ინექციის შემდგომი რბილის ქსოვილების აბსცესი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინექციის შემდგომი რბილის ქსოვილების აბსცესი – წარმოიქმნება კანქვეშა უჯრედისში ინფიცირებული შემცველობის ან სამკურნალო საშუალებების არასწორი შეყვანისას, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ კუნთებში შესაყვანად. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ასეპტიკური ნეკროზი, ქსოვილთა შემდგომი ჩირქოვანი გალღობით, მაგრამ ჩირქი რჩება სტერილური. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინექციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება მზარდი ტკივილი ინექციის ადგილზე, ტემპერატურის მომატება; ადგილობრივად აღინიშნება ინფილტრატი, რომელიც მტკივნეულია პალპაციისას, ასევე კანის ჰიპერემია, შეშუპება, ხოლო 2 – 3 დღის შემდეგ ვლინდება ფლუქტუაცია. ხშირად ინექციის შემდგომი აბსცესები წარმოიქმნება დუნდულოების მიდამოებში. მკურნალობა. საწყის სტადიში ნაჩვენებია კონსერვატული მკურნალობა: ულტრაიისფერი დასხივება, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რიგ შემთხვევებში – ანტიბიოტიკები. ჩირქგროვის წარმოქმნის დროს კერას ხსნიან. პროგნოზი კეთილსაიმედოა, იგი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, რის გამოც ტარდებოდა ინექცია. ოპერაციული ჩარევის ხანგრძლივმა შეჩერებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეფსისი და ჩირქის მასიური გადინება უჯრედშორის სივრცეებში. პროფილაქტიკა. ერთჯერადი შპრიცების გამოყენება. დაუშვებელია დაბინძურებული და გაწმენდილი ნემსების გამოყენება. კუნთებში ინექციისათვის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნემსები, რომლებიც გამოიყენება კანქვეშა, კანში და ინტრავენური ინექციების დროს. აუცილებელია ყოველ ჯერზე შეიცვალოს ინექციის მხარე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა