ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში) – (ბერძ. Toxikos შხამიანი)  პათოლოგიური მდოგმარეობა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც ვითარდება ინფექციური აგენტის ზემოქმედების პასუხად; ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, პერიფერიული მიკროცირკულაციისა და ნივთიერებათა ცვლის  დარღვევით, ასევე ორგანიზმის მრავალი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ტოქსიკური სინდრომის ფორმაზე; ნეიროტოქსიკოზისათვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, აგზნება, ცნობიერების შემდგომი დარღვევით, თითქმის კომამდე. აღინიშნება გენერალიზებული ტონური და კლონური კრუნჩხვები გამოხატული კუნთოვანი ჰიპოტონიის ფონზე, ჰიპერთერმია, სუნთქვის დარღვევები,  (ხშირი, ღრმა სუნთქვა, ჰიპერვენტილაცია), კორონარული უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევები (ოლიგურია, ანურია). ქსოვილებში სითხის დაგროვებას მოჰყვება ტვინის და ფილტვების  შეშუპება. ნეიროტოქსიკოზის დროს პროცესის პროგრესირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. ამასთან, დაავადების სიმპტომები, რომელიც გახდა მიზეზი ტოქსიკური სინდრომის განვითარებისა, იმდენად სუსტადაა გამოხატული, რომ დიაგნოსტირება საკმაოდ გაძნელებულია. ტოქსიკოზი ექსიკოზთან ერთად ვითარდება თანდათანობით, ფაღარათისა და ღებინების გამო ვითარდება წყლისა და ელექტროლიტების აუნაზღაურებელი დანაკარგი; დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია გაუწყლოვნების ხარისხზე, მდგომარეობის სიმძიმე კი – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხარისხზე. ჰემოდინამიკის დარღვევებს თან ახლავს  მეტაბოლური აციდოზის და თირკმელების ფუნქციონალური უკმარისობის განვითარება. ჰიპოკალიემიური მდგომარეობა ვლინდება დეპრესიით, კუნთოვანი ჰიპოტონიით, რეფლექსების დაქვეითებით, ნაწლავის მოტორული ფუნქციის მოშლით. დაავადების პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის შეთხვევაში კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა