ჰირუდინოზი

ჰირუდინოზი

ჰირუდინოზი, ჰირუდინოზის სახეები, ჰირუდინოზის  სიმპტომები,  ჰირუდინოზის დიაგნოსტიკა >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

 ჰირუდინოზი – დაავადება, რომელსაც იწვევს წურბელების მოქმედება და მიმდინარეობს სისხლდენებით, თავის ტკივილით, ანემიით. წურბელამ შესაძლოა შეაღწიოს გარემოსთან დაკავშირებულ ორგანიზმის სხვადასხვა ღრუებში, ასევე მიეკროს კანის საფარველს; ამის მიხედვით განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ჰირუდინოზს. 

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ჰირუდინოზი  (ლათ. Hirudinis – წურბელა + -osis) – დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია წურბელების ზემოქმედების შედეგად. წურბელები ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა კლიმატურ ზონებში, განსაკუთრებით კი ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ბინადრობენ წყალსაცავებში, ტორფის ჭაობებში, ტბებში, იკვებებიან ხერხემლიანი ცხოველების სისხლით.

ჰირუდინოზით დაავადება ხდება ბუნებრივ წყალსაცავებში ბანაობისას,  ნამიან მინდორზე ფეხშიშველი  გავლისას. განსაკუთრებით ძნელი შესამჩნევია წურბელები ხშირ ბალახში, ჭებიდან მუქი ფერის ჭურჭლით წყლის ამოღებისას.

წურბელები ადამიანზე თავდასხმისას ეკვრიან კანის საფარველს ან აღწევენ გარემოსთან დამაკავშირებელ სხვადასხვა ღრუებში (მაგ. სასუნთქ სისტემაში, საჭმლის მომნელებელი სისტემაში და ა.შ)

ჰირუდინოზის სახეები

განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ჰირუდინოზ.

გარეთა ჰირუდინოზის დროს წურბელები ეკვრიან კანზე, ძირითადად იღლიის ფოსოებში, მხრების, კისრის, შორისის მიდამოში და დუნდულოებს შორის.

შიგნითა ჰირუდინოზის დროს წურბელების შეღწევა ხდება გარემოსთან დაკავშირებულ ღრუებში.

გამოყოფენ  რა ჰირუდინს, რომელიც ძლიერ ანტიკოაგულანტს და ჰისტამინის მსგავს ნივთიერებას წარმოადგენს, იწვევენ კაპილარების გაფართოებას და სისხლდენას. გარდა ჰირუდინის ზემოქმედებისა პათოგენეზში ერთვება მექანიკური ფაქტორი, რაც დაკავშირებულია წურბელების მოძრაობასთან და რბილი ქსოვილების ტრავმირებასთან. აღნიშნული ტიპის დაზიანება დამახასიათებლია შიდა ჰირუდინოზისათვის, როდესაც წურბელები ორგანიზმის ღრუებში მოხვედრისას იწვევენ დახშობას, გაღიზიანებას, სპაზმური ხასიათის მოვლენების განვითარებას და ა.შ.

განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ჰირუდინოზი  სახის არეში და იმ პირებში, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან სისხლის შედედების დარღვევისაკენ.

ჰირუდინოზის  სიმპტომები

ჰირუდინოზის ძირითადი სიმპტომებია სისხლდენა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პროგრესირებადი ანემია. გარდა ამისა დამატებითი ნიშნების გამოვლენა დამოკიდებულია პარაზიტის ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით სახიფათოა წურბელების მოკიდება მბგერავი იოგებზე და ტრაქეის კედელზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასფიქსია.

ჰირუდინოზის დიაგნოსტიკა

გარეთა ჰირუდინოზის დიაგნოზის დასმა საკმაოდ მარტივია,  ამისათვის საკმარისია სხეულის კარგად დათვალიერება და მასზე პარაზიტის ან მისი ნაკბენის აღმოჩენა.

შიგნითა ჰირუდინოზის დიაგნოსტირება შედარებით რთულია ძირითადი სიმპტომის, სისხლდენის  არსებობის დროსაც კი, ასეთ დროს უნდა გამოირიცხოს სხვა შესაძლო მიზეზები.

ჰირუდინოზის დროს ცხვირიდან სისხლდენა  მოწმობს წურბელის ცხვირხახისა და ცხვირის ღრუში არსებობას. ზოგჯერ ცხვირხახის დაზიანებისას სისხლდენა  აღინიშნება პირიდანაც. სისხლდენა ყელიდან ან სისხლიანი ნახველი მიუთითებს პარაზიტის ტრაქეის კედელზე მიკვრას. თუმცა მსგავსი სიმპტომები აღინიშნება პოლიპოზისა და ზოგიერთი სხვა დაავადებისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები