ბავშვის ტემპერამენტი – ფლეგმატიკური ტიპი

ბავშვის ტემპერამენტი – ფლეგმატიკური ტიპი

საერთო დახასიათება

ნელი, მშვიდი, გაწონასწორებული, თანმიმდევრობითი, დაკვირვებული. ბავშვობაში მხოლოდ რამდენიმე ამოჩემებული სათამაშო აქვს, არ ხმაურობს, არ დარბის, უყვარს ჭამა, ძილი.
დიდი ფანტაზიორობითა და გამომგონებლობით არ გამოიჩევა, ამიტომ მის სათამაშო კუთხეში მუდამ წესრიგია, სათამაშოებს არ ამტვრევს, ტანსაცმელს არ აზიანებს, მაგრამ, პარალელურად, შეუძლია საათების განმავლობაში კედლიდან ნელ-ნელა აახიოს შპალერი, რასაც ისე ჩუმად გააკეთებს, რომ უფროსები ვერც გაიგებენ (ანუ არ შეწუხდებიან).


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ჩვეულ გარემოში ცვლილებებს იმდენად ვერ იტანს, რომ თუ სხვა ჭიქას მისცემთ, შეიძლება სერიოზული სკანდალი მოგიწყოთ ან ისე განაწყენდეს, მის შემოსარიგებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ.
ბავშვებთან თამაშისას ნაცნობ, უხმაურო თამაშებს ამჯობინებს, წესებს დიდხანს და რთულად იმახსოვრებს, ხშირად წესები ეშლება, რის გამოც თანატოლების გაღიზიანებას იმსახურებს.
არ ისწრაფვის ლიდერობისკენ, არ უყვარს გადაწყვეტილებების მიღება, მარტივ რაღაცაზეც ნაწყენდება, სერიოზული კამათის შემთხვევაში კი სამუდამოდ შეუძლია ურთიერთობის გაწყვეტა.
ფლეგმატიკს ნებისმიერ პირობებში შეუძლია პროდუქტიულად მუშაობა, წარუმატებლობა არ აღიზიანებს და ჩანაფიქრზე ხელს არ აქნევინებს. გამუდმებით ცდილობს, თავის გარშემო გარკვეული სისტემა შექმნას, წესრიგი დაამყაროს; ეკონომიურია, ყველა ნაბიჯის წინ კარგად ფიქრობს, სახავს სტრატეგიას, რასაც ხშირად წარმატებამდე მიჰყავს. თუმცა არის მეორე მხარეც – როდესაც გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები, ფლეგმატიკი განსჯას და საუკეთესო გამოსავლის ძიებას იწყებს, რის დროსაც სადავეებს სხვა იღებს ხელში, რაც მას ძალიან აღიზიანებს.

ყოველდღიური პრობლემები

სკოლაში წასვლამდე პირად ჰიგიენას, საუზმესა და მოწესრიგებას ძალიან დიდ დროს უთმობს, ამიტომ პირველ გაკვეთილზე იგვიანებს ხოლმე; საუზმეში მცირედი ცვლილებაც კი მისთვის მიუღებელია; პატარა ფლეგმატიკს შეუძლია გაიძულოთ, რომ ერთი და იგივე ზღაპარი ზედიზედ რამდენჯერმე წაუკითხოთ და არც იმპროვიზაციის უფლება მოგცეთ; კალმის შეძენის პროცესსაც კი დიდ მოვლენად აქცევს – არ გაყიდინებთ, ვიდრე მთელ ასორტიმენტს არ შეისწავლის.

მშობლების შეცდომა

ტემპერამენტი სწრაფად მუშაობის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ნუ ეჩხუბებით, ნუ დააჩქარებთ – მან თავად იცის, როდის უნდა დაიწყოს მეცადინეობა; წინააღმდეგობის გაწევა მისი ბუნების ნაწილია, ამიტომ თუ ფეხბურთი არ აინტერსებს, ვერც ყურებას დააძალებთ და ვერც თამაშს; ის ზარმაცი არ არის, უბრალოდ სხვებთან შედარებით ნელია, ამიტომ ჩხუბი და საყვედურები ზედმეტია; თავის საქმეს თვითონ გააკეთებს, ამიტომ პროცესის დაჩქარების მიზნით მშობლის ჩარევა უადგილოა.

რეკომენდაციები

ასაკის მიუხედავად ფლეგმატიკი ბავშვი კარგად იაზრებს პასუხისმგებლობას, ამიტომ სერიოზული საქმის დავალებას ნუ მოერიდებით. ხშირად ესაუბრეთ ნანახ ფილმებზე ან წაკითხულ წიგნებზე, ატარეთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც თანატოლებთან ურთიერთობას შეძლებს – ეს საკუთარი თავიდან გამოსვლაში დაეხმარება. აქტიური სპორტი მისთვის არაა, ამიტომ პასიურ სახეობაზე შეიყვანეთ.
ესაუბრეთ თანატოლებზე, საყვარელ პერსონაჟებზე, მათ საქციელზე. მათი განხილვა ფლეგმატიკ ბავშვს სხვების გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის სურვილს აღუძრავს და მის გარშემო არსებულ სამყაროს უფრო გაუფართოვებს. გარდა ამისა, მოიშორებს ადამიანების შესახებ შექმნილ სტერეოტიპულ აზრს და გააცნობიერებს, რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება და არა მხოლოდ მის მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული კანონებით.

იხ.ასევე:


აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1384771180.  გადასვლა>>> ,,ბავშვი”