ლორწოვანი გარსი პირის ღრუს (membrana mucosa cavum oris)

..

ლორწოვანი გარსი პირის ღრუს (membrana mucosa cavum oris) – (სტომატ.) გარემოსთან დაკავშირებული ორგანოების ამომფენი საერთო გარსის ნაწილი. მისი ზედაპირი დაფარულია ლორწოთი. ლორწო და მასში შერეული სხვა სეკრეტი გამოიყოფა თვით ლორწოვან გარსში მდებარე ან მის ზედაპირზე გამომტანი სადინრების მქონე ჯირკვლებით. ლორწოვანი გარსი შეიძლება იყოს გლუვი, ნაოჭიანი, ჩაღრმავებებით, ხაოებითა და დვრილებით. მისი რელიეფი იცვლება გაჭიმვის, შეკუმშვის, ორგანოს ფუნქციური ან კლინიკური ცვლილებების შესაბამისად. ზრდასრულ ადამიანში მისი სისქე 0,3-4 მმ-ია. ლორწოვანი გარსი დაფარულია ეპითელიუმით (მრავალშრიანი, გარდამავალი, მრავალრიგიანი, ერთშრიანი, ბრტყელი, კუბური, ცილინდრული). მის ზედაპირზე სისტემურად გამოიყოფა ლეიკოციტები. მათი მიგრაციის მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია (ზრდასრული ადამიანის პირის ღრუში 1 წთ-ში გამოიყოფა 200000 ლეიკოციტი). ლორწოვანი გარსის მფარავი ეპითელიუმის დესქვამაცია ინტენსიურად ხდება. ცილინდრულ ეპითელიუმს აქვს თავისი აგებულების, დიფერენცირებისა და ფუნქციის შეცვლის კარგად გამოხატული უნარი მაღალი ტემპერატურის, მექანიკური ფაქტორის, აირების ზემოქმედების გავლენით, ავიტამინოზების დროს. ეპითელიუმი უერთდება ბაზალურ მემბრანას (ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის), სწორია, წარმოქმნის დვრილებს (მაგარი სასა, ღრძილები, ენა). უხეში მექანიკური სამუშაოს შემასრულებელ უბნებზე (ღრძილი, მაგარი სასა) Tunica propria შედგება მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან. ლორწოვანი გარსის ჯირკვლები არის ერთუჯრედიანი (ფიალისებრი) და მრავალუჯრედიანი. ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით. მასში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები მრავალგვარია. მრავალი დერმატოზი: პემფიგუსი, პემფიგოიდი, წითელი ბრტყელი ლიქენი, წითელი მგლურა, დიურინგის ჰერპესისებრი დერმატიტი, ფსორიაზი, პიგმენტურ-პაპილარული დისტროფია და სხვ. – (სტომატ.) მდებარეობს პირის ლორწოვან გარსზე და ტუჩების წითელ არშიაზე. ანთებითი პროცესები, ძირითადად, კატარულია და შეიძლება იყოს სეროზული, ლორწოვანი და ჩირქოვანი. ლორწოვანი გარსის ატროფია ხშირი მოვლენაა სიბერეში, საკვების ნაკლებობის, ავიტამინოზის, კბილების ნაწილობრივი და სრული დაკარგვის დროს. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>