დიაბეტი და თვალი

შაქრიან დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს როგორც თვალის ფსკერის ელემენტები (თვალის კაკლის უკანა კედელი, ბადურა), ასევე თვალის ბროლი – დიაბეტიური კატარაქტა. დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას) დაზიანებას – დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება.

შაქრიან დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს როგორც თვალის ფსკერის ელემენტები (თვალის კაკლის უკანა კედელი, ბადურა), ასევე თვალის ბროლი.

დიაბეტური რეტინოპათია

შაქრიანი დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას) დაზიანებას – დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტის მიკროსისხლძარღვოვანი გართულებაა. დიაბეტური რეტინოპათიის თავისებურებას მიეკუთვნება ის, რომ გამოხატულ სისხლძარღვოვან ცვლილებებმა დიდი ხნის მანძილზე შეიძლება არ გამოიწვიონ მხედველობის დაქვეითება, შემდეგ კი მხედველობა უეცრად და უფრო ხშირად შეუქცევადად დაქვეითდეს. დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და პაციენტს მხედველობის ხარისხის მიხედვით არ შეუძლია ადექვატურად შეაფასოს თვალის ფსკერის მდგომარეობა. ეს განაპირობებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტების აუცილებლობას.

განვითარების ფაქტორები

ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია – დიაბეტის ხანგრძლივობა. დიაბეტური რეტინოპათია დაავადების პირველ 5 წელს, ან სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე იშვიათად ვითარდება, მაგრამ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 5% -ს რეტინოპათია დიაბეტის გამოვლენასთან ერთად უვლინდება.

დაავადების ხანგრძლივობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სისხლში შაქრის მაღალი დონე. ცნობილია, რომ სისხლში შაქრის დონის კარგი მართვა, დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების შენელების ან თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თირკმელების დიაბეტური დაზიანება (ნეფროპათია) დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობის გართულებას იწვევს. სხვა რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ზედმეტი წონა, ჰიპერლიპიდემია და ანემია.

დიაგნოსტიკა

რეტინოპათიის გამოსაკვლევად თვალის ფსკერის დათვალიერება, საჭიროა გაფართოებულ გუგებზე, ოფთალმოსკოპის მეშვეობით, გამოცდილ სპეციალისტმა ჩაატაროს. გუგების გაფართოება, თვალში წინასწარ სპეციალური წვეთების ჩაწვეთებით მიიღწევა.

თვალის ფსკერის დათვალიერების გარდა, ოკულისტთან ვიზიტში შედის: მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, თვალის წინა ნაწილის გამოკვლევა კატარაქტის არსებობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში თვალშიდა წნევის გაზომვა.

იმისათვის რომ შეფასდეს თვალის ფსკერის მდგომარეობის დინამიკა და ბადურაზე ცვლილებების დასაბუთებისათვის ზოგჯერ ფუნდუს-კამერის მეშვეობით კეთდება თვალის ფსკერის სერიული სურათები. ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთი ცვლილებების გამოსავლენად რომელიც ჩვეულებრივი დათვალიერებისას არ ჩანს, ტარდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების ფლუორესცენტული ანგიოგრაფია.

ყველა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკური გამოკვლევა, თვალის ფსკერზე ცვლილებების არსებობისას კი ყოველ 6 თვეში, ან უფრო ხშირად.

დიაბეტური რეტინოპათიის სტადიები

გამოიყოფა დიაბეტური რეტინოპათიის 3 სტადია:

დიაბეტური რეტინოპათიის საწყის ფორმას არაპროლიფერაციული ეწოდება. ბადურაზე ასეთი მინიმალური ცვლილებები ადრე თუ გვიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტს უვითარდება და არ მოქმედებს მხედველობაზე. ეს სტადია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად, გართულების გარეშე მიმდინარეობდეს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის კომპენსირებისა და არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა მისი რეგრესირებაც კი მოხდეს. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზებასა და არტერიული წნევის დაქვეითებას მოიცავს.

დიაბეტური რეტინოპათიის შემდეგი სტადია პრეპროლიფერაციულია. ამ სტადიაზე მხედველობა ასევე არ იცვლება, მაგრამ მკურნალობის გარეშე შესაძლოა მოხდეს რეტინოპათიის შემდეგ სტადიაში სწრაფი პროგრესირება. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზაციისა და არტერიული წნევის დაქვეითების გარდა, ბადურას ლაზერული კოაგულაციის ჩატარებას მოიცავს.

