ხორხის კიბო

ხორხის კიბო

ხორხის კიბო შეადგენს დაახლოებით 2%-ს ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. მამაკაცებში იგი 8-9-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ლოკალიზებული სიმსივნეები აღინიშნება ავადმყოფთა 60%-ში; შემთხვევათა 30%-ში ვლინდება რეგიონალური მეტასტაზები, და 10%-ში – შორეული მეტასტაზები. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა – ბრტყელუჯრედოვანი კიბო. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ხორხის ნაოჭზედა ნაწილი (70%), შემდეგ ნაოჭისა (28%) და ნაოჭქვედა ნაწილი (2%).

ხორხის ნაოჭზედა ანუ ვესტიბულური  კიბო გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით. სიმსივნე ჩვეულებრივ ვრცელდება ზევით და წინ ენის ვალეკულებზე, ენის ფესვსა და ხორხსარქველის წინ. დასაწყისში დაავადება

მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შემდგომში წარმოიქმნება  უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მოგვიანებით ვლინდება ტკივილიც. დათვალიერებისას აღინიშნება ბორცვისებრი წანაზარდი ან ინფილტრატი. მბგერავი იოგების კიბო დროს ძირითადი სიმპტომია ხმის ჩახლეჩა, რომელიც გადადის აფონიაში. ფიბროლარინგოსკოპიით ვლინდება ახალწარმონაქმნი, რომელიც ახდენს მბგერავი იოგის ინფილტრირებასა და გამოდის ხორხის სანათურში.

ნაოჭქვედა კიბო დროს ძირითადი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება და ხმის ჩახლეჩა. გავრცელებული კიბო დროს-ხველა ნახველით, ლპობითი სუნი პირიდან. I და II სტადიის ვესტიბულური კიბო მკურნალობა სხივური თერაპიაა, მესამე და მეოთხე სტადიაში-კომბინირებული მკურნალობა (სხივური თერაპია + ლარინგექტომია), ზოგჯერ რეზექცია ან ლარინგექტომია. მბგერავი იოგების კიბო პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია სხივური თერაპიის გამოყენება ან ქირურგიული ოპერაცია. მესამე და მეოთხე სტადიის კიბო დროს ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა. ნაოჭქვედა კიბოს, პირველ და მეორე სტადიაში, მკურნალობენ ოპერაციული გზით, მესამე და მეოთხე სტადიებში ოპერაციის შემდეგ ატარებენ სხივურ თერპიას. დაავადების გავრცელებულ სტადიებზე შესაძლებელია ქიმიოპრეპარატების დანიშვნა.

სიმსივნური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის კიბო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)უხშირესად გვხვდება 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმპტომები. აზიანებს ხორხის ზედა (ხორხსარქველი, წინა იოგები), შუა (ხმის იოგები) და იოგებსქვეშა ნაწილებს. ხორხის ზედა (ვესტიბულარული) ნაწილის კიბოს დროს აღინიშნება ჩივილები ყლაპვისას უსიამოვნო შეგრძნებებზე, რომლებიც თანდათანობით გადადიან მტკივნეულში. შუა ნაწილის კიბოს დროს ძირითადი და ადრეული სიმპტომი – ხმის ჩახლეჩა; ხანშიშესულ პირებში აღნიშნული ნიშნის გაჩენამ ყიველთვის უნდა მიიქციოს ექიმის ყურადღება. იოგებსქვეშა ნაწილის კიბო კლინიკურად გვიან ვლინდება ხმის ჩახლეჩით და სუნთქვის დარღვევით. ხორხის ზედა ნაწილის კიბოს დროს ჩვეულებრივ დიდდება კისრის ლიმფური კვანძები. ლარინგოსკოპიით ვლინდება სიმსივნე. საბოლოო დიაგნოზის დასმა ხდება ბიოფსიის საშუალებით.