არტერიოვენური ფისტულა

არტერიოვენური ფისტულა

არტერიოვენური ფისტულა პათოლოგიური კავშირია არტერიებსა და ვენებს  შორის, რაც ნორმაში არ აღინიშნება. ჩვეულებრივ სისხლი ორგანიზმში მიედინება გულიდან არტერიების გავლით კაპილარული ქსელისაკენ, შემდეგ კი იკრიბება ვენებში  და ბრუნდება კვლავ გულში. არტერიოვენური ფისტულის არსებობისას კი სისხლი კაპილარების გამოტოვებით პირდაპირ ვენურ  ქსელში ხვდება.

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ არტერიოვენურ ფისტულებს. თანდაყოლილი ფისტულები არ წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ განვითარების მანკს. შეძენილი ფისტულები წარმოიქმნება ერთმანეთთან ახლოს მდებარე არტერიისა და ვენის ტრავმისას (მაგალითად, ტყვიით ან დანით ჭრილობის მიყენებისას, ოპერაციის, ორგანოს პუნქციური ბიოპსიის ჩატარების დროს). არტერიოვენური ფისტულა წარმოიქმნება ჩვეულებრივ სისხლძარღვის ტრავმიდან დაუყონებლივ ან რამდენიმე საათის შემდეგ, ფისტულის ჩამოყალიბების ადგილას აღინიშნება ქსოვილების შეშუპება. ზოგჯერ ფისტულა ხელოვნურად იქმნება, მაგალითად ჰემოდიალიზის ჩატარების მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვის მრავალჯერადი პუნქცია თითოეული პროცედურისას. ჰემოდიალიზის მიზნით ჩვეულებრივ ფისტულა ყალიბდება წინამხრის სისხლძარღვებს შორის. ხელოვნურად შექმნილ ფისტულის შემთხვევაში გართულებას წარმოადგენს თრომბის წარმოქმნა. დიდი ზომის არტერიოვენური ფისტულები ფისტულის დისტალურად იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, გულის გადატვირთვას.

არტერიოვენური ფისტულა – კლინიკური სურათი

არტერიოვენური ფისტულის კლინიკური სურათი დამოკიდებულია სისხლის მოცულობაზე, რომელიც არტერიიდან პირდაპირ ვენურ სისტემაში და დეფექტის ლოკალიზაციაზე. მცირე ზომის არტერიოვენური ფისტულა ჩვეულებრივ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო სისხლის მნიშვნელოვანი მოცულობისას ვლინდება გულის გადატვირთვის ნიშნები და შესაბამისად ჰიპერკინეტიკური სისხლის მიმოქცევაგულის შეკუმშვების გახშირება, სისტოლური და პულსური არტერიული წნევის მატება, რაც იწვევს დატვირთვისადმი გამძლეობის შემცირებას. ზოგ შემთხვევაში,  მაგალითად როდესაც ფისტულა აღინიშნება ქვემო კიდურებში, შეინიშნება ვენების გაფართოება და ფისტულის ახლოს პულსაცია, ადგილობრივი შეშუპება. ფისტულის მიდამოში კანის ტემპერატურა მომატებულია, დისტალურად კი დაქვეითებული. ფისტულის ზევით შესაძლოა მოისმინებოდეს ხმაური (როგორც სისტოლის, ისე დიასტოლის დროს). დისტალურ ნაწილში შესაძლებელია ტროფიკული დარღვევები. თუ დიდი ზომის ფისტულა ზედაპირულად მდებარეობს და პალპაცია შესაძლებელია, შევნიშნავთ, რომ არტერიაზე ზეწოლა გულის რიტმის გაიშვიათებას იწვევს. სისხლის ჟანგბადით გაჯერება ფისტულის ახლოს ვენაში მომატებულია.

დიდი ზომის არტერიოვენური  ფისტულის არსებობისას (მსხვილ არტერიასა და ვენას შორის) სისხლის დიდი მოცულობა წნევით ხვდება ვენაში და იმის გამო, რომ  ვენის კედელი ისეთი სქელი და გამძლე არაა, როგორც არტერიას, აღინიშნება მისი დაზიანება, გაფართოება,  რაც თავის მხრივ  განაპირობებს ვენების ვარიკოზული გაფართოების განვითარებას და თრომბოზს.  არტერიოვენური ფისტულა ასევე შეიძლება გახდეს ბაქტერიული ინფექციის კერა.

დიდი ზომის არტერიოვენური ფისტულის არსებობისას მცირდება სისტემური არტერიული წნევა, კომპენსატორულად  იმატებს გულის შეკუმშვების სიხშირე, იზრდება გულზე დატვირთვა, რაც დროთა განმავლობაში იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას.

არტერიოვენური ფისტულა – დიაგნოსტიკა

არტერიოვენური ფისტულის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ულტრაბგერითი  სკანირება და ანგიოგრაფია.

არტერიოვენური ფისტულა – მკურნალობა

მცირე ზომის თანდაყოლილი დეფექტის  შემთხვევაში მისი მოცილება შესაძლებელია ლაზერული კოაგულაციის მეთოდით. განსაკუთრებით დიდ სიძნელეს წარმოადგენს არტერიოვენური ფისტულის მდებარეობა თვალთან ახლოს, თავის ტვინში ან სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებთან.

შეძენილი არტერიოვენური ფისტულა დაუყონებლივ უნდა იქნეს დიაგნოსტირებული და საჭიროებს  ქირურგიულ მკურნალობას, ფისტულის მოცილება შესაძლებელია ენდოვასკულური გზითაც, რენტგენის სხივების კონტროლის ქვეშ, როდესაც სისხლძარღვის დახშობა სპეციალური ნივთიერების ან ხელსაწყოს მეშვეობით ხდება.

ქირურგიული დაავადებები