რეტინოპათიის გაცილებით მძიმე ფორმა პროლიფერაციულია. ამ სტადიაზეც კი, მხედველობა გარკვეული დროის განმავლობაში უცვლელი რჩება. ზოგჯერ პაციენტი აღნიშნავს თვალების წინ მუქი მოციმციმე ლაქების გამოჩენას. თუმცა თვალის ფსკერზე გამოხატული პროლიფერაციული ცვლილებები აღინიშნება — ახალწარმოქმნილი სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რამაც შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება, სიბრმავე და თვალის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ამ სტადიაზე საჭიროა აუცილებლად ბადურას სასწრაფო კოაგულაცია ჩატარდეს. თუმცა მკურნალობა ამ სტადიაზე ყოველთვის მდგრად და დადებით ეფექტს არ იძლევა.

პროცესის პროგრესირებისას თვალის ფსკერზე შესაძლებელია თვალის ღრუში სისხლჩაქცევის განვითარება — ჰემოფთალმი, რაც მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. შესაძლებელია ნეოვასკულარული გლაუკომის განვითარება, რასაც თან სდევს მხედველობის სრული, შეუქცევადი დაკარგვა და თვალის ტკივილები. ამას გარდა, შესაძლოა განვითარდეს ბადურას აშრევება.

რეტინოპათიის პროლიფერაციული სტადიის ყველა ჩამოთვლილი შედეგი – თვალებზე რთულ ოპერაციულ ჩარევებს საჭიროებს, მაგრამ ისინიც კი ყოველთვის არ იძლევა მხედველობის აღდგენის საშუალებას.

ამიტომ უკეთესია თვალების დიაბეტური დაზიანების თავიდან აცილება, ვიდრე დაკარგული მხედველობის აღდგენა.

პროფილაქტიკა

მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ შაქრიან დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც სისხლში შაქრის დონე ნორმასთან ახლოს აქვთ, თვალის მხრივ გართულებები ნაკლებად აქვთ, ვიდრე მათ ვინც სისხლში შაქრის დონეს ცუდად მართავს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაში სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიშები დიდ დადებით როლს თამაშობს.

დიაბეტიან პაციენტებს ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტებით, შეუძლიათ საგრძნობლად შეიმცირონ თვალის მხრივ გართულებების რისკი. უმრავლესობა გართულებები გაცილებით წარმატებით იკურნება, თუ მათი გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე.

დიაბეტური კატარაქტა

შაქრიანი დიაბეტის კიდევ ერთი გართულება თვალის მხრივ, ბროლის შემღვრევაა — დიაბეტური კატარაქტა. ბროლის შემღვრევა შეიძლება მოხდეს შაქრიანი დიაბეტის ნებისმიერი ხანგრძლივობისას. განსაკუთრებით ხშირად კატარაქტა უვითარდებათ პაციენტებს სისხლში შაქრის მაღალი დონით. ბროლის შემღვრევა იწვევს მხედველობის გაუარესებას.

დიაბეტური კატარაქტის პროფილაქტიკა

კატარაქტის განვითარების პროფილაქტიკა — სისხლში შაქრის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაა. ამ ფონზე შესაძლებელია თვალის წვეთების გამოყენება, რომლებიც იწვევს ბროლის შემღვრევის განვითარების შენელებას. მაგრამ, სამწუხაროდ ვერანაირი წვეთებით და აბებით ვერ ხდება კატარაქტის განვითარების სრული თავიდან აცილება, და მითუმეტეს უკვე განვითარებული ბროლის შემღვრევის აღმოფხვრა.

დიაბეტური კატარაქტის მკურნალობა

კატარაქტის მკურნალობა — ქირურგიულია: შემღვრეული ბროლის ამოღება და ხელოვნური ლინზის იმპლანტაცია. ამჟამად კატარაქტის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე, ნაკლებად ინვაზიური და უმტკივნეულო მეთოდია ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით.

ზოგ შემთხვევაში (თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე) საჭიროა კატარაქტის ექსტრაკაფსულური ექსტრაქციის ანუ „ნაკერიანი“ ოპერაცის გაკეთება, რომელიც საბოლოოდ (2.5 – 3.0 თვეში) იძლევა ფაკოემულსიფიკაციის მსგავს შედეგს.

კატარაქტის ამოღება არამარტო მხედველობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, არამედ ოკულისტს პაციენტის თვალის ფსკერის დათვალიერების საშუალებასაც აძლევს ბადურას სისხლძარღვოვანი ცვლილებების, რეტინოპათიის ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად. >> თვალის დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.