კომპიუტერული თვალის სინდრომი

კომპიუტერული თვალის სინდრომი

 

კომპიუტერული თვალის სინდრომი — სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ვითარდება კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალების დაღლის გამო. ყოველდღიურად ამ სინდრომის მსხვერპლია კომპიუტერთან მუდმივად მომუშავე ადამიანების 40% და პერიოდულად მომხმარებელთა 92% >>>

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მათზე დამოკიდებული გახადა. კომპიუტერს არა მხოლოდ ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასართობად, არამედ უკვე ყოველდღიური ურთიერთობისთვისაც იყენებენ. ადამიანი მის გარეშე უკვე წუთსაც ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ მიისწრაფვის. ბოლო ხანს საკმაოდ ხშირად გვესმის კომპიუტერის მავნე ზემოქმედების შესახებ. მავნე ზემოქმედებას სხვა ორგანოებთან ერთად განიცდის თვალიც.

კომპიუტერული თვალის სინდრომი — იგივე კომპიუტერული ასთენოპია, – სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ვითარდება კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალების დაღლის გამო. ეს ტერმინი 1998 წელს ამერიკელმა მედიკოსებმა შემოიღეს. მიიჩნევა, რომ ყოველდღიურად ამ სინდრომის მსხვერპლია კომპიუტერთან მუდმივად მომუშავე ადამიანების 40% და პერიოდულად მომხმარებელთა 92%.

კომპიუტერული თვალის სინდრომი — განვითარების მიზეზები.

კომპიუტერული თვალის სინდრომის განვითარებას, შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: ოთახის განათება, მანძილი მონიტორამდე, მონიტორზე წარმოქმნილი ბლიკები, კომპიუტერთან ჯდომის პოზა და თავის დახრილობის კუთხე. ერთი ან ყველა ეს ფაქტორი ერთად შესაძლოა თვალების უსიამოვნო დაძაბვის და გადაღლის მიზეზი გახდეს.

კომპიუტერული თვალის სინდრომი – სიმპტომები.

კომპიუტერული თვალის სინდრომის დიაგნოსტირებას ექიმი-ოფთალმოლოგი ახდენს. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს როგორ მუშაობს და რეაგირებს თვალი იმ მანძილზე, რომელზეც კომპიუტერი მდებარეობს.

კომპიუტერული თვალის სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • მხედველობის გაუარესება;

  • აკომოდაციის დარღვევა;

  • მხედველობის გაორება;

  • კითხვის დროს თვალების ადვილად დაღლა;

  • თავის ტკივილი;

  • თვალების ჩაწითლება;

  • ცრემლდენა;

  • სინათლის შიში;

  • თვალების სიმშრალე;

  • კისრისა და მხრების ტკივილი.

ეს სიმპტომები, შეიძლება სხვა ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული, მაგალითად არაკორექტირებული მხედველობის დაქვეითება, ცუდი განათება, არასწორი პოზა და ა.შ.

კომპიუტერული თვალის სინდრომი — მკურნალობა.

თუ თქვენ მუდამ კომპიუტერთან მუშაობა გიწევთ, რეკომენდებულია ექიმ-ოფთალმოლოგთან ვიზიტი სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

6-7 წლამდე ასაკის ბავშვების კომპიუტერთან დაშვება არასასურველია; 7-დან 12 წლამდე ასაკის ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის ოპტიმალური ხანგრძლივობაა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის – დღეში არა უმეტეს 2-2,5 საათისა.

კომპიუტერული თვალის სინდრომის მკურნალობა პირველ რიგში მის პროფილაქტიკაში მდგომარეობს, რაც შემდეგი მარტივი წესების დაცვით მიიღწევა:

  • მონიტორის სწორად შერჩევა ( დიაგონალი – 17 ინჩი; გარჩევადობა – 1280X1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე – 100 ჰც).

  • დარწმუნდით რომ ოთახის განათება თქვენი თვალებისთვის კომფორტულია და კომპიუტერის მონიტორზე არ წარმოიქმნება ბლიკები.

  • მონიტორი ისე მდებარეობს, რომ მუშაობის დროს თქვენი თავი ბუნებრივ და მოხერხებულ პოზაშია.

  • გააკეთეთ შესვენებები. როდესაც საქმე თქვენს თვალებს ეხება, ძალზედ მნიშვნელოვანია რამდენიმე წუთი კომპიუტერიდან მოშორებით გაატაროთ.

  • დარწმუნდით, რომ მოხერხებულად ზიხართ.

თუ უკვე გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომპლექსი, ექიმი-ოფთალმოლოგი კომპიუტერული თვალის სინდრომის ადექვატურ მკურნალობას შეგირჩევთ:

  • ოპტიმალური ოპტიკური კორექცია — სათვალის ან კონტაქტური ლინზების შერჩევა.

  • ფარმაკოთერაპია — ინიშნება ვიტამინები თვალებისთვის, ასევე სპეციალური რქოვანას დამატენიანებელი და თვალების სიმშრალისა და დაღლილობის მომხსნელი წვეთები.

  • ფიზიოთერაპია: ლაზერული თერაპია, ელექტროთერაპია, მაგნიტოთერაპია.

  • დღეისათვის კომპიუტერული თვალის სინდრომის მასობრივი გავრცელების გამო გარკვეული გამოყენება ჰპოვეს “Anti-Strain“-ის ჯგუფის პროგრამებმა, რომელთა ძირითადი მიზანია მხედველობის სიმახვილისა და კონტრასტული მხედველობის გაუმჯობესება და ამის ხარჯზე ბადურა გარსის მაქსიმალური ადაპტირება მონიტორთან. დღეისათვის ცნობილი პროგრამებიდან ყველაზე ეფექტურნი არიან: “RDS”, “FRS”, “Fractal Mac” “Safe eyes”, “T-antistrain”, “Relax”.

თვალის დაავადებები