აპენდიკულური აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აპენდიკულური აბსცესი – მწვავე აპენდიციტის ცალკეულ შემთხვევებში, ანთებითი პროცესი ჭიანაწლავიდან შეიძლება გავრცელდეს მიმდებარე ქსოვილებზე (პარიესული პერიტონეუმი, ბადექონი, ბრმა ნაწლავი). ასეთ შემთხვევებში, მარჯვენა თეძოს მიდამოში ვითარდება ანთებითი ინფილტრატი, ცენტრში ჭიანაწლავით, სადაც აღინიშნება ჩირქოვანი გალხობა. ანთების ჩაცხრომის შემდეგ (დამოუკიდებლად ან მკურნალობის ფონზე) აღნიშნული ინფილტრატი თანდათანობით უკუგანვითარდება. თუმცა, ხშირად ის განიცდის ჩირქოვან გადაგვარებას, წარმოქმნის რა აპენდიკულურ აბსცესს.

ინფილტრატის გალხობა მიმდინარეობს ცენტრიდან პერიფერიისკენ. თუკი პროცესი ვითარდება თანდათანობით, მაშინ ინფილტრატის პერიფერიულ უბნებში წარმოიქმნება გრანულაციური ქსოვილი, ხოლო მის ირგვლივ შეხორცებები; ნაწლავის მარყუჟებს, ბადექონსა და პარიესულ პერიტონეუმს შორის, ყალიბდება ჩირქით სავსე ღრუ, რომელიც შემოფარგლულია თავისუფალი მუცლის ღრუსგან. სიმპტომები, მიმდინარეობა. შეტევის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილები მუცლის არეში ძლიერდება, სხეულის ტემპერატურა მკვეთრად მატულობს და ღებულობს ინტერმისიურ ხასიათს. მარჯვენა თეძოს მიდამოს პალპაციისას, ავადმყოფი განიცდის ძლიერ მტკივნეულობას, ინფილტრატის ცენტრში ისინჯება მეტ – ნაკლებად მკვეთრად გამოხატული დარბილება, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იზრდება ლეიკოციტოზის მაჩვენებელი. იშვიათ შემთხვევებში, აბსცესი იხსნება მიმდებარე ნაწლავის მარყუჟში და ხდება გამოჯანმრთელება.

ჩვეულებრივ, თუკი ოპერაცია არ ჩატარდა, აბსცესი იხსნება თავისუფალ მუცლის ღრუში და ვითარდება ჩირქოვანი პერიტონიტი ლეტალური გამოსავლით, ამიტომაც, აპენდიკულურ აბსცესზე მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია ავადმყოფის მოთავსება ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს მწოლიარე მდგომარეობაში, შეძლებისდაგვარად უმოძრაოდ.

პროფილაქტიკა. საიმედო პროფილაქტიკურ ღონისძიებას წარმოადგენს მწვავე აპენდიციტის ადრეული დიაგნოსტიკა და სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა.

გაფრთხილება!