აფექტური სინდრომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აფექტური სინდრომები – პოლარული ემოციური დარღვევები – დეპრესიები და მანიები. დეპრესიული სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად დაქვეითებული ხასიათით, უგუნებობით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სიმძიმის გრძნობა გულმკერდის არეში, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება. დეპრესიის ბუნება სხვადასხვაა; ნოზოლოგიური კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ ფსიქოგენურ დეპრესიებს (რეაქტიული, ნევროზული), ენდოგენული დეპრესიები მანიაკალურ – დეპრესიული ფსიქოზის და შიზოფრენიის დროს და, ბოლოს, სიმპტომური დეპრესიები, რომლებიც წარმოიქმნება სომატური და სხვა დაავადებების დროს. დეპრესიის დროს სამყაროს პესიმისტურ აღქმას თან ახლავს შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, არასრულფასოვნების იდეა, რომელიც მძიმე შემთხვევებში ღებულობს თვითდანაშაულების ბოდვით ხასიათს, აღინიშნება სუიციდური იდეები და ტენდენციები. დეპრესიის დამახასიათებელი ნიშანია დღის განმავლობაში სიმპტომატიკის ინტენსივობის ცვლილება – მისი განსაკუთრებით გაძლიერება დილის საათებში, ხოლო გაუმჯობესება აღინიშნება საღამოს საათებში. აღინიშნება აგრეთვე ძილის დარღვევა (არაღრმა, ხანმოკლე ღამის ძილი, ძილიანობა დღისით), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მადის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სიგამხდრე. გამოყოფენ დეპრესიული სინდრომის სხვადასხვა ვარიანტებს: აჟიტირებული, ადინამიური, იპოქონდრული, ასთენიური, ისტერიული დეპრესია, ბოდვით მიმდინარე დეპრესია, დეპერსონალიზაციის მოვლენებით და სხვ. აჟიტირებული დეპრესიის დროს სჭარბობს შფოთვა და მოძრაობითი მოუსვენრობა: ავადმყოფები აფორიაქებულნი არიან, კვნესენ, ადგილს ვერ პოულობენ. ადინამიური დეპრესიის დროს პირველ პლანზე გამოდის დამუხრუჭება, უძრაობა; იპოქონდრიული დეპრესიის დროს ავადმყოფი დარწმუნებულია, თითქოს მას ჰქონდეს რაიმე მძიმე ავადმყოფობა. ამასთანავე, იპოქონდრიული ჩივილები, მტკივნეული შეგრძნებები დაკავშირებული არ არის შინაგანი ორგანოების რაიმე ცვლლებებთან. ასთენიური დეპრესია მიმდინარეობს მოდუნებით, ფიზიკური და გონებრივი გადაღლით, უყურადღებობით, ჰიპერესთეზიით. აფექტური შეგრძნებები, ნაღველი, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება ასეთ შემთხვევებში ნაკლებადაა გამოხატული. ისტერიული დეპრესიის დროს პრევალირებს ისტერიულად შეფერილი აფექტური მოშლილობები. არაიშვიათია თვითმკვლელობის დემონსტრაციული მცდელობები. მანიაკალური სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად ამაღლებული ხასიათით, რომელიც შერწყმულია დაუსაბუთებელ ოპტიმიზმთან, აჩქარებულ აზროვნებასთან და მეტისმეტ აქტიურობასთან. მანიები ყველაზე უფრო ხშირად წარმოიქმნება ენდოგენური ფსიქოზების ჩარჩოებში (მანიაკალურ – დეპრესიული ფსიქოზი, შიზოფრენია), ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების დროს, ასევე ზოგიერთი ინტოქსიკაციების დროს; აღინიშნება ფსიქოგენურად პროვოცირებული მანიები. ავადმყოფთათვის დამახასიათებელია სიხარულის, ბედნიერების, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების განცდა. ძილი, როგორც წესი დარღვეულია, მადა მომატებულია, არაიშვიათად მატულობს სექსუალობა; ირღვევა მენსტრუალური ციკლი. მცირედ გამოხატული მანია (ჰიპოპმანია) ხშირად შერწყმულია მრავალფეროვან სომატურ სიმპტომებთან, ალერგიებთან, ნევროზულ გამოვლინებებთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა