როგორ არ დავსაჯოთ ბავშვი

როგორ არ დავსაჯოთ ბავშვი

ბავშვების სამყარო იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე უფროსებს წარმოგვიდგენია. ისინი ყოველდღიურად სწავლობენ რაღაც ახალს, იფართოვებენ თვალსაწიერს, გვბაძავენ, ჩვენსავით იქცევიან და, შესაბამისად, შეცდომებსაც უშვებენ.
ბავშვის შეცდომებს უფროსები ზოგჯერ დაუმორჩილებლობად აღიქვამენ, რასაც სადამსჯელო პროცედურებიც მოჰყვება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დასჯას თავიდან აგაცილებენ, ბავშვებს კი გარემოსთან ადაპტირებაში, სიახლესთან შეგუებაში დაეხმარება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

1. დაუკმაყოფილეთ მოთხოვნილება

ბავშვი შეიძლება შიმშილის ან მოუხერხებელი ტანსაცმლის გამო წუხდეს. თუ ისეთ ასაკშია, რომ ახსნა შეუძლია, ჰკითხეთ, რატომ ჭირვეულობს, ხოლო თუ ბავშვი ძალიან პატარაა, მაშინ ჯერ საგულდაგულოდ შეამოწმეთ მისი მდგომარეობა – შეიძლება ფეხსაცმელი უკუღმა აცვია, თქვენ კი მისი უგუნებობის გამო ბრაზობთ.

2. შეუქმენით პირობები

თუ ბავშვი არა და არ ითვალისწინებს თქვენს თხოვნას, რომ ხელი არ ახლოს ტელევიზორის პულტს ან მობილურს, ეს ნივთები ისეთ ადგილზე დადეთ, სადაც ვერ მისწვდება. დროთა განმავლობაში პატარა მათდამი ინტერესს დაკარგავს და პრობლემაც თავისთავად ამოიწურება.

3. შეინარჩუნეთ ყოველდღიური რუტინა

ბავშვები ძნელად ეგუებიან უეცარ ცვლილებებს და უყვართ, როდესაც მათი ყოფის ძირითადი ნაწილი უცვლელია. როდესაც იციან, წინ რა ელით, უფრო მშვიდად არიან და საკუთარ ქცევასაც უკეთ აკონტროლებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი დღე ერთნაირი უნდა იყოს, მით უმეტეს, ასე არ უნდა მოიქცეთ ხელოვნურად, რადგან ამ თამაშის წესებსაც ბავშვი გკარნახობთ. მაგალითად, თუ დილის პროცედურები ჩაცმით იწყება და კბილების გახეხვით გრძელდება, ერთ დღეს შეიძლება ჯერ აბაზანაში შესვლა მოისურვოს. ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ და, მით უმეტეს, ნუ გაუწყრებით. მართლაც არ აქვს მნიშვნელობა კბილებს ჩაცმული გაიხეხავს თუ პიჟამოთი.

4. სიყვარული ფიზიკურადაც გამოხატეთ

პატარას დამშვიდება ერთი უბრალო ჩახუტებითაც შეიძლება. ეს ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის სიგიჟემდე გიყვართ და ამიტომაც არ გინდათ, ცუდად იქცეოდეს.

5. შეუცვალეთ გარემო

ბავშვისთვის ძალიან რთულია, თუ დღის ძირითად ნაწილს შინ, თავის ოთახში ატარებს, რაც ძალიან ძაბავს. გარეთ სეირნობა საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, 15-20 წუთით მაინც გაართეთ. სულ მცირე, გარეცხილი ჭურჭლის გამშრალება და კარადაში შელაგებაც კი მის დღეს ოდნავ მაინც გაამრავალფეროვნებს. ასევე კარგი იქნება, თუ მის ოთახს პერიოდულად განაახლებთ ხოლმე, თუნდაც ახალ პოსტერს დაკიდებთ.

6. სამყაროს გაცნობა

წააკითხეთ ან წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც გარემოსა და ადამიანებზე წარმოდგენას უფრო გაუფართოვებს, ემოციურად გაზრდის. ასეთი წიგნები უფრო მეტად მიახვედრებს, რომ უაზრო ჭირვეულობა, უხეშობა და უმაქნისობა სინამდვილეში არაფრის მომცემია.

7. ნუ დაუყვირებთ

თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი რაიმე ნივთის გაფუჭებას ცდილობს, უბრალოდ სხვა საქმე შესთავაზეთ, მისი ყურადღება უფრო საინტერესო თემაზე გადაიტანეთ, სულ მცირე, ტელევიზორი მაინც ჩაურთეთ. ზოგჯერ უფროსების ყვირილითა და რისხვით ბავშვები ძალიან ერთობიან და ამიტომაც ცელქობენ. ნუ მისცემთ ამის საშუალებას.

8. გამოყავით მისთვის დრო

რაც უნდა ცელქი იყოს ბავშვი, რაც უნდა ვერ აკონტროლებდეს საკუთარ საქციელს, მშობელი მაინც რჩება ავტორიტეტად, ამიტომ დღის განმავლობაში გარკვეული დრო მასთან ერთად გაატარეთ. მეცადინეობაშიც რომ დაეხმაროთ, მისთვის ესეც დიდი ყურადღების ტოლფასი იქნება, რაც თქვენდამი პატივისცემასაც გაუზრდის.

9. მიეცით მაგალითი

ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ სამსახურში უსიამოვნება გაქვთ, შინ მოსული კარს ნუ მიაჯახუნებთ, ტელეფონის ყურმილს ნუ დაახეთქებთ. ბავშვი მშობლის სარკეა, ამიტომ მის ისედაც აქტიურ ქცევას ახალ უხეშ ელემენტებს ნუ დაუმატებთ.

10. დააკმაყოფილეთ მისი ინტერესები

თუ არ გინდათ, რომ ერთ დღეს შინ მისულს ხალიჩა საღებავით დასვრილი ან მაგიდა გახერხილი დაგხვდეთ, საოჯახო ნივთების დანიშნულება და ზოგისგან მოსალოდნელი საფრთხე გააცანით. თუ პატარა არა და არ ეშვება ტელეფონის ყურმილს, მაშინ ძველი, უსარგებლო ტელეფონი მიეცით, რითიც ცნობისმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებთ და თავს მისი ზედმეტი აქტივობისგანაც დაიცავთ.    გადასვლა>>> ,,ბავშვი”

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1390492549