ღრმა ვენების თრომბოზი

ღრმა ვენების თრომბოზი  – პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება უმეტესწილად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში თრომბების წარმოქმნით. აღნიშნული დაავადება მოსახლეობის 10-20%-ში გვხვდება.
არანამკურნალებ შემთხვევაში შესაძლოა გახდეს სიკვდილის მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გამო. ღრმა ვენების თრომბოზის გვიან გართულებას წარმოადგენს პოსტთრომბოზული სინდრომი.

ეტიოლოგია, რისკ-ფაქტორები

ღრმა ვენების თრომბოზის განვითარებაში სამი ძირითადი მექანიზმი გამოიყოფა, ე.წ. ვირხოვის ტრიადა: ენდოთელიუმის დაზიანება, ჰიპერკოაგულაცია და სტაზი. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები კარგად ხსნის ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების სიხშირეს  ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკფაქტორებს წარმოადგენს ასაკი, ჰიპოდინამია, გაცხიმოვნება, ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ტრავმები, ქირურგიული ჩარევა, ასევე პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც განაპირობებენ ენდოთელური უჯრედების დაზიანებას  (იმუნური ვასკულიტი, სისტემური წითელი მგლურა, გიგანტუჯრედოვანი არტერიტი),  ჰიპერკოაგულაციას (დისემინირებული სისხლძარღვშიგა კოაგულაცია, ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, დისფიბრინოგენემია) და სტაზს (გულის შეგუბებითი უკმარისობა, მომატებული სიბლანტე, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი).

კლინიკური სურათი

ღრმა ვენების თრომბოზის  გამოვლინებები დამოკიდებულია თრომბის  ლოკალიზაციაზე და ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგანაც სისხლის მიმოქცევა ნაწილობრივ აღდგება გამგმირავი ვენების მეშვეობით, რომელბიც ღრმა ვენებს აკავშირებს კანქვეშა ვენებთან.

სიმპტომები, მიმდინარეობა

  • შეშუპება ქვემო კიდურების არეში
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულისას
  • კანის ფერის ცვლილებები – სიწითლე, პიგმენტაცია
  • სიმძიმისა და სითბოს შეგრძნება კიდურებში

ღრმა ვენების კედლიდან თრომბის მოწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულება, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ამ უკანასკნელის დროს ვლინდება უეცარი ქოშინი, გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი და სისხლიანი ხველა, ხშირად სრულდება ლეტალური გამოსავლით.

დიაგნოსტიკა

ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ფლებოგრაფია, გარდა ამისა ტარდება დოპლეროგრაფია, ულტრაბგერითი დუპლექს სკანირება, პლეტიზმოგრაფია, რადიონუკლიდური დიაგნოსტიკა, კომპიუტერული და მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია. ლაბორატორიული კვლევებიდან მნიშვნელოვანია D-დიმერი, რომლის ნორმალური დონე გამორიცხავს ღრმა ვენების თრომბოზს.

მკურნალობა

ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის მიზანია:

გამოყოფენ ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის კონსერვატიულ და ქირურგიული მეთოდებს. კონსერვატიული თერაპია მოიცავს კომპრესიულ თერაპიასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას – ანტიკოაგულაციური თერაპია და თრომბოლიზისი. მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიდან გამოიყენება: თრომბექტომია, კავა ფილტრის იმპლანტაცია, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის   შემთხვევაში ემბოლექტომია.

ღრმა ვენების თრომბოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ღრმა ვენების თრომბოზი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უმეტესწილად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში თრომბების წარმოქმნით
🖇 ღრმა ვენების თრომბოზის გამოვლინებები დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე და ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგანაც სისხლის მიმოქცევა ნაწილობრივ აღდგება გამგმირავი ვენების მეშვეობით, რომელბიც ღრმა ვენებს აკავშირებს კანქვეშა ვენებთან
🫁 ღრმა ვენების კედლიდან თრომბის მოწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულება – ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
💊 გამოყოფენ ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის შემდეგ მეთოდებს:
➡️ კონსერვატიული მეთოდი – მოიცავს კომპრესიულ თერაპიასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას
➡️ ქირურგიული მეთოდი – გამოიყენება:
✔️ თრომბექტომია;
✔️ კავა ფილტრის იმპლანტაცია;
✔️ ემბოლექტომია – ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევაში
👉 შეიტყვეთ მეტი ღრმა ვენების თრომბოზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3b5bj8y
#თრომბოზი #ღრმავენებისთრომბოზი #თრომბისნიშნები #თრომბისსიმპტომები #თრომბოზისსიმპტომები #თრომბოზისმკურნაობა #თრომბოზისმედიკამენტები #ფეხისთრომბი #თრომბექტომია #ემბოლექტომია #ფილტვისემბოლია #თრომბოემბოლია #თრომბისმოცილება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.