გულის სარქვლების პლასტიკა და პროტეზირება

ფიზიოლოგიურად განსაზღვრულია სისხლის გარკვეული მიმართულებით დინება გულის ღრუებში, რისთვისაც აუცილებელია გულის სარქვლების  ნორმალური ფუნქციონირება. გულის სარქვლები  განლაგებულია პარკუჭებსა და წინაგულებს და ასევე მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის, მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის არტერიას შორის. სარქვლების შეთანხმებული მოქმედება სისტოლასა და დიასტოლაში განაპირობებს სისხლის ფიზიოლოგიურ დინებას და ეწინაამდეგება რეგურგიტაციას, არტერიული და ვენური სისხლის შერევას, გულის  ღრუების გადავსებას. გულის სარქვლების  ფუნქციონირების დარღვევა მნიშვნელოვნად არღვევს სისხლის მიმოქცევას.

ყველაზე ხშირია მიტრალური (მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის)  და აორტული მანკები განპირობებული რევმატული ენდოკარდიტით. მიტრალური მანკი ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომპენსირებულია და სარქვლების  პროტეზირება ნაჩვენებია დეკომპენსაციის განვითარებისას, როდესაც ვლინდება შეშუპებები, რითმის დარღვევები, ქოშინი. რაც შეეხება აორტული მანკს, უფრო მძიმე გამოვლინებები ახასიათებს და სწრაფად გადადის დეკომპენსაციის სტადიაში. ახალგაზრდა პაციენტებში ძირითადად ხდება მექანიკური სარქვლის იმპლანტაცია, ასაკოვან პირებში კი ბიოლოგიური.

პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლის დროსაც საჭირო ხდება გულის სარქვლის  პლასტიკა და პროტეზირება, მიეკუთვნება შემდეგი მდგომარეობები:

დაზიანებული სარქვლის დარღვეული ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია სარქვლის პროტეზირებით ან პლასტიკით.

არსებობს სარქვლის პროტეზის ორი ძირითადი ტიპი: მექანიკური და ბიოლოგიური სარქვლები. ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიური სარქვლები მზადდება ცხოველის სარქვლოვანი აპარატისაგან (ქსენოტრანსპლანტატი), იშვიათად კი ადამიანის ქოვილისაგან (ალოტრანსპლანტატი), ბიოლოგიური სარქვლები არ საჭიროებს ოპერაციის შემდეგ ანტიკოაგულანტების მუდმივ მიღებას. თუმცა მათ უარყოფით მხარეს წარმოადგენს ყოველ 10-15 წელიწადში შეცვლის აუცილებლობა. მექანიკური სარქვლები მათთან განსხვავებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებს, თუმცა საჭიროებს ანტიკოაგულანტების მუდმივ მიღებას, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც იწვევს ჰემორაგიულ  გართულებებს (მაგ. სისხლჩაქცევას თავის ტვინში).

სარქვლების პროტეზირება ხდება ღია წესით ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებით, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლებელია მცირედ ინვაზიური ოპერაციის ჩატარება, რომლის დროსაც ხდება კათეტერის მეშვეობით სისხლძარღვიდან სარქვლის შეტანა გულის  ღრუში და საჭირო ადგილას მოთავსება, დამაგრება.

სარქვლებზე სწორად ჩატარებული ოპერაციის შემდგომ გართულებების რისკი მცირეა, მაგრამ მაინც შეიძლება განვითარდეს: გულის რიტმის დარღვევა, სისხლდენა, სისხლძარღვების დაზიანება კათეტერით, პნევმონია, თირკმლის უკმარისობა, ფლებოთრომბოზი, ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია, ინსულტი, გარდა ამისა ოპერაციის შემდგომ არსებობს სარქვლის ირგვლივი და ტრანსარქვლოვანი რეგურგიტაციის, სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კმარისობის განვითარების რისკი. იშვიათ შემთხვევებში საჭირო ხდება განმეორებითი  ოპერაცია ხელოვნური სარქვლის არასათანადო ფუნქციონირების გამო.

თუ შესაძლებელია, უმჯობესია ჩატარდეს სარქვლის პლასტიკა, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს საკუთარი სარქველი და შემცირდეს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი. ამასთან ასეთ შემთხვევაში ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღება  მხოლოდ პოსტოპერაციულ პერიოდშია საჭირო.  ტარდება ანულოპლასტიკა (ფიბროზული რგოლის შევიწროება ნაკერების მეშვეობით, გამოიყენება მიტრალური სარქვლის უკმარისობისას  გულის გამოხატული დილატაციისას), კარედების პლასტიკა და ასევე ხელოვნური ქორდების იმპლანტაცია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..