ღორის გრიპი

ღორის გრიპი

ღორის გრიპი, ღორის გრიპი – ეტიოლოგია და პათოგენეზი, ღორის გრიპის კლინიკური სურათი, ღორის გრიპის დიაგნოსტირება, ღორის გრიპის  მკურნალობა და პროფილაქტიკა >>>

ღორის გრიპი – ეტიოლოგია და პათოგენეზი

ღორის გრიპი (A ტიპის გრიპი, H1N1) – წარმოადგენს ადამიანის, ფრინველისა და ღორის გრიპის რეკომბინაციის  შედეგად მიღებულ ახალ შტამს. ადამიანებს არ გააჩნიათ იმუნიტეტი ღორის გრიპის მიმართ.

ღორის გრიპის გადაცემა არ ხდება ღორისაგან, (გარდა ცხოველთან უშუალო კონტაქტისა), ღორის ხორცის თერმული დამუშავებისას ვირუსი ნადგურდება. ვირუსის გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი  გზით, ადამიანებს შორის პირადაპირი და შუალედური კონტაქტისას.

ღორის გრიპის კლინიკური სურათი

ღორის გრიპის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს ერთიდან შვიდ დღემდე.

ღორის გრიპისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება 380C-ზე ზევით, იშვიათ შემთხვევაში მიმდინარეობს ცხელების გარეშე
  • თავისა და ყელის ტკივილი
  • ფარინგიტი
  • ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
  • კუნთების ტკივილი
  • იშვიათად – გულისრევა, ღებინება

ღორის გრიპის დიაგნოსტირება

დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სურათის და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის საფუძველზე

ღორის გრიპის  მკურნალობა და პროფილაქტიკა

ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან ღორის გრიპის მძიმე ფორმებისას, გართულებების მაღალი რისკის მქონე პირები, ამბულატორიულ პირობებში ავადმყოფის იზოლირების შეუძლებლობისას. სტაციონარში მკურნალობა მიმდინარეობს იზოლირებულ ბოქსებში, გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები და სიმპტომური თერაპია.

ღორის გრიპის დროს ცხელებითი მდგომარეობის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია აცეტამინოფენის ტიპის  სიცხის დამწევი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი). არ შეიძლება ასპირინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის არც ასპირინის შემცველი სამკურნალო საშუალებები, მოსალოდნელია რეიეს სინდრომის განვითარება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და ენცეფალოპათია.

ღორის გრიპის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია  რეგულარულად და გულმოდგინედ ხელების საპნით დაბანა, არაა რეკომედირებული ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რესპირაციული ინფექციის  სიმპტომების (სურდო, ხველა, თვალების სიწითლე)  მქონე ადამიანებთან კონტაქტი, მიზანშეწონილია ნიღბის ტარება. უნდა მოხდეს შენობის ხშირი განიავება.

ღორის გრიპის სიმპტომების გამოჩენისას დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გრიპის გადატანის შემდგომ იმუნიტეტი ნარჩუნდება 5 წლის განმავლობაში, თუმცა ჯვარედინი იმუნიტეტი არ არსებობს, ამიტომ ახალი შტამით დაავადების რისკი მაღალია.

გრიპის პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია ვაქცინაცია, თუმცა  გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას, რის გამოც ვაქცინაციის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სპეციალისტების აზრით, ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ეპიდემიის  დაწყებამდე 1-1,5 თვით ადრე და გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია ვირუსის ახალი სახე და მოსალოდნელია ეპიდემიური აფეთქება ან მაშინ, როდესაც ცნობილია როგორ შეიცვლება ვირუსი და შესაძლებელია შესაბამისი ვაქცინით აცრა.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.