ტენიიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტენიიდოზი – ადამიანისა და ცხოველის ჰელმინთოზი, რომელიც აერთიანებს ორ დაავადებას  –  ტენიოზს და ტენიარინქოზს. ტენიოზის გამომწვევია ღორის ლენტურა (Taenia solium), რომლის სიგრძე 2 მ აღწევს, შედგება თავის, კისრისა და პროგლოტიდებისაგან. ლენტურას მატლები  –  ცისტიცერკები (ფინები) პარაზიტობენ ღორის კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ადამიანი ავადდება ღორის ფინებიანი, თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცის ჭამის შედეგად. კუჭ – ნაწლავში მოხვედრისას ფინები კაპილარებიდან შეაღწევენ სისხლში, აქედან კი ხვდებიან სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში და იწვევენ ცისტიცერკოზს. ტენიოზის დროს დამახასიათებელია უმადობა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი ან შეკრულობა, უძილობა, თავბრუ, ხანმოკლე, ეპილეფსიის მსგავსი გულყრა და სხვ. გავრცელებულია ყველგან, სადაც მეღორეობას მისდევენ; ერთეული შემთხვევები საქართველოშიც გვხვდება. ტენიარინქოზს იწვევს ხარის ლენტურა (Taeniarhynchus saginatus), რომლის სიგრძე 6 – 7 მ აღწევს. პარაზიტობს მსხვ. რქ. საქონლის ორგაიზმში. ადამიანი ავადდება ისევე, როგორც ტენიოზით. ამ შემთხვევაშიც აღინიშნება კუჭ – ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული მოშლილობანი; ცისტიცერკოზი არ ვითარდება. ტენიარინქოზი უმეტესად გავრცელებულია შუა აზიის რესპუბლიკებში. გვხვდება ამიერკავკასიაში, საქართველოში  –  აღმ. ნაწილის სამხრეთ რ – ნებში. მკურნალობა: ფენასალი (ყველაზე ეფექტურია), ფილაქსინი, დიქლოსილი (ადამიანი ტენიიდოზისგან განკურნებულად ითვლება, როცა ლენტურა თავიანად გამოვა); ცისტიცერკოზის დროს საჭიროა ქირურგ. ჩარევა. პროფილაქტიკა: საკვებად თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის ხმარება; ხორცზე ვეტ. – სანიტ. მეთვალყურეობა და სხვ. ი. თოფურია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა