სილიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სილიკოზი – (silicosis; ლათ. silex, silicis კაჟი + osis)ფილტვების დაავადება, რომელიც ვითარდება სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით; წარმოადგენს პნევმოკონიოზის ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სახეს და პრაქტიკულად ყოველთვის არის პროფესიონალური დაავადება. განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას (I, II, III) და სამ ფორმას. პნევმოკონიოზით დაავადებულები ყველაზე უფრო ხშირად უჩივიან ქოშინს, ხველას (მშრალი და ნახველით) და ტკივილს გულმკერდში. კლინიკური გამოვლინებები მატულობს ფილტვებში ფიბროზული პროცესის განვითარებასთან ერთად, მაგრამ სრული პარალელიზმი რენტგენოლოგიურ სურათთან არ არის. ხველა და ქოშინი სილიკოზის დროს შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა მარტო ფიბროზის გამოხატულებასთან, არამედ დამოკიდებულია აგრეთვე თანმხლები ბრონქიტის ხარისხზე, რომელიც ატარებს უპირატესად ატროფიულ ხასიათს. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში რჩება დამაკმაყოფილებელი. გულმკერდი ემფიზემის ზრდასთან ერთად ფართოვდება; დამახასიათებელია მკვრივი სუნთქვა, ზოგჯერ მოისმინება მშრალი ხიხინი, იშვიათად ქვედა ნაწილებში, წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი და პლევრის ხახუნი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს ფილტვისმიერი გული. სილიკოზის მიმდინარეობა მძიმდება გართულებების თანდართვით, რომელთაგან ყველაზე მძიმეა ტუბერკულოზი; მისი გართულებები შესაძლოა იყოს აგრეთვე მწვავე და ქრონიკული პნევმონიები, ბრონქოექტაზები, ბრონქული ასთმა და სხვ. მკურნალობა კომპლექსურია, მიმართულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, გართულებების და დაავადების პროგრესირების თავიდან აცილებისაკენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა