საშვილოსნოს სიმსივნეები

საშვილოსნოს სიმსივნეები
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

საშვილოსნოს სხეულის სიმსივნე

საშვილოსნოს სხეულის სიმსივნე შემთხვევათა 75%-ში დაავადება დიაგნოსტირდება მენოპაუზის პერიოდში, 18%-ში მენოპაუზის წინ, ხოლო 7%-ში 40 წლის ასაკამდე.
რისკის ფაქტორებია: სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება. საშვილოსნოს სხეულის კიბო;
ძირითადი სიმპტომია საშოდან  სისხლდენის დარღვევა (მენოპაუზის, ან მენსტრუაციებს შორის პერიოდში). ტკივილი მენჯში და სუნიანი გამონადენი – ნიშანია დაავადების გვიანი სტადიისა.
დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია საშვილოსნოს ყელის არხისა და საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა და შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევა. დიაგნოსტიკის ციტოლოგიური მეთოდი ნაკლებად საიმედოა, ისევე, როგორც ჰისტეროგრაფია და ჰისტეროსკოპული გამოკვლევები.

ადენოკარცინომა

ადენოკარცინომა წარმოადგენს ძირითად მორფოლოგიურ ვარიანტს (70%-მდე); გვხვდება აგრეთვე ადენოკანთომები და ჯირკვლოვან-ბრტყელუჯრედოვანი კიბო. განასხვავებენ სიმსივნეების დიფერენცირების სამ ხარისხს: (მაღალდიფერენცირებული, ზომიერად დიფერენცირებული და არადიფერენცირებული) და მისი განვითარების 4 სტადიას – პირველი სტადია: სიმსივნე ლოკალიზებულია საშვილოსნოს სხეულში; მეორე სტადია – აღინიშნება საშვილოსნოს სხეულისა და ყელის დაზიანება; მესამე სტადია – პროცესი ვრცელდება პარამეტრიუმის ქსოვილზე, ან აღინიშნება მეტასტაზები საშოში; მეოთხე სტადია – პროცესი გავრცელებულია მენჯის საზღვრებს გარეთ, შარდის ბუშტსა და მსხვილ ნაწლავზე.

მკურნალობა

ძირითადად ქირურგიულია (საშვილოსნოს ექსტრიპაცია და ზოგჯერ მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა). შესაძლებელია კომბინირებული მკურნალობა – ოპერაცია, შემდეგ კი დისტანციური დასხივება საშოს ტაკვზე, ღრუსშიგა გამა-თერაპია. ტარდება ასევე ოპერაციისწინა სხივური თერაპია, ძირითადად მესამე სტადიის დროს. სხივური თერაპია, როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, გამოიყენება სიმსივნური პროცესის ადგილობრივი გავრცელების, ასევე ოპერაციის უკუჩვენებების დროს.

პროფილაქტიკა

ენდომეტრიუმის ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა.

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირად წარმოიქმნება ბრტყელი ეპითელიდან, იშვიათად ყელის არხის ჯირკვლოვანი ეპითელიდან. კიბო განვითარებას წინ უძღვის ეპიდერმოიდული დისპლაზიის სამი ხარისხი (მსუბუქი, ზომიერი და ღრმა) და in situ კარცინომა, რომლის დროსაც კიბო უჯრედები მდებარეობენ ბრტყელი ეპითელის უჯრედებს შორის და არ აღწევენ ბაზალურ მემბრანის იქით. რეგულარული დათვალიერება და ციტოლოგიური გამოკვლევები (2 წელიწადში ერთხელ) ხელს უწყობს სიმსივნისწინარე დაავადების დროულ გამოვლინებას, მათი მკურნალობა კი – კიბო პროფილაქტიკას.

სიმპტომები

თეთრად შლა, კონტაქტური ან მენსტრუაციებსშუა სისხლიანი გამონადენი, ტკივილი. საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას სარკეებით ან ბიმანუალური გამოკვლევით ვლინდება ეგზოფიტური სიმსივნე (მასთან შეხებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა) ან დაავადების ენდოფიტური ფორმა, გარეთა პირის მიდამოში დაწყლულებით. გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ბიოფსიას. კიბო მესამე და მეოთხე სტადიების დროს სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ჩირქოვანი ხასიათისაა.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. 1А სტადიის დროს (მიკროინვაზიური კიბო) ატარებენ საშვილოსნოს ექსტირპაციას დანამატებთან ერთად. 1В სტადიის დროს (პროცესი შემოფარგლულია საშვილოსნოს ყელით) ნაჩვენებია დისტანციური ან ღრუსშიგა დასხივება,  შემდგომი ვრცელი ექსტირპაციით საშვილოსნოს დანამატებთან ერთად, ან პირიქით, დასაწყისში ატარებენ ოპერაციას, შედეგში კი დისტანციურ გამა-თერაპიას.
მეორე სტადიაში (პროცესში ჩართულია საშოსზედა ნაწილი, შესაძლებელია პროცესის გადასვლა საშვილოსნოს სხეულზე და პარამეტრიუმის ინფილტრაცია, მენჯის კედლებზე გადასვლის გარეშე) მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია; ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ.
მესამე სტადიის დროს  (პროცესი გადასულია საშოსქვედა ნაწილზე, აღინიშნება პარამეტრიუმის ინფილტრაცია, პროცესის მენჯის ძვლებზე გადასვლით) ნაჩვენებია სხივური მკურნალობა;
და ბოლოს, მეოთხე სტადიის დროს (პროცესი გადასულია შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე ან აღინიშნება დაცილებული მეტასტაზები) გამოიყენება მხოლოდ პალიატიური დასხივება. გვიან სტადიებზე შესაძლებელია ქიმიოთერაპიული მკურნალობის გამოყენება.

საშვილოსნოს ქორიონეპითელიომა

საშვილოსნოს ქორიონეპითელიომა წარმოადგენს ტროფობლასტის ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება ორსულობისას ან აბორტის შემდეგ. შემთხვევათა 50%-ში საშვილოსნოს ქორიონეპითელიომას წინ უსწრებს ორსულობა, 25%-ში სპონტანური აბორტი, 25%-ში ხელოვნური აბორტი. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ბუშტნამქერთან, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. ბუშტნამქერი შემთხვევათა 5-7%-ში ტრანსფორმირდება ინვაზიურ ბუშტნამქერში, 3-5%-ში ქორიონეპითელიომაში. თუკი ბუშტნამქერის ამოკვეთის შემდეგ ქორიონული გონადოტროპინის დონე არ ნორმალიზდება 2 თვის განმავლობაში, ადგილი აქვს რეციდივული ბუშტნამქერის არსებობას, ამასთან ქორიონეპითელიომის განვითარების რისკი იზრდება 50%-მდე.

სიმპტომები

საშვილოსნოს ქორიონეპითელიომის სიმპტომები მოიცავს: სისხლდენა საშვილოსნოდან, ქორიონული გონადოტროპინის ძალიან მაღალი დონე. დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელობა აქვს კლინიკური სიმპტომების დახასიათებას, ციტოლოგიურ ანალიზებს, ულტრაბგერით ტომოგრაფიას. დაავადება ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობით;
სწრაფად ზრდადი მეტასტაზები ვლინდება ფილტვებში, საშოში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში. ადრეულ ვადებში დასმული დიაგნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის პროგნოზისათვის. კეთილსაიმედო პროგნოზის დროს დგება სრული გამოჯანმრთელება.
ბუშტამქერის გამოვლინების შემთხვევაში, ასევე ან აბორტის შემდგომ ან ორსულობის უახლოეს თვეებში სისხლდენებისას აუცილებელია ტროფობლასტის ამოკვეთილი ქსოვილების მორფოლოგიური ანალიზი და ქორიონული გონადოტროპინის კონტროლი მის ნორმალიზაციამდე,

საშვილოსნოს არამეტასტაზური ქორიონეპითელიომა

საშვილოსნოს არამეტასტაზური ქორიონეპითელიომა ხასიათდება მეტასტაზებისა და სიმსივნის გავრცელებით არარსებობით საშვილოსნოს გარეთ. ამ დროს განკურნება აღინიშნება ავადმყოფთა 90%-ში ჰისტერექტომიის გარეშე. პროგნოზულად მეტასტაზური ქორიონეპითელიომა შეიძლება იყოს კეთილსაიმედო (მეტასტაზები ლოკალიზებულია მხოლოდ მენჯის და /ან ფილტვების მიდამოში; ქორიონული გონადოტროპინის ტიტრი შარდში 100 000 სე/დღ; მკურნალობა დაწყებულია დაავადების დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში) და არაკეთილსაიმედო (მეტასტაზები ლოკალიზდება მენჯის, ფიტვების მიდამოში, ასევე ღვიძლში, ძვლებში, თავის ტვინში; ქორიონული გონადოტროპინი მეტია 100 000 სე/დღ; მკურნალობა დაწყებულია დიაგნოზის დადგენიდან 4 თვის დაგვიანებით).

საშვილოსნოს ლოკალიზებული ქორიონეპითელიომა

საშვილოსნოს ლოკალიზებული ქორიონეპითელიომიის დროს იყენებენ ქიმიოთერაპიას დაავადების სრულ რემისიამდე, რაც დადასტურებული უნდა იყოს 3 ნორმალური ყოველკვირეული ანალიზით (ქორიოგენული გონადოტროპინის). თუკი ქორიოგენური გონადოტროპინის შემცველობა კვლავ მაღალ დონეზეა ან მატულობს, ატარებენ კომბინირებულ ქიმიოთერაპიას; სრული ეფექტის არარსებობისას ნაჩვენებია ჰისტერექტომია. ანალოგიურ ტაქტიკას მიმართავენ მეტასტაზური ქორიონეპითელიომის დროს, კეთილსაიმედო პროგნოზული ნიშნებით.
გაცილებით რთულია ავადმყოფთა მკურნალობა შორს წასულ შემთხვევებში საშვილოსნოს ქორიონეპითელიომის დროს. მხოლოდ ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენება, ასევე სამკურნალო პრეპარატების დაბალი დოზები და შეყვანებს შორის დიდი ინტერვალები ხელს უწყობენ დაავადების რეზისტენტული შემთხვევების გაჩენას. თავის ტვინშიმეტასტაზების დროს მიმართავენ სხივურ თერაპიას. სიმსივნური დაავადებები


საშვილოსნოს სიმსივნეები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს
👇 წარმოგიდგენთ 9 გამაფრთხილებელ ნიშანს, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ
🩺 საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიებზე:
🟢 IA სტადია (მიკროინვაზიური კიბო) – ატარებენ საშვილოსნოს ექსტირპაციას დანამატებთან ერთად
🔵 IB სტადია(პროცესი შემოფარგლულია საშვილოსნოს ყელით) – ნაჩვენებია დისტანციური ან ღრუსშიგა დასხივება, შემდგომი ვრცელი ექსტირპაციით საშვილოსნოს დანამატებთან ერთად, ან პირიქით, დასაწყისში ატარებენ ოპერაციას, შედეგში კი დისტანციურ გამა-თერაპიას
🟡 მეორე სტადია – მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია. ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ;
🟠 მესამე სტადია – ნაჩვენებია სხივური მკურნალობა;
🔴 მეოთხე სტადია – გამოიყენება მხოლოდ პალიატიური დასხივება. გვიან სტადიებზე შესაძლებელია ქიმიოთერაპიული მკურნალობის გამოყენება.
💬 თუ გსურს მეტი გაიგო საშვილოსნოს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების შესახებ
✅ გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას – https://bit.ly/3wn8G8T
#საშვილოსნო #საშვილოსნოსსიმსივნეები #საშვილოსნოსყელისკიბო #საშვილოსნოსყელისკიბოსსიმპტომები #საშვილოსნოსყელისკიბოსმკურნალობა #საშვილოსნოსყელისკიბოსსხვადასხვასტადიები #გამონადენისაშოდან #სისხლდენასაშოდან #გახანგრძლივებულიმენსტრუაცია #მენჯისტკივილი #წონისკლება #ვაგინალურისისხლდენა #დისკომფორტიშარდვისას #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.