კრუპოზული პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრუპოზული პნევმონია – ფილტვების ანთება წილის ან მთლიანი ფილტვის დაზიანებით და პროცესში პლევრის ჩათრევით. დაავადება ვითარდება მწვავედ და მისი გამომწვევი ჩვეულებრივ არის პნევმოკოკი; ბოლო წლებში გვხვდება შედარებით იშვიათად. სიმპტომები. ძლიერი შემცივნების შემდეგ ტემპერატურა მატულობს 390C – მდე, ჩნდება ტკივილები გულმკერდის მიდამოში, რომლებიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას, მშრალი ხველა. გულმკერდის დაზიანებული მხარე ჩამორჩება სუნთქვაში. პერკუტორულად, დაავადების პირველ დღეებში, დაზიანების ზონაში ხმა მცირედ მოყრუებულია ტიმპანური ელფერით. მოგვიანებით აღინიშნება შესაბამისი წილის მოყრუება. მოსმენით, დასაწყისში, დაზიანებული უბნის ზემოთ აღინიშნება კრეპიტაცია, შემდგომ ის ქრება და ვლინდება დამახასიათებელი ბრონქული სუნთქვა. პნევმონიის უკუგანვითარების შემდეგ კვლავ ჩნდება კრეპიტაცია. დაავადების სიმპტომების მომატება ხასიათდება ქოშინის გაზრდით, ნახველიანი ხველით, სისხლძარღვთა უკმარისობით, ჰიპოტონიითა და ტაქიკარდიით. ზოგჯერ ვითარდება გულის უკმარისობა შეგუბებითი მოვლენებით.  სისხლში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედს – ის მომატება. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დაზიანებული წილის ან ფილტვის დაჩრდილვა. დაავადება შეიძლება გართულდეს, აბსცესით, ექსუდაციური პლევრიტით, ზოგჯერ სხვა ორგანოებზე ინფექციის გავრცელებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა