საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო

საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო – ძირითადად გვხვდება 60-დან 70 წლამდე და უფროსი ასაკის ქალებში. ამ ლოკალიზაციის კიბო განვითარებას ხშირად წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები – ლეიკოპლაკია და კრაუროზი.

ლეიკოპლაკიის დროს კლიტორის ირგვლივ,   სასქესო ბაგეების ლორწოვან გარსებზე ჩნდება თეთრი ფერის ლაქები, რომლებიც შემდეგში გარდაიქმნებიან ბალთებად, ერწყმიან ერთმანეთს და ხშირად წყლულდებიან.

კრაუროზის დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსისა და კანის ატორფია და შეჭმუხვნა. ლეიკოპლაკიისა და კრაუროზის დროს კლინიკური სიმპტომებიდან განსაკუთრებით ხშირია ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.

გარეთა სასქესო ორგანოების კიბო ვლინდება მკვრივი კვანძის ან წყლულის სახით, რომელიც სისხლმდენია. სიმსივნე მდებარეობს კლიტორის, დიდ ან მცირე სასქესო ბაგეებს შორის; დროთა განმავლობაში პროცესში ერთვება საშო, ურეთრა და შორისი. ვითარდება მეტასტაზები საზარდულის, ბარძაყისა და თეძოს ლიმფურ კვანძებში; ზოგჯერ  მეტასტაზები წარმოიქმნება ფილტვებსა და სხვა ორგანოებში.

კლინიკური სიმპტომები

 ქავილი, წვა, სეროზული გამონადენი სისხლის შერევით, ტკივილი. დიაგნოზი ზუსტდება ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევებით. ხშირად ვლინდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების სხვადასხვა ხარისხით.

მკურნალობა

რადიკალური ვულვექტომია, საზარდულის ლიმფური კვანძების ამოკვეთით. ავადმყოფთა 70% ასეთი ოპერაციის შემდეგ ცოცხლობენ 5 წელზე მეტხანს. სხივურ თერაპიას იყენებენ როგორც დამოუკიდებელ მეთოდს, ან ოპერაციისწინა პერიოდში. ქიმიოთერაპიას იყენებენ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში ან დამოუკიდებლად.

საშოს კიბო

ვლინდება დაწყლულებით, დვრილისებრი ზრდით ან ლორწქვეშა ინფილტრატით. სიმსივნე სისხლმდენია; მეტასტაზირდება საზარდულის, თეძოს ლიმფურ კვანძებში. პროგრესირებისას იზრდება შარდის ბუშტში, ურეთრაში, სწორ ნაწლავში.

კლინიკური სიმპტომები სისხლიანი გამონადენი და ტკივილი.

დიაგნოზი ზუსტდება ბიოფსიით (ბრტყელუჯრედოვანი კიბო). დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, საშოზე გადასვლით, საშვილოსნოს სხეულის მეტასტაზებთან. საშოს კიბო მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია (გარე და ღრუსშიგა დასხივების შერწყმა)

______________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები