ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერ­მინაციის ხარისხის მომატება, რის გამოც ისინი კარგავენ ურ­თიერთგარ­დაქმნის უნარს. ქსოვილთა დეტერმინაციის შესახებ მოძღვრება შეიმუშა­ვეს ა.ა.ზავარზინმა, ნ.გ.ხლოპინმა, ს.ი.შჩელკუნოვმა, მათმა მოსწავლეებმა და მიმდევრებმა. სხვადასხვა ქსოვილის სპეცი­ფიკურობა დეტერმინირ­დება შედარებით ადრე, მაშინ, როდესაც მო­მავალი ქსოვილები ჯერ კიდევ წარმოდგენილია ემბრიონული ნერ­გებით, თითოეული ქსოვილოვანი ნერგის დეტერმინაცია აღინიშნება მხოლოდ გარე და შინაგანი პირო­ბების გარკვეული შეხამების დროს (ა.გ.კნორე, 1971). ქსოვილთა, ისევე როგორც უჯრედთა დეტერმინირე­ბაში იგულისხმება მათი ისტორიუ­ლად ჩამოყალიბებული ბუნება, განმტკიცებული მემკვიდრეობით ფი­ლო­გენეზური განვითარების პროცესში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა