ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
როტმუნდის სინდრომი – (A. Rothmund, გერმ. ოფთალმოლოგი; სინ.: როტმუნდის დისტროფია)მემკვიდრეობითი სინდრომი; ხასიათდება კანის ატროფული ცვლილებებით, ტელეანგიექტაზიებითა და პიგმენტაციის დარღვევებით, კატარაქტით და რიგ შემთხვევებში სიმპტომებით, რომლებიც უკავშირდებიან ნერვული და ენდოკრინული სისტემების განუვითარებლობას. როტმუნდის სინდრომი გვხვდება საკმაოდ იშვიათად; იწყება 3 – 4 თვის ასაკში; უფრო ხშირად ავადდებიან გოგონები. პირველი გამოვლინებები წარმოიქმნება სახის, ყურის ნიჟარების კანზე, დუნდულოებზე და კიდურის მომხრელებზე, მრავლობითი ტელეანგიექტაზიებით, ერითემატოზული კერებითა და ლივედოს ტიპის გამონაყრით; 3 – 6 წლის ასაკში ავადმყოფებს უვითარდებათ ორმხრივი კატარაქტა, რაც თითქმს ყოველთვის იწვევს სიბრმავეს. შემდგომში ვლინდება ჰიპოგონადიზმის მოვლენები – ამენორეა და კრიპტორქიზმი; ინტელექტის დარღვევები გვხვდება იშვიათად.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა