ფილტვების კანდიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida  სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანზე და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, დაჩირქებების ფონზე, ღრმა გრანულოციტოპენიისას; ხასიათდება პნევმონიური კერებით ცენტრში ნეკროზით და ფიბრინოზული  ექსუდაციით ალვეოლებში, რომლებიც გარს ერტყმის ნეკროზულ ზონას. შესაძლებელია მოხდეს ბრონქის კედლის ნეკროტიზირებაც. დაავადების შედეგია ფილტვების ფიბროზის ან ჩირქოვანი ღრუების წარმოქმნა. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხელება, ქოშინი, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდში, მტანჯველი ხველა, მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით, ბრონქოსპასტური სინდრომით. რენტგენოგრამაზე აღინიშნება ლაქოვანი ჩრდილები, დაჩრდილვის შედარებით ინტენსიური უბნები, იშვიათად პლევრალური გამონაჟონი. დიაგნოზი დასტურდება სოკოს მიცელიუმის გამოვლინებით ნახველში, განავალში, შარდში სოკოების ზრდით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა