ემბრიონული თიაქარი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ემბრიონული თიაქარი – (ჭიპის ბაგირაკის თიაქარი) განვითარების ამ მანკის დროს მუცლის ღრუს ორგანოები (ღვიძლი, ნაწლავის მარყუჟები) განლაგებულნი არიან ჭიპის გარსებში. ზომების მიხედვით განასხვავებენ მცირე (5 სმ – მდე დიამეტრის), საშუალო (10 სმ – მდე) და დიდი ზომის (10 სმ – ზე მეტი) ემბრიონულ თიაქრებს. ბავშვების დაახლოებით 30%, რომლებიც დაიბადნენ ემბრიონული თიაქრებით, აღენიშნებათ ემბრიოფეტოპათიები (დღენაკლულობა, კომბინირებული ანომალიები). დაბადებიდან პირველივე საათებში ჭიპის გარსები, რომლებიც წარმოქმნიან თიაქრის პარს, მბზინავი, გამჭირვალე, მოთეთრო ფერისა არიან. თუმცა, პირველი დღეების ბოლოს ისინი შრებიან, მუქდებიან. საშიში გართულებაა გარსების გაგლეჯა მშობიარობის დროს, ანთება პერიტონიტის განვითარებით. ემბრიონული თიაქრის აღმოჩენისას აუცილებელია ბავშვის სასწრაფო გადაყვანა სამშობიაროდან ქირურგიულ სტაციონარში. მანამდე ჭიპის გარსებს ამუშავებენ სპირტით. ახალშობილს ახვევენ სტერილურ საფენებში, ათავსებენ სპეციალურ კიუვეზში, სათბურებით. მკურნალობა: მცირე და საშუალო თიაქრების დროს და ბავშვის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს ოპერაციულია. დიდი ზომის თიაქარს მკურნალობენ კონსერვატიულად: გარსებს ამუშავებენ დღეში 2 – 3 – ჯერ 5% – იანი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, შემდეგ კი ადებენ სტერილურ სახვევებს. წარმოქმნილი ფუფხის ქვეშ ვითარდება გრანულაცია, რომელიც შემდეგში ეპითელიზდება. შედეგად ფორმირდება ვენტრალური თიაქარი, რის გამოც ოპერაცია ტადება 3 – 5 წლის ასაკში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა