როგორ შევარჩიოთ ძიძა

როგორ შევარჩიოთ ძიძა

ძიძა – ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას, ბავშვს ვანდობთ. როგორი უნდა იყოს ის?
გაწონასწორებული, მოწესრიგებული,  მზრუნველი,  განათლებული. უნდა ეხერხებოდეს საჭმლის მომზადება, უყვარდეს ბავშვი და იყოს სანდო! ეს მხოლოდ ნაწილია იმ თვისებებისა, რასაც ჩვენი შვილის გამზრდელისგან  მოველით. 


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

არის შემთხვევები, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებით, რომ თქვენი ძიძა ის არ არის, ვისაც ეძებდით. იწვევთ  მეორეს, არც ამ შემთხვევაში გიმართლებთ. შედეგად, იდეალური ძიძის ძიებაში გადის დრო. თქვენ კარგავთ მოთმინებას, ხოლო თქვენი პატარა სიმშვიდის და დაცულობის გრძნობას, რაც ასე მნიშვნელოვანია მისი სწორი განვითარებისთვის.
იდეალური ძიძის პოვნა მართლაც რთულია, თუმცა შესაძლებელი. მთავარია  მკაფიოდ განსაზღვროთ ის ორიენტირი, რომლის მიხედვითაც მისი აყვანა გსურთ.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ ძიძის შერჩევაში:

რჩევა 1.

მიმართეთ მეგობრებს, ნათესავებს და ახლობლებს. თუ მათ საკუთარ ბავშვებზე გამოცდილი ძიძა გირჩიეს,  მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ დაიბაროთ გასაუბრებაზე.  თქვენ უკვე რეკომენდებულ და გამოცდილ ადამიანს ხვდებით.

რჩევა 2.

შეამოწმეთ საბუთები. მომავალმა ძიძამ  უნდა წარმოგიდგინოთ უტყუარი ცნობა მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ; პასპორტი; რეკომენდაციები ყოფილი სამუშაო ადგილიდან. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ, ნუ მოგერიდებათ და კარგად გადაამოწმეთ. აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახს, სადაც ის მუშაობდა და გამოკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ.

რჩევა 3.

დააზუსტეთ, რა განათლება აქვს ძიძას. თუ თქვენი პატარა ჯერ სამი წლისაც  არ არის, მაშინ თქვენ არ დაგჭირდებათ პედაგოგის მოძებნა. ამ შემთხვევაში თქვენთვის ელემენტარული სამედიცინო განათლებაც საკმარისია (თუმცა არა აუცილებელი). შეეკითხეთ, როგორ აპირებს პატარასთან ურთიერთობას ან რა ხერხს მიმართავს, თუ ბავშვი ავად გახდა. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ გნებავთ ძიძა – გუვერნანტი, რომელიც ამავე დროს ბავშვის შემეცნებას განავითარებს და გარკვეულ განათლებას მისცემს მას, მაშინ  გამოცდილებასთან ერთად გაითვალისწინეთ მისი ინტელექტი და განათლების ხარისხი. თუ სათანადო ცოდნას და ამავდროულად ენებსაც ფლობს, მას თავისუფლად შეუძლია შეგიცვალოთ ნებისმიერი რეპეტიტორი.

რჩევა 4.

მიაქციეთ ყურაღება მეტყველებას – ხომ არ ჭარბობს მის ლექსიკაში აგრესიის გამომხატველი სიტყვები ან რაიმე სპეციფიკური დიქციით ხომ არ საუბრობს?! გახსოვდეთ, რომ ბავშვი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს. გაცილებით მარტივია თავის დაზღვევა, ვიდრე შემდეგ დაშვებული ხარვეზების დიდი ძალისხმევით გამოსწორება.

რჩევა 5.

მოუსმინეთ ბავშვის აზრს. შეხვდით ძიძას ბავშვთან ერთად, დატოვეთ ცოტახანს მარტო, დააკვირდით ბავშვის რეაქციას. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა გარკვეული დრო, რომ პატარა სრულიად უცხო ადამიანს შეეჩვიოს. მაგრამ თუ ბავშვი კატეგორიული წინააღმდეგია დარჩეს უცხო „დეიდასთან“, ნუ შეხედავთ ამას როგორც  ახირებას, იქნებ ეს სულაც არ არის უბრალო კაპრიზი.

რჩევა 6.

შეეცადეთ გაარკვიოთ, ზოგადად, რა დამოკიდებულება აქვს პოტენციურ ძიძას ბავშებისადმი.  ძიძად მუშაობა მისთვის მხოლოდ უკიდურესი გაჭირვებიდან თავის დაღწევის საშუალება არ უნდა იყოს. გასაუბრებისას  შეგიძლიათ დამლაგებლის პოზიციაც შესთავაზოთ, შესაძლებელია ოდნავ  მეტი ანაზღაურებით. თუ ის  თქვენს ახალ შეთავაზებას მიიღებს, მაშინ თავი შეიკავეთ მისი აყვანისგან.

რჩევა 7.

თუ ძიძა მწეველია, წაუყენეთ პირობა, რომ ის სახლში და ბავშვის წინაშე ამას არ გააკეთებს.

რჩევა 8.

მოულოდნელად ეწვიეთ სახლში და ნახეთ რამდენად სუფთა და მოწესრიგებულია მისი პირადი საცხოვრებელი სივრცე.

რჩევა 9.

ენდეთ საკუთარ  ინტუიციას.

როდესაც ძიძას შეარჩევთ, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ფარული კამერა (ამის შესახებ ძიძას აცნობეთ, თუმცა, არ არის აუცილებელი მიუთითოთ კამერის ზუსტი ადგილმდებარეობა). ასევე, სთხოვეთ მეზობელს ან ახლობელს, ჩუმად დააკვირდეს მის საქციელს, როდესაც ის ბავშვს ასეირნებს. კარგი იქნება, მოულოდნელად დაბრუნდეთ შინ, რომ ნახოთ, რით არის ძიძა დაკავებული თქვენი არყოფნისას.
თუ ბავშვი ჩვილია და ვერ ლაპარაკობს, დააკვირდით, როგორ ეგებება ის  ოჯახის ახალ წევრს და როგორ ხასიათზე გხვდებათ შინ. ხომ არ არის გაღიზიანებული, ხომ არ იცვალა ზნე ან ხასიათი.

და ბოლოს...

როდესაც ძიძას შეარჩვეთ, იზრუნეთ მის მოტივაციაზე!
გახსოვდეთ, იმისათვის რომ თქვენმა პატარამ უთქვენობა არ იგრძნოს და შინ ბედნიერი, გახარებული და კმაყოფილი დაგხვდეთ, თქვენი ძიძაც ბედნიერი უნდა იყოს. შეეცადეთ, რომ მის თქვენდამი დამოკიდებულებას მხოლოდ მატერიალური მხარე არ განსაზღვრავდეს! ხშირად შეაქეთ და დააფასეთ.

რაც უფრო კმაყოფილია ძიძა, მით უფრო ბედნიერია თქვენი შვილი!

აღებულია: http://www.positium.ge/index.php/ka/2014-01-15-08-07-39/item/7-2014-01-15-08-39-08

გადასვლა>>> ,,ბავშვი”