ყრუ – მუნჯობა

ყრუ – მუნჯობა

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ყრუ – მუნჯობა – 1. განპირობებულია თანდაყოლილი (ლოკოკინას ნერვული აპარატის განვითარების მანკის შედეგად) ან ბავშვთა ასაკში განვითარებული (მენინგიტის, ქუნთრუშას, წითელას, ტიფის, ეპიდემიური პაროტიტის, დიფთერიის, სიფილისის და ა.შ. შედეგად) სიყრუით. სიმპტომები. თანდაყოლილი სიყრუე ჩვეულებრივ აბსოლუტურია. ამასთან შენარჩუნებულია ვესტიბულარული ფუნქცია. შეძენილი სიყრუე შეიძლება იყოს არასრული და მას ჩვეულებრივ თან სდევს ვესტიბულური ფუნქციის დაკარგვა, ანთების მთელ ლაბირინთზე ან თავის ტვინის VIII წყვილ ნერვებზე გავრცელების შედეგად. შეძენილი ყრუმუნჯობის დროს შეიძლება გამოვლინდეს შუა ყურის ანთების შემდგომი ცვლილებები. აბსოლუტური სიყრუის მკურნალობა უპერსპექტივოა. შუა ყურის ანთებასთან დაკავშირებული შეძენილი სიყრუის შემთხვევაში, სმენის არსებობისას, აუცილებელია მისი განვითარება სპეციალური აკუსტიკური აპარატების მეშვეობით. სპეციალურ სკოლებში ყრუმუნჯ ბავშვებს ასწავლიან კითხვას ტუჩების მეშვეობით და ზეპირ საუბარს. სწავლება ისეთი ეფექტურია, რომ მრავალი ყრუმუნჯი შემდგომში ღებულობს საშუალო და უმაღლეს განათლებას. 2.  თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობის ასაკში შეძენილი სიყრუე, რომელიც შერწყმულია მისით განპირობებული მეტყველების შეუძლებლობასთან (სწავლების სპეციალური მეთოდების გარეშე) ან მეტყველების დაკარგვასთან, რომელიც ნაწილობრივ ვითარდება სმენის დაკარგვის მომენტში.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ყრუ – მუნჯობა  არის თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში შეძენილი სიყრუე და მისით განპირობებული მეტყველების არარსებობა.

მეტყველების განვითარება ნორმაში  მიმდინარეობს  სმენითი  აღქმის საფუძველზე. თუ ბავშვი იბადება ყრუ ან სმენას კარგვას  ერთ წლამდე ასაკში, ის მეტყველებას ვერ ეუფლება სწავლების სპეციალური  მეთოდების გარეშე. გარდა ამისა მეტყველება იკარგება შედარებით მოგვიანებით განვითარებული სიყრუის  (2-3 წლის ასაკში) დროსაც,  როდესაც მეტყველება ჯერ კიდევ არ არის  სათანადოდ ჩამოყალიბებული,  თუ არ ჩატარდება მისი შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები.

ყრუ – მუნჯობის მიზეზი შეძლება იყოს სმენის ორგანოს განვითარების  ნებისმიერი მანკი და ადრეულ ასაკში გადატანილი ისეთი დაავადებები, რაც განაპირობებს სიყრუეს. ყრუ – მუნჯობის დროს მეტყველების აპარატის მხრივ  არ აღინიშნება პათოლოგიური ცვლილებები.

ყრუ – მუნჯობის დიაგნოზის დასმა გაძნელებულია პატარა ბავშვებში, სმენის არ ქონა ძუძუთა ასაკის  და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებში ხშირად შეუმჩნეველი ხდება, ექიმთან მიმართვის მიზეზი ხდება მეტყველების განვითარების შეფერხება, ან უკვე ჩამოყალიბებული მეტყველების დარღვევა. ასეთ შემთხვევებში ყრუ – მუნჯობის დიფერენცირება ნორმალური სმენის ფონზე არსებული მეტყველების დარღვევისაგან გაძნელებულია. რამდენადაც ყრუ – მუნჯობა როგორც წესი წარმოადგენს სმენის ორგანოს თანდაყოლილი განუვითარებლობის ან მისი ნერვული ელემენტების დაღუპვას პათოლოგიური ზემოქმედების შედეგად, ამიტომაც  სმენის აღდგენასთან დაკავშირებული პროგნოზი არაკეთილსასურველია.

ყრუ – მუნჯობის პროფილაქტიკა მოიცავს გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას, ასევე მისი განვითარების შემთხვევაში ყრუ – მუნჯი  ბავშვის სპეციალური აღზრდასა და სწავლებას. არსებობს სპეციალური დაწესებულებები, სადაც ყრუ – მუნჯი ბავშვები ეუფლებიან ტუჩებით საუბარსა და  თითებით კითხვას (დაქტილოლოგია).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები