პროფილაქტიკა. ოჯახის ყველა წევრის გასინჯვა, რომლებიც ცხოვრობენ ავადმყოფთან ერთად და ამავდროულად ყველა გამოვლენილი ავადმყოფის მკურნალობა. საბავშვო კოლექტივების, საერთო საცხოვრებლების გასინჯვა, დეზინფექცია.