დროებითი გვირგვინები

..

დროებითი გვირგვინები – (სტომატ.) გამოიყენება კბილების პროთეზირების დროს, მუდმივი გვირგვინების ან ხიდების დამზადებამდე. მზადდება პლასტმასისგან და დროებითია, მაგრამ ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია. პროთეზირების ამ ეტაპის უარყოფა არ შეიძლება. დროებითი გვირგვინები გამოიყენება: 1. შესაძლო მტკივნეული რეაქციის ასაცილებლად, როდესაც მოქლიბულია ცოცხალი საყრდენი კბილები (ნერვის ამოღების გარეშე); 2. ღრძილის ჩაზრდის ასაცილებლად, როდესაც საყრდენი კბილები მოქლიბულია საფეხურებით; 3. პრეპარირებული კბილების გადაადგილების ასაცილებლად; 4. ესთეტური თვალსაზრისით. არავის არ სურს სხვას აჩვენოს მოქლიბული კბილები. არსებობს დროებითი გვირგვინების დამზადების ორი მეთოდი: 1. დროებითი გვირგვინები მზადდება პაციენტის პირის ღრუში: ამ მიზნით, კბილის პრეპარირებამდე სტომატოლოგი იღებს კბილის ანაბეჭდს, რომელშიც მიიღება კბილის ზუსტი კონფიგურაცია. შემდეგ კბილი პრეპარირდება მუდმივი გვირგვინის ქვეშ, რომლის დასრულების შემდეგაც ექიმი პირველ ანაბეჭდში ასხამს სპეციალურ თხევად პლასტმასას და ანაბეჭდს ამაგრებს დამუშავებულ კბილზე. რამდენიმე წუთში, პლასტმასის გამყარების შემდეგ, ექიმი ანაბეჭდს კბილიდან იღებს და დროებითი გვირგვინი მზად არის. ექიმი არგებს დროებით გვირგვინს, ამოწმებს თანკბილვაში, აპრიალებს, აფიქსირებს დროებითი ცემენტით. 2. ლაბორატორიული – (სტომატ.) მზადდება კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში: ამ მიზნით ექიმი ამუშავებს კბილს, იღებს ანაბეჭდს და აგზავნის კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. კბილის ტექნიკოსი ასხამს თაბაშირის მოდელს და ამზადებს დროებით პლასტმასის გვირგვინს. შემდეგ მზა დროებით გვირგვინს ექიმი მოარგებს, ამოწმებს თანკბილვაში, აპრიალებს და აფიქსირებს კბილზე დროებითი ცემენტით.  (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>