ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები მშობლებისათვის

ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული რჩევები

ბავშვის კვებაზე ზრუნვა არ მთავრდება მას შემდეგ, რაც თქვენს შვილს დედის რძე და საწოვარა აღარ სჭირდება. ეს ბროშურა შეიცავს ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ იმ კითხვებს, რომლითაც ყველაზე ხშირად მიმართავენ სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლები ბავშვთა ექიმს ან დიეტოლოგს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

კითხვა N1:

რა გზას მივმართოთ, თუ 2-3 წლის ბავშვი არ ჭამს (ან თითქმის არ ჭამს) ხორცს, თევზს და ყველს? როგორ მოვახერხოთ რომ ის ბალანსირებულად იკვებებოდეს (ანუ იღებდეს ზრდისათვის აუცილებელ ნივთიერებებს)?

პასუხი: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან:
1-ლი ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი, ა.შ.);
მე-2 ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;
მე-3 ჯგუფი: ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები) – (ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები – ბარდა, ლობიო, სოია);
მე-4 ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი…)
შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები უნდა შეირჩეს. თუ თქვენი შვილი არ ჭამს ხორცს და თევზს, აუცილებლად აჭამეთ პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოია), კვერცხი და თხილი/კაკალი (დაქუცმაცებული). არაფრის ჭამას თუნდაც შეზღუდული ნაირსახეობის საკვების მიღება სჯობს. შიგადაშიგ, სცადეთ ახალი სახეობის საკვების მიცემა. სასურველია ახალი ან ადრე უარყოფილი საკვების – მაგ. ხორცით დამზადებულის, იმ საკვებთან ერთად მიტანა, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოსწონს – თუ ახალ შეთავაზებულ საჭმელს მაინც არ მიიღებს, წინააღმდეგობის გარეშე გადადეთ ის გვერდით და ხელმეორედ მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე შესთავაზეთ იგი.

ოჯახის წევრებთან, პატარა მეგობრებთან ან უფროს ბავშვებთან ერთად სადილმა შესაძლოა თქვენს შვილს ახალი სახეობის საჭმლის გასინჯვისაკენ უბიძგოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების ჯგუფების ცოდნა იმ მოზრდილი ბავშვების მშობლებისათვის, რომლებსაც უკვე ჩამოუყალიბდათ ვეგეტარიანული მადა და იმ ოჯახებისათვისაც, სადაც ძვირადღირებული საკვები პროდუქტების (მაგ. ხორცის, ყველის,) შეძენა ყოველთვის არ ხერხდება.

კითხვა N2:

რა ვქნათ თუ ბავშვი არ ჭამს ხილს და ბოსტნეულს?

პასუხი: თუ თქვენი ბავშვი არ იღებს ხილს და ბოსტნეულს, ის პირველ რიგში “C” (ცე) ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. საყურადღებოა, რომ კარტოფილი (განსაკუთრებით მოხარშული და კანგაუცლელად გამომცხვარი) C ვიტამინის კარგი წყაროა და ბავშვების უმრავლესობას უყვარს, მაშინაც კი, როცა ისინი სხვა ბოსტნეულს არ ეკარებიან. ზამთრის პერიოდში ბევრ ქვეყანაში იყენებენ წინასწარ გაყინულ ხილს და ბოსტნეულს, რომელიც იმდენივე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ახალი ხილი და ბოსტნეული. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბოსტნეულის ზედმეტი ხარშვით მისი კვებითი ფასეულობა იკლებს. მნიშვნე-ლოვანი რაოდენობის C ვიტამინს შეიცავს ხილის წვენები. ახალი სახის (რაც ბავშვს მანამადე არ მიუღია) ბოსტნეული შეგიძლიათ შეათქვიფოთ ხილფაფის (პიურის) ტიპის სუფში, რასაც ის მხოლოდ ცოტა განსხვავებულ გემოს მისცემს.
საერთოდ, ბავშვის გემოვნება, დამოკიდებულება საკვების მიმართ (დადებითი თუ უარყოფითი) ხშირად არამუდმივია და მხოლოდ რამდენიმე თვე თუ გასტანს ხოლმე, რის გამოც, შიგადაშიგ, განმეორებით (დაძალების გარეშე) სცადეთ გაასინჯოთ ბავშვს ახალი სახის ხილი და ბოსტნეული.

კითხვა N3:

უნდა მიეცეს თუ არა პატარა ბავშვს ნაღებმოხდილი რძე?

არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს ჩვილ ბავშვებს მხოლოდ უცხიმო რძე უნდა მიეცეს. თუ რძე ცხიმიანია, ნაღები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა მოეხადოს.
ნაკლებ ცხიმიანი რძე, შესაძლებელია, ბავშვს ნაღების მოუხდელადაც მიეცეს. 5 წლამდე ბავშვისათვის და, საერთოდ, მზარდი ორგანიზმისათვის არ შეიძლება საკვებში ცხიმის შემცველობაზე უარის თქმა ან მისი მკვეთრად შემცირება, რადგან ცხიმი ორგანიზმისათვის არა მარტო ენერგიის და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყაროს წარმოადგენს, არამედ აუცილებელია ბავშვის ზრდისათვის საჭირო ვიტამინების (A, D, E) გახსნისა და ორგანიზმის მიერ მათი ადვილად ათვისებისათვის.

კითხვა N4:

რას გვირჩევთ, როცა ბავშვი დილის საუზმეზე უარს ამბობს?

ბევრ ოჯახში დილის კვებას (საუზმეს) მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაშინ როცა, თუ ბავშვი საუზმეს გამოტოვებს, შეიძლება 18 საათის განმავლობაში (ძილის საათების ჩათვლით) მოუწიოს უსაკვებოდ დარჩენა. თუ ბავშვი უარს ამბობს ოჯახში მიღებულ დილის საკვებზე, მიეცით უფლება ჭამოს რაც უნდა – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მისი არჩევანი. თუ თვითონ არაფერს ირჩევს, შესთავაზეთ რძე, მაწონი, ხილი. ასეთ შემთხვევებში სასურველია, რომ ბავშვმა საუზმე ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მიირთვას.

ზამთრის ცივ თვეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დილით თბილი საუზმის – მაგ. თბილი ფაფის, რძის, ჩაის მიღებას, რაც ორგანიზმს გაათბობს და ბავშვი დღეს უფრო ხალისიანად შეუდგება.

კითხვა N5:

როგორ მოვიქცეთ, როცა პატარა ბავშვი მისთვის განკუთვნილ სრული რაოდენობის საკვებს ძირითადი კვებების დროს არ იღებს?

დღის განმავლობაში მისაღები საკვების რაოდენობა გადანაწილებული უნდა იყოს მთელ დღეზე და შემოღებული უნდა იქნას საკვების მიღების სავარაუდო რეჟიმი. უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა ბავშვი ბევრს არ ჭამს და მის თეფშზე მოზრდილი ადამიანის მისაღები რაოდენობის საკვების დახვავებამ შესაძლოა ჭამის მადა სულ დაუკარგოს.
თუ ბავშვისათვის დღის განმავლობაში მისაღები საკვების უმეტესი რაოდენობის მიცემა ძირითადი კვებების (საუზმის, სადილის, ვახშმის) დროს არ ხერხდება, შეგიძლიათ ეს რაოდენობა შეუვსოთ კვებებს შორის მიცემული წასახემსებლით. თუმცა, ბავშვს მადა რომ არ დაეკარგოს, სჯობს ძირითად კვებებს შორის ტკბილი ნამცხვრები, ტკბილი სასმელები და კანფეტები არ მისცეთ. ამ პროდუქტებს მნიშვნელოვანი კვებითი ფასეულობა არ გააჩნიათ და მათი ბავშვისათვის მიცემა ძირითადი კვების დამთავრებისთანავე (დესერტის სახით) სჯობს და არა კვებებს შორის პერიოდში.

ეცადეთ, რომ პატარა ბავშვის საკვები თეფშზე საინტერესოდ და, თუნდაც, გასართობადაც კი გამოიყურებოდეს. სასურველია, ბავშვს ჰქონდეს საკუთარი ნახატებიანი თეფში, შეთავაზებულ საჭმელს მისცეთ სურათის შესახედაობა და, შეძლებისდაგვარად, შეურიოთ მკვეთრი ფერების პროდუქტი (მაგალითად: სტაფილო, ტკბილი წითელი წიწაკა, პომიდორი, ა.შ.).

კითხვა N6:

რა ვქნათ, როცა ბავშვი სულ საჭმელს ითხოვს, ჭარბი წონაც არა აქვს და ძალიან აქტიურია? შეიძლება თუ არა ძირითად კვებებს შორის პერიოდში დამატებითი საკვების მიცემა და რისგან უნდა შესდგებოდეს ეს დამატებითი საკვები?

პასუხი: როცა ბავშვს ძირითად კვებებს (საუზმე, სადილი, ვახშამი) შორის შივდება – რაც შესაძლებელია, რადგან მზარდ და, განსაკუთრებით, აქტიურ ბავშვებს ბევრი ენერგია სჭირდებათ – დამატებითი საკვების მიცემაზე უარის თქმისათვის მიზეზი არ გაქვთ, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ძირითადი კვებების დროს საკმარისი რაოდენობით იღებს საკვებს და მხოლოდ წახემსებით არ იკმაყოფილებს შიმშილს. კვებებს შორის შეიძლება ხილის (როგორც ახალი, ისე მშრალი ჩირის), პურის ნაჭერზე

დადებული საკვების (ყველის, კარაქის, ხორცის, ბოსტნეულის/ფხალეულის “ბუტერბროდის” სახით), ხილის ზომიერად ტკბილი ნამცხვრის ნაჭერის ან, თუნდაც, ცალკე ბოსტნეულის (კიტრის, პომიდორის) მიცემა. თუ ბავშვს ჭარბი წონა (სიმსუქნე) აწუხებს, რა თქმა უნდა, ძირითად კვებებს შორის დამატებითი საკვების მიღებას ნელ-ნელა უნდა გადავაჩვიოთ.

კითხვა N7:

თუ ბავშვი სკოლაში ყოფნის დროს არ სადილობს, ჩაანაცვლებს თუ არა სახლიდან გატანებული მშრალი საჭმელი სადილს სრულყოფილად?

პასუხი: თუ ბავშვი სკოლაში არ სადილობს ან არასაკმარისად იკვებება, სახლიდან საკვების გატანება საშუალებას გაძლევთ კონტროლი გაუწიოთ მის სწორად კვებას. შესაძლებელია, სკოლაში წასაღები საკვების ისე მომზადება, რომ ის ბავშვისათვის საკმარისი, კალორიული და სასიამოვნოდ მისაღებიც კი იყოს. მთავარია გახსოვდეთ, რომ სასურველია თან წასაღებ “ფუთაში” თითო დასახელების პროდუქტი მაინც ჩართოთ საკვები პროდუქტების ოთხივე მთავარი ჯგუფიდან (იხილეთ ზემოთ). ეცადეთ ყოველდღე ერთი და იგივე არ გაატანოთ, რომ ბავშვმა მრავალფეროვანი საკვები მიიღოს და ის არც მობეზრდეს. სასურველია, მშრალ საკვებთან ერთად დასალევის ჩართვაც (რძიანი სასმელის, წვენის, ა.შ.).

ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ კითხვებზე უფრო დაწვრილებითი პასუხის მისაღებად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან პედიატრს.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure31/brochure31.htm


გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..