პულპიტი

..

პულპიტი – (სტომატ.) სხვადასხვა გამღიზიანებელზე ქსოვილების რეაქციის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესი პულპაში. ეტიოლოგია: პულპიტი, ძირითადად, კარიესის გართულებაა. ასევე შეიძლება იყოს ექიმის არასწორი მოქმედებების (კბილის მოქლიბვა ორთოპედიული კონსტრუქციის ქვეშ, უხარისხო ბჟენები, ოპერაციული ჩარევა პაროდონტზე, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება) შედეგი. აღწერილია რეტროგრადული პულპიტის (ინფიცირება აპიკალური ხვრელიდან) შემთხვევებიც. კლასიფიკაცია: მწვავე პულპიტი – (სტომატ.) კეროვანი, დიფუზური; ქრონიკული პულპიტი – (სტომატ.)  ფიბროზული, ჰიპერტროფიული (პროლიფერაციული), განგრენული; ქრონიკული პულპიტის გამწვავება. პათოგენეზი: პულპიტები იყოფა მწვავედ და ქრონიკულად. მწვავე პულპიტის დროს ინფექცია აღწევს პულპაში პულპის დახურული საკნის დროს (კარიესით დაშლილი კბილის თხელი კედლიდან). მწვავე პულპიტი დასაწყისში კეროვანია და მიმდინარეობს სეროზული ანთების სახით (სეროზული პულპიტი), შემდეგ ჩნდება ჩირქოვანი ექსუდატი (ჩირქოვანი პულპიტი). ამ დროს ვითარდება ძალიან ძლიერი ტკივილი ჩირქოვანი ექსუდატის პულპის დახურულ საკანში დაგროვების გამო. ქრონიკული პულპიტები ხშირად მწვავეს გამოსავალია. ქრონიკული პულპიტის ძირითადი ფორმაა ფიბროზული პულპიტი, როდესაც ხდება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდა. ჰიპერტროფიული პულპიტის დროს ხდება პულპის ქსოვილის ჰიპერტროფიული ჩაზრდა ღია კარიესულ ღრუში. განგრენული პულპიტის დროს გვირგვინოვან პულპაში იშლება ქსოვილები. ფესვის პულპაში აღინიშნება გრანულაციური ქსოვილი. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>