ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფტერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად შეიძლება იყოს მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ – ხახაში, ქავილი ცხვირში. ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, ვითარდება ცემინება, ცრემლდენა, ქვეითდება ყნოსვა, იცვლება ხმის ტემბრი, აღინიშნება ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი. შემდეგში გამონადენი ხდება ლორწოვან – ჩირქოვანი, წვრილი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევისას – სისხლიანი. ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება შესაძლებელია გავრცელდეს ასევე სასუნთქი გზების სხვა ნაწილებზეც, ასევე დანამატ წიაღებზე, ცხვირ – ცრემლის არხში, დაფის ღრუზე. რინოსკოპიით ვლინდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხელსაყრელი მიმდინარეობის დროს 21 – 14 დღეში გაივლის ცხვირის გაჭედვა, აღდგება ყნოსვა. მკურნალობა. მაღალი ტემპერატურის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. კარგ მოქმედებას ახდენს ფეხის ცხელი აბაზანები მდოგვით, ოფლმდენები. ადგილობრივად ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოსახსნელად გამოიყენება სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები: 0,1% – იანი სანორინის ხსნარი, ნაფტიზინი, გალაზოლინი. სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების შემდეგ შეჰყავთ ვაზელინის ან ატმის ზეთი. – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) – ზედა სასუნთქი გზების კატარის ან ინფექციების (უხშირესად გრიპის) გამოვლინება. სიმპტომები. თავდაპირველად ცხვირში სიმშრალე, ყელში წვის შეგრძნება, ცემინება, სიმძიმე თავის მიდამოში. შემდგომში ცხვირის გაჭედვა, თავდაპირველად ღია, მოგვიანებით ლორწოვან – ჩირქოვანი უხვი გამონადენი, თავის ტკივილი, ზოგჯერ ტკივილები დანამატი წიაღების, თვალბუდის მიდამოში, დუდღუნაობა, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი. პროფილაქტიკა მდგომარეობს ორგანიზმის გაკაჟებაში.(2)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა