მეზოთელიომა
მეზოთელიომა (mesothelioma) – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება პლევრაში ან პერიტონეუმში. სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. დაავადების რისკი მაღალია ასბესტოზით დაავადებულებში. კლინიკური სიმპტომები არასპეციფიკურია. პლევრის მეზოთელიომის დროს აღინიშნება ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, ხველა, ექსუდატის დაგროვება პლევრის ღრუში; პერიტონეუმის მეზოთელიომისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, წონაში დაკლება; მუცლის პალპაციით ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი, ვლინდება ასციტი.გარდა არასიმსივნური დაავადებებისა, დიფერენციალური დიაგნოზს ატარებენ სხვადასხვა სიმსივნეების დროს პლევრაში და პერიტონეუმში წარმოქმნილ მეტასტაზებთან. პლევრის ღრუდან ან მუცლის ღრუდან მიღებულ
ექსუდატში ნახულობენ ავთვისებიან მეზოთელურ უჯრედებს (შემთხვევათა 50%). ამასთან, მეზოთელიომის დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ბიოფსიით, რომელიც ტარდება თორაკო – და ლაპარასკოპიის, ან კანის გავლით პუნქციური ბიოფსიის დროს. ენდოსკოპური გამოკვლევებით ბლინდება მრავლობითი მცირე სიმსივნური წარმონაქმნები პლევრასა და პერიტონეუმზე; რიგ შემთხვევებში ისინჯება დიდი ზომის სიმსივნური კვანძი (დიფუზური ან დიფუზურ-კვანძოვანი ფორმა). მეზოთელიომა მეტასტაზირდება ადგილობრივად, იშვიათად ღვიძლში, ფილტვებსა სხვა ორგანოებში.
მეზოთელიომა – მკურნალობა. ქირურგიული მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ დიდი ზომის სიმსივნური კვანძების არსებობისას და მიმართულია სიმსივნის მასის შემცირებისაკენ. მცირე ზომის სიმსივნური მეტასტაზების დროს იყენებენ რადიოაქტიული კოლოიდური ოქროს ღრუსშიგა შეყვანას. პალიატიური სამკურნალო მნიშვნელობა გააჩნია აგრეთვე სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მეზოთელიომა – (mesothelioma; მეზოთელიუმი + – ომა; სინ. ცელოთელიომა) სიმსივნე, რომლის მორფოლოგიური სუბსტრატია მეზოთელიუმის უჯრედები.