ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი ელენთის გადიდება, სისხლში ადგილი აქვს ბილირუბინის დონის მომატებას, შრატის ცილოვანი ფრაქციების და დანალექი სინჯების (სულემის, თიმოლის, ფორმოლის) ცვლილებებს. ჩივილები და ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები უფრო მეტად გამოხატულია დაავადების გამწვავების პერიოდში. ზოგჯერ, ამასთან ერთად, ნახულობენ გამოხატულ სიყვითლეს, ბილირუბინის დონის მნიშვნელოვან მატებას. დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაპარასკოპიით და ღვიძლის პუნქციური ბიოფსიით, ამასთან ერთად გამოხატული მორფოლოგიური ცვლილებები ყოველთვის არ შეესაბამება დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს. ზოგიერთ ავადმყოფში, ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებები უფრო ნაკლებად ვლინდება და წინა პლანზე გამოდის სიმპტომები, რომლებიც დამოკიდებულია იმუნურ დარღვევებთან. ამ ავადმყოფებს, შესაძლებელია, აღენიშნებოდეთ ცხელება, მრავალფეროვანი გამონაყარი კანზე, ართრალგიები, ლიმფადენოპათია გამა – გლობულინების რაოდენობის გაზრდით, ზოგჯერ კი მგლურას უჯრედების აღმოჩენით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი