ფილტვის კიბო
ფილტვის კიბო – კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა მამაკაცებსა და ქალებში, 40 წლის ასაკის ზემოთ. ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი განსაკუთრებით მაღალია მწეველებში. მაგალითად, დღეში ორი და მეტი კოლოფი სიგარეტის მოწევისას ფილტვის კიბო სიხშირე იზრდება 15-25-ჯერ; რისკის სხვა ფაქტორებია: მუშაობა ასბესტთან, დასხივება და სხვ.
ფილტვის კიბო სიმპტომებია: ხველა, ნახველის გამოყოფა სისხლთან ერთად, ტკივილი გულმკერდში, პნევმონიისა და ბრონქიტის განმეორებითი ეპიზოდები; სუნთქვის დარღვევა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ჰიპოვენტილაციისა და ფილტვის წილის, ან მთლიანად, ფილტვის ატელექტაზის დროს. ფილტვის კიბო ადრეული ფორმები ხასიათდებიან ნაკლებსიმპტომურობით, შემდეგში კი გამოვლენილი სიმპტომები არასპეციფიკურია ფილტვის კიბოსათვის. ამავე დროს, დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად და სწორი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია სიმპტომების გულდასმითი კლინიკური ანალიზი. ფილტვის დიაგნოსტირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნახველის მრავალჯერად ციტოლოგიურ გამოკვლევას, ფილტვების რენტგენოგრაფიას, ბრონქოსკოპიას სიმსივნის ბიოფსიასთან ერთად, სიმსივნის ტრანსთორაკულ ბიოფსიას. ფილტვის მორფოლოგიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევა საშუალებას იძლევა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი ტუბერკულოზთან, ქრონიკულ პნევმონიასთან, ადენომასთან, კარცინომასთან, სხვადასხვა კეთილთვისებიან წარმონაქმნებთან; ასევე სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს ფილტვებში განვითარებულ მეტასტაზებთან. განასხვავებენ ფილტვის ცენტრალურ კიბოს, რომელიც იზრდება უპირატესად ენდო – ან პერიბრონქულად (შემთხვევათა 80%) და ფილტვის პერიფერიულ კიბოს; იშვიათად დიაგნოსტირდებს ფილტვის კიბო მედიასტინური ფორმა, მილიარული კარცინოზი და სხვ. მორფოლოგიური აგებულების მიხედვით გამოყოფენ ბრტყელუჯრედოვან (ეპიდერმოიდულ) კიბოს, ადენოკარცინომას, მცირე – და მსხვილუჯრედოვან კიბოს. ფილტვის კიბო მეტასტაზირდება ფესვის ლიმფურ კვანძებში, პარატრაქეალურ, პარააორტულ და ბიფურკაციულ ლიმფურ კვანძებში. დაავადების შედარებით გვიანდელ ეტაპებზე ვითარდება მეტასტაზები ცალკეულ ქსოვილებსა და ორგანოებში (ლავიწზედა ლიმფური კვანძები, ძვლები, ღვიძლი, თავის ტვინი, ფილტვები და სხვ.). ადრეული მეტასტაზირებითა და აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა მცირეუჯრედოვანი კიბო. ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბო მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პულმონექტომია, ლობექტომია, რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთით) ტარდება 10-20%-ში, როდესაც ფილტვის კიბო დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიებზე. დაავადების ადგილობრივ-გავრცელებული ფორმის დროს ტარდება ვრცელი პულმონექტომია, ბიფურკაციული, ტრაქეობრონქული, ქვედა პარატრაქეალური და შუასაყრის ლიმფური კვანძების ამოკვეთით, ასევე აუცილებლობის დროს პერიკარდის, დიაფრაგმის, გულმკერდის კედლის რეზექციით. თუკი ოპერაცია ჩატარება შეუძლებელია პროცესის გავრცელების ან უკუჩვენებების გამო, ატარებენ სხივურ თერაპიას. ობიექტური ეფექტი, არსებითი სიმპტომატური გაუმჯობესებით, აღინიშნება ავადმყოფთა 30-40%-ში. ქიმიოთერაპია ეფექტურია ფილტვის არაოპერაბელური და არამცირეუჯრედოვანი კიბოსა და მეტასტაზების დროს ავადმყოფების 20-30%-ში. ფილტვის მცირეუჯრედოვანი კიბო დროს პირველ რიგში აუცილებელია დაავადების გავრცელების ხარისხის შეფასება, რასაც ადგენენ ჩონჩხის სცინტიგრაფიით, ძვლის ტვინის ბიოფსიით, ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევით, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით. დაავადების ლოკალიზებული და დისემინირებული ფორმების დროს მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ქიმიოთერაპია. დამატებითი მეთოდია სხივური თერაპია. ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ ძალიან იშვიათად. ფილტვის მცირეუჯრედოვანი ლოკალიზებული კიბო დროს ქიმიოთერაპიის კურსები ტარდება 3-4 კვირიანი ინტერვალებით, 1-1,5 წლის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში, ან ქიმიოთერაპიის 3-4 კურსის შემდეგ დამატებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხივური თერაპია. სრული რემისიის მიღწევის დროს, თავის ტვინის მეტასტაზური დაზიანების სიხშირის გათვალისწინებით, ნიშნავენ სხივურ თერაპიას თავის ტვინზე, მეტასტაზების ზრდის თავიდან ასაცილებად. ლოკალიზებული დაავადების დროს, კომპლექსური მკურნალობის შედეგად, მნიშვნელოვანი სამკურნალო ეფექტი აღენიშნება ავადმყოფთა დაახლოებით 90%-ს, სრული რემისიის მიღწევა ხერხდება 30-50%-ში; ფილტვის დისემინირებული მცირეუჯრედოვანი კიბო მკურნალობის შედეგები რამდენადმე არაკეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